Accessibility links

სამართლიანობის აღდგენა სამართლიანი დასაქმებიდან იწყება


ავტორი: ვახტანგ ძამუკაშვილი

დღეს საზოგადოებაში ფართოდ არის გავრცელებული სამართლიანობის აღდგენის იდეა. თუმცა ამ იდეის რეალიზება, ბევრის აზრით მხოლოდ და მხოლოდ ყოფილი პოლიტიკოსების თუ თანამდებობაზე მყოფ ადამიანების დაჭერას და გასამართლებას ნიშნავს. ჩემი აზრით კი სამართლიანობის აღდგენის იდეა ბევრად უფრო ღრმა და საფუძვლიან ანალიზს იმსახურებს. და თუ ცოტათი უფრო მეტს ვიფიქრებთ, ადვილად მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ადამიანების თუნდაც დამნაშავეების გასამართლება არ არის საკმარისი სამართლიანობის აღსადგენად. ჩვენ ვხედავთ, რომ მთავრობები იცვლება და ყოველი მომდევნო ხელისუფლება იჭერს თავის წინამორბედებს, სამართლიანობა კი მაინც აღსადგენი რჩება ყოველი ახალი ხელისუფლებისთვის. ალბათ ამ პარადოქს ბევრი ახსნა შეიძლება მოეძებნოს, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ წარმატებაში თუ წარუმატებლობაში ყოველთვის მხოლოდ რამოდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს. ამ ფაქტორებიდან მე მხოლოდ ერთზე გავამახვილებდი დღეს ყურადღებას, რადგანაც მიმაჩნია, რომ სწორედ ეს ფაქტორი თამაშობს უდიდეს როლს არა მხოლოდ სამართლიანობის აღდგენაში, არამედ ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს ფორმირებაში. ჩემი ღრმა რწმენით სამართლიანობა ვერასდროს დაისადგურებს ჩვენს საზოგადოებაში თუ ჩვენ ვერ გადავწყვეტთ სამართლიანი დასაქმების პრობლემას.
შესავლის წაკითხვის შემდეგ ბევრ მკითხველს შესაძლებელია გაუჩნდეს ირონიული დამოკიდებულება ამ ორი პრობლემის ერთმანეთთან დაკავშირების თაობაზე. სწორედ მათ დავუსვამდი ასეთ კითხვას; შესაძლებელია თუ არა, რომ, ატკიებული კბილის სამკურნალოდ თქვენ მიენდოთ ადამიანს, რომელსაც არასდროს სჭერია სტომატოლოგიური ინსტრუმენტი ხელში? .....ალბათ პასუხი უარყოფითი იქნება, ყოველ შემთხვევაში მე დიდი იმედი მაქვს, რომ უმეტესობის პასუხი უარყოფითი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ საზოგადოებას ბევრად რთულად აქვს მაშინ საქმე. მაშ შემდეგი კითხვა ასეთი იქნებოდა; თუკი ჩვენ ვიცით რომ ადამიანი, რომელსაც არ აქვს სტომატოლოგის კვალიფიკაცია ვერ უმკურნალებს კბილატკიებულ პაციენტს, რატომ გვგონია, რომ არაფროფესიონალი მინისტრი, პროკურორი ანდა ნებისმიერი მენეჯერი თუ სპეციალისტი შეძლებს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას? და საქმეც სწორედ ამაშია, რომ არავის გვგონია. მაგრამ ჩვენი ლოგიკა ამ შემთხვევაში სხვაა: რადგანაც ამ არაპროფესიონალს ხელში კბილის ბურღი ან ლანცეტი არ უჭირავს მას არ შეუძლია უშუალოდ დააზიანოს ადამიანი. ზუსტად აქ ცდება ჩვენი საზოგადოება. ამ ადამიანებს ბევრად უფრო დიდი და დამანგრეველი ზიანის მოტანა შეუძლიათ საზოგადოებისთვის. წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ, ბედი წყალობს ეგრეთ წოდებულ პოლიტიკური პლაკატების გამკრავებს. ისინი ეგრევე ინიშნებიან უმაღლეს თანამდებობებზე განურჩევლად თავიანთი კვალიფიკაციის. უფრო მეტიც, ეს ბოლოებიც თავის ნაცნობებს და მინდობილ პირებს ნიშნავენ თანამდებობებზე, ისინი თავიანთ ნაცნობებს, ისინი თავიანთს და საბოლოო ჯამში ჩვენ ვღებულობთ უზარმაზარ მანკიერ ბიუროკრატიულ მანქანას, რომელშიც თავიდანვე არანაირი სამართლიანობის პრინციპი არ მუშაობს. ამის შემდეგ ჩვენ გვიკვირს თუ რატომ ვერ იმუშავა პროკურატურამ, რატომ ჩავარდა ქვეყნის ბიუჯეტი და კიდევ ბევრი რატომ. თუმცა პასუხი ამ რატომზე ძალიან მარტივია; იმიტომ რომ მაგალითად მთავარ პროკუროს არასდროს ჰქონია პროკურორის გამოცდილება, იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით არის დანიშნული. და ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ, არაფროფესიონალს ეშინია დანიშნოს თანამდებობაზე პროფესიონალი. მას ურჩევნია იხელმძღვანელოს პრინციპით „მე მას ვენდობი“, თუნდაც იყოს არაფროფესიონალი. და ეს უზარმაზარი არასამართლიანად აწყობილი პირამიდა ადრე თუ გვიან იწყებს ნგრევას, რადგანაც მის საფუძველში არასათანადოდ გამომწვარი აგურები ალაგია. მაგრამ ეს კიდევ ნაკლები ტრაგედიაა. ყველაზე დიდი ზიანი კი იმაშია, რომ არასწორად დანიშნული ადამიანები არა მხოლოდ იმათ პოტენციალს კარგავენ, ვისაც რეალურად ეკუთვნის ესა თუ ის თანამდებობა, არამედ თავიანთსაც. ნუ გვავიწყდება, რომ, ამ ადამიანებსაც გააჩნიათ ნიჭი და ტალანტი, რომლის რეალიზაციასაც ვერ ახერხებენ, რადგანაც თავის ადგილზე არ იმყოფებიან. თუ სახელმწიფოს ზომას ორ ადამიანამდე დავიყვანთ, მივიღებთ სურათს, როდესაც გვაყავს მაგალითად ერთი მებაღე და ერთი დურგალი. დურგალი კრეჭს ბუჩქებს, ხოლო მებაღე ამზადებს ავეჯს. ეხლა ისევ უკან დავაბრუნოთ და გავზარდოთ ჩვენი სახელმწიფო და მივიღებთ არითმეტიკულ ჭეშმარიტებას; გაჩნდა ორი მილიონი დურგალი და ამდენივე მებაღე, თუმცა ისევე როგორც ორ კაციან სახელმწიფოში არც ერთი არ ემსახურება თავის საქმეს. ამ ვითარებაში საზოგადოებაში ისადგურებს შუღლი და გაუტანლობა, რადგანაც ასეთი საზოგადოება არაეფექტური და ღარიბია. სიღარიბეს კი მოაქვს უსამართლობის შეგრძნება, რადგანც ნაპრალი ძალიან დიდია იმ გაღატაკებულ ფენასა და ელიტარულ, გამდიდრებულ კლანებს შორის. მერე კი ყველაფერი თავიდან იწყება; ბრძოლა სამართლიანობისთვის.....
დღეს ჩვენი ქვეყნის ერთერთი ყველაზე დიდი პრობლემა დასაქმებაა. მაგრამ ამაზე კიდევ უფრო დიდი პრობლემაა არასამართლიანი დასაქმება. სწორედ ეს ბოლო გახლავთ ის მონსტრი, რომელიც კვებავს ყველა უბედურებას და რაც უფრო მეტ უბედურებას შობს მით უფრო ბევრი უსამართლობა ხდება. სამართლიანობის აღდგენა კი ზმანებად იქცევა და მიუწვდომელ ჰორიზონტს ემსგავსება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG