Accessibility links

როგორ გავხდი მარქსისტი


ავტორი: ვალერი ბუკია

დღეს სამსახურიდან გამომაგდეს, ზუსტად 10 საათზე მითხრეს ეს, მანამდე სამსახურში მივედი, ყავა დავლიე და სამსახურიდან ჩემსავით შარშან გაგდებული თანამშრომლის საცხობში გამომცხვარი ფუნთუშა მივაყოლე, გერმანული ბანკის საკრედიტო ოფიცერი ვიყავი, ყოველ დილით გაპარსული და პასტელური ფერის პერანგითა და მუქი ფერის ჰალსტუხით დავდიოდი სამსახურში. მორჩა, დღეიდან კი უმუშევარი ვარ.

ჩვენი კომპანიის დამაარსებელი ჰერ ც-ი დიდი სიაფანტი ვინმე იყო, ბავშვობიდან მძულდა ეგეთი ხალხი, სკოლა-პანსიონში გვყავდა ეგეთი დირექტორი, კაბინეტში პირველი პრეზიდენტის სურათი და ღვთისმშობლის ხატი ეკიდა, თვითონ კი დიდი გაიძვერა ვინმე ბრძანდებოდა. ყოველი სასწავლო წლის დაწყებისას გამოიპრანჭებოდა ფრაკში და ვითომ უცოდველი სახით გვიკითხავდა მორალს, რომ კარგად გვესწავლა, გვყვარებოდა სამშობლო და მუდამ გვქონოდა რწმენა უფლისა, დარწმუნებული ვარ პირველი შესაძლებლობისთანავე გაყიდდა სამშობლოს, საკუთარ ოჯახს და მაცხოვარსაც ნახევარ ფასში თხუთმეტ ვერცხლად.

ასეთი იყო ჰერ ც-იც, ნერვებს მიშლიდა მისი ვითომ სოციალურ პასუხისმგებლობაზე აგებული ფილოსოფია, ყოველი კომპანიის დაარსების დღეზე მის ბიოგრაფიაზე გადაღებულ ფილმს გვაჩვენებდნენ დაღლილ-დაქანცულ თანამშრომლებს, მაგარი სასაცილო სანახავი კი იყო ეს ფილმი, მიუნხენის ქუჩებში როგორ დადიოდა თავისი სიტროენით ეს მოხუცი ვაჟბატონი და მერე სახლში მისული გარაჟის კედელზე გაკრული პირში სიგარა გაჩრილი კომენდანტე გე ვარას პორტრეტის ფონზე დინჯი გამომეტყველებით იძლეოდა ინტერვიუს ეს ულვაშა გერმანელი, აი აქ იწყებოდა მთავარი მასკარადი, სადღაც მოეკრა ყური მარქსისტული ფილოსოფიისთვის და ვითომ აღფრთოვანებული იყო თანასწორობის იდეითა და სოციალისტური ფილოსოფიით. დარწმუნებული ვარ არც მარქსის კაპიტალი ჰქონდა წაკითხული და არც სოციალიზმის იდეები აწუხებდა დიდად, უბრალოდ მოდას აყოლილი გაიძვერა, ძუნწი, სნობი მევახშე იყო და თან უნდოდა განსხვავებულად გამოჩენილიყო, აბა სხვა რა უნდა მეფიქრა, მიუნხენის ქუჩებში ფრანგული მანქანით დასეირნობდა, ესეც ხომ მისი განსაკუთრებულობისა და განსხვავებულობის ხაზგასმა იყო. განვითარებად ქვეყნებში მიკროსაფინანსოებს ხსნიდა ვითომ ბიზნესისა და ფერმერების დახმარების მიზნით, თუმცა რაც შეიძლება მაღალ პროცენტში ტენიდა კრედიტებს საწყალ ხალხს. აქ იშოვა დიდძალი ფული, ჩემს სამშობლოშიც გახსნა ფილიალი. წელს შემცირება დაიწყო კადრების, თუმცა სამსახურიდან რომ უშვებდნენ ხალხს უხსნიდნენ, შემცირების გამო კი არ უშვებდნენ, არამედ კორპორატიულ ღირებულებებთან შეუსაბამობის გამო და ათასგვარ მსგავს სისულელეს.

მე სამსახურიდან გამომაგდეს, სოციალური პასუხისმგებლობის იდეებით გაჟღენთილმა ხალხმა, განყოფილების უფროსმა და მისმა მოადგილემ დიდის ამბით და ვითომ შეწუხებული სახით მამცნეს ეს. მთავარი მიზეზი - შედეგების არ არსებობა იყო, ან რა შედეგი უნდა მქონოდა, არჩევნები ახალი დამთავრებული იყო, ქვეყანაში ლამის სამოქალაქო ომი გაჩაღდა, თუმცა ხელისუფლებაში ისევ კაპიტალისტები მოვიდნენ, გაიძვერების სხვა გაიძვერებით ჩანაცვლება მოხდა. ამ დროს ვისღა ეცალა კრედიტებისთვის. ჩემი რეგვენი უფროსი კი შედეგებს მიწუნებდა.

კომპენსაციაზეც ჩამოაგდეს საუბარი, აი აქ ესეც გათვლილი იყო ნერვებს არ ემტყუნა და იქვე მდგარი ფაიფურისგან დამზადებული ნაკეთობები თავზე არ დამეფშვნა. თან ერთი თვის კომპენსაციაზე იყო საუბარი, აი აქ ყურები ვცქვიტე და ძალა მოვიკრიბე და მშვიდი სახითა და ნეტარი ხმით ვთხოვე მეორე თვის კომპენსაციაც მოეცათ, ამაზე დავფიქრდებითო მიპასუხეს, მე კი დანანებით შევხედე ფაიფურის ნაკეთობებს.

კარლ მარქსს დავუბრუნდეთ, მეორე კურსზე ვიყავი ეკონომკურ მოძღვრებათა ისტორიის ლექტორმა კაპიტალის წაკითხვა დაგვავალა. მეზობელმა მაჩუქა გადასაყრელად გამზადებული ოთხივე ტომი. ლექტორმა ისიც აგვიხსნა გულთან ახლოს არ მიგვეტანა მისი იდეები, ჩათრევა იცისო გაგვაფრთხილა.

მეც ჩავუჯექი, მაგარი რაღაცეები ეწერა ზედმეტ ღირებულებაზე, აი ეს იყო ის რასაც მუშათა კლასს ახევდნენ და ურცხვად იჯიბავდნენ პარაზიტი კაპიტალისტები, თუმცა მაშინ ეს ცოტა სასაცილოდაც მომეჩვენა, აბა რა ქნან ამ ბიზნესმენებმა მეც ვფიქრობდი, იდეა გაუჩნდათ, რისკი გაწიეს და სამართლიანადაც იღებდნენ ამის გასამრჯელოს, თუმცა ეს მაშინ იყო როცა არ მემუშავა არსად, არ მეგრძნო კაპიტალისტებისგან წაქეზებული და მათ წინ მუცელზე მხოხავი, მლიქვნელი უფროსობისგან დაცინვა და დამცირება.

აი სწორედ ახლა იფეთქა თავში ამ იდეამ, შემეკრიბა თანამოაზრეები მარქსისტული იდეოლოგიის გარშემო, ჩემსავით ბევრი იყო, ბევრი გამოწურეს ლიმონივით და მიაგდეს, ბევრს უშლიდნენ ნერვებს სამსახურში, ბევრ უმუშევრად დარჩენილს და ოჯახის გამოკვებაზე ზრუნვით შეწუხებულებს აღიზიანებდა „რაინდი“ოლიგარქების მიერ თავს მოხვეული იდეები, კონსტიტუციურ თუ თეოკრატიულ მონარქიის აღდგენაზე წამოროშილი ათასგვარი აბდაუბდა, მათ მიერ ჯიპებით დასაჩუქრებული მღდვლები, ეპისკოპოსები თუ მეუფეები, მათ, ვითომ-წარმატებულ კარიერაზე გადაღებული ტელეგადაცემები, სადაც ნაჩვენები იყო, რომ ნოლიდან დაიწყეს ყველაფერი, თუმცა ბევრმა მათგანმა ძალით აახია სხვებს ქონება.

მორჩა ხვალვე ვიკრიბებით, მიტოვებულ სასაფლაოზე, სამნი ვიქნებით ჯერ, მე, ჩემი გოგო და ძმაკაცი, სამივე გამოგვაგდეს, ყველაფერი გათვლილია.

სოციალისტური იდეების აღმავლობის ჟამი იწყება. ძველი პროლეტარიატის ბელადების დრო ისტორიას ჩაბარდა, ვითომ მარქსისტებსაც ვერ ვიტან, ქვეყნის სათავეებთან როგორც კი მოექცნენ კაპიტალისტებივით ყვლეფდნენ ხალხს. მე მინდა სუფთა სულის და ანთებული გულის აქტივისტები, თანასწორობაზე დაფუძნებულ საზოგადოებაზე მეოცნებე ახალგაზრდები.

ჩვენი მოძრაობის ჰიმნი, ჯონ ლენონის „Working Class Hero“ იქნება. მთავარია როკ მუსიკის და მარქსიზმის თანაარსებობა, სულელი საბჭოთა კომუნისტები კი პირიქით როკ კულტურას ებრძოდნენ, ამიტომ ვერ იპოვეს დასაყრდენი 80-იანი წლების ახალგაზრდობაში და თავზე დაენგრათ ქვეყანა.

შეცდომების განმეორება არ იქნება.

მთავარი იარაღი ამბოხებისას ინტერნეტია. იქ მოლოტოვის კოქტეილების რეცეპტებსაც იპოვი და სოციალური ქსელებით ხალხსაც დარაზმავ.

გადაწყდა და ვიწყებთ მარქსისტები აქტიურობას.

მინდა ისმოდეს ყველგან ბორკილების მსხვრევის ხმა! რევოლუცია მოდის, სოციალური ქსელებით მოდის!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG