Accessibility links

logo-print

შებერტყილი არქეტიპი


ავტორი: ვალერიან ხაბურძანია

ახალს არც მე ვიტყვი არაფერს; თანამედროვე ქართულ მწერლობას ბევრი საინტერესო წარმომადგენელი ყავს და ერთ-ერთი მათგანია ნიჭიერი ავტორი ლაშა ბუღაძე. სიტყვა „ნიჭიერი“ არ მემეტებოდა ამ თანამედროვე ინტელექტუალისთვის და თავად ბატონი ლაშა დამეხმარა. „შებერტყილი არქეტიპი“ - ეს სწორად ის ტერმინია, რომელიც მის მიმართ სწორი კონგრუენტულობით გამოიყენება, რადგან იგი აუცილებლად ჩაიკარგებოდა და დაიკარგებოდა მასავით ნიჭიერი, მაგრამ „უფხო“, „უშნო“, „უხერხემლო“ და რაც მთავარია „უპატრონო“, „ხელის წამკვრელი რომ არ ყავდათ, ისეთი“ ქართველი მწერლების კოჰორტაში, რომ არა ეს „შესანიშნავი“ (ლ.ბ.) ეროვნულ-ფსიქოლოგიური ქცევის მოდელი. რომ არა მისი „შებერტყილი არქეტიპობა“. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბუნება შვილზე ნამდვილად არ ისვენებს. მეტიც, მან თავის „ხელის წამკვრელსაც“ კი აჯობა ნიჭით. მე გულწრფელად მომწონს მისი ზოგიერთი რომანი, განსაკუთრებით „ლიტერატურული ექსპრესი“, თუმცა „პირველი რუსი“ რელიგიური ვანდალიზმის და ეთნიკური ჰომოფობიის გამოვლინება მგონია. მოკლედ, აქ ლაშა ბუღაძის შემოქმედების განხილვისთვის არ მოგაცდენთ და პირდაპირ გადავალ მის მიერ შემუშავებულ ახალგაზრდა ევროინტეგრატორის სამახსოვროზე (ბოლშევიკური ანალოგით «Памятка молодого бойца» )
ახლა კი ვნახოთ, როგორ უნდა ამოვიცნოთ ჩეკისტი და ეს ყველაფერი ჩემ თავს მინდა მივუსადაგო, ამ თემისთვის ისედაც მოწყვლადად ვითვლები, ზოგიერთსაც კი, ასეთად უკვე მივაჩნივარ;
ლ.ბ. ვინც ამბობს (მნიშვნელობა არა აქვს, შეფარულად თუ ღიად), რომ ევროპა და საქართველოს ევროპული არჩევანი ერთსქესიანი ქორწინებების, პედოფილიის, ინცესტისა და მსგავსი ამბების დაკანონების ტოლფასია, იმას, ვიცოდეთ, არც მრავალგვაროვანი ევროპის გაეგება რამე და, უკაცრავად, არც ის აღელვებს (უფრო სწორად, კი აღელვებს რაღაც, მაგრამ სულ სხვა რამ), იქნება თუ არა საქართველო მართლაც დემოკრატიული, სამართლიანი და თუნდაც ყოფით-ეკონომიკურ დონეზე გაბწყინებული (აბა, სხვა რაა გაბრწყინება, თუ არა მშვიდობიან და წარმატებულ სახელმწიფოდ ქცევა). შესაბამისად, ასეთები “ქართულ საქმეს” კი არა, ნებსით თუ უნებლიედ, კრემლში მსხდომი ჩეკისტებისა და მათი დახვეწელი თუ დაუხვეწავი ადეპტების საქმეს აგრძელებენ.
მე ღიად ვამბობ, რომ საქართველოს ევრომისწრაფებანი მსოფლიო რუკის ზედაპირული ცოდნით განპირობებული მოდური ახირებაა. შინაარსობრივად იგი ამერიკანიზაციის უვიცი მცდელობაა და მეტი არაფერი. ამდენად მე არ ვფიქრობ, რომ ევროპა და საქართველოს ევროპული „არჩევანი“ ერთსქესიანი ქორწინების, პედოფილიის, ინცესტისა და მსგავსი ამბების დაკანონების ტოლფასია. დიახ, არაა ევროპა მხოლოდ ეს, მაგრამ ვაი, რომ ესეცაა და ჩვენი უბედურებაც სწორედ ისაა, რომ მრავალგვაროვნებით, დემოკრატიულობითა და სამართლიანობით კი არ „გვაწვება“ ევროპა, არამედ სწორედ ამ მანკიერ (ჩემი გაგებით) ღირებულებათა კულტივირებითაა დაკავებული და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ამ ქართული (და, მადლობა ღმერთს არამარტო) საზოგადოებისათვის მიუღებელ კატეგორიათა ევროინტეგრაციის ერთგვარ წინაპირობადაც წამოწევით, თვითონ ქმნიან ხელოვნურ ბარიერს და საქართველოს მოსახლეობას ჩეკისტების იდეოლოგიურ ლუკმად აქცევენ (ეს უკვე ლაშა ბუღაძეა). საიდან ასეთი დანასკვი? 9 წლის განმავლობაში არცერთი ევროპული და ზოგადად დასავლური სტრუქტურიდან არ ყოფილა ერთი, თუნდაც მინიშნებითი განცხადება სააკაშვილის რეჟიმის არადემოკრატიულობასა და უსამართლობაზე, პირიქით დემოკრატიის შუქურად მონათლეს, სამართლიანობაზე ალბათ ვერც ბ-ნ ლაშას მოუბრუნდება ენა და რაც შეეხება კორუფციას, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ე.წ. ვარდების აბდიკაციის (და არა რევოლუციის) შემდგომ დღეეებში, ერთობ სოლიდური (მაშინდელი გაგებით) დელეგაციის შემადგენლობაში (ლევან რამიშვილი, ირაკლი კაკაბაძე, დათო ტურაშვილი) მყოფი ჩემგან ითხოვდა სულხან მოლაშვილის დაპატიმრებას და ჩემი პასუხი - მე არც კომპეტენციის და არც სამართალდაცვის თვალსაზრისით ამის მტკიცებულებები არ გამაჩნია მეთქი, იქედნური ღიმილით მიიღეს. არა მგონია ბატონი ლაშა პროკურატურაში ან თუნდაც შსს-ში დადიოდეს და კეზერაშვილის, უგულავას, გივი თარგამაძის დაჭერას ითხოვდეს.
ლ.ბ მაშასადამე, თუკი ჩეკისტი (ან ვინმე, ვინც მისი გავლენის ქვეშაა) ამბობს: “არა ევროპას”, ეს ნიშნავს: “არა საქართველოს”.
მე ნამდვილად არ ვარ ევროპის უაპელაციო მოწინააღმდეგე, მაგრამ ვაი რომ ევროპა ამბობს „არა საქართველოს“. მაშინ ამიხსენით, რა ლოგიკით იყო კორუმპირებული, პრორუსული არადემოკრატიული უკრაინა, კორუფციისგან თავისუფალ, დასავლურ და დემოკრატიის შუქურა საქართველოზე წინ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით? მათ ხელმოწერა, ჩვენ პარაფირება, რატომ? ... ნუ მოკლედ ევროპა გვეუბნება, არა საქართველოს, ლაშა ბუღაძის ლოგიკით მთელი ევროპა ჩეკისტურია, მაშასადამე.
ლ.ბ. თუკი ვინმე ან რაიმე ჯგუფი მგზნებარედ გაჰბღავის სულიერებაზე და წარმართის აღტკინებით, პარანოიდალური სიმტკიცით იმეორებს ერთსა და იმავეს, თუ როგორ ებრძვიან მართლმადიდებლობასა და მართლმადიდებელ პატრიარქს, იცოდეთ, ამ შიშების უკანაც ჩეკისტი და მის მიერ დამფრთხალი, პროპაგანდის მავთულხლართებში მოქცეული დაბნეული ადამიანია, რომელსაც თითქოსდა დაავიწყდა (ან უფრო - დაავიწყეს), რომ “თუკი ღმერთი მართლაც შენკენაა, არც აღარავინ რჩება შენს წინააღმდეგ!” ჰოდა, თუ ასეა, რაღა გაშინებს?
ვერაფერს იტყვი ვოლტერისეული ლოგიკაა; თუ ღმერთს არ შეუძლია შექმნას ქვა, რომელსაც ვერ აწევს, ის არაა ყოვლისშემძლე, თუ შეუძლია ასეთი ქვის შექმნა, მაშინ მითუმეტეს არაა ყოვლისშემძლე და არც არსებობს, ეს ლოგიკა იკითხება სიტყვებში: თუკი ღმერთი შენკენაა, ...რაღა გაშინებს. დასკვნა გამომდინარე ლ.ბ.-სგან: ღმერთი არ არსებობს, თქვენ კი წარმართები და პარანოიკები ხართ. მართლმადიდებელ საზოგადოებას არაფერი აშინებს, შიში ათეისტებში მოიკითხეთ, ამ საზოგადოებას ღვთიურ გზას აცდენილი, ფსევდოლიბერალიზმის მიერ „მოპარული“ ადამიანების და მათი სულების მწუხრი აქვს და აღშფოთებას გამოხატავს, რისი საერო ლეგიტიმური უფლებაც აქვს, თუმცა სახარებასაც შეგახსენებთ, იესომაც ტაძრიდან გამოყარა ყველა ვინც ყიდდა და ყიდულობდა, ააყირავა მეკერმეთა დახლები და მტრედებით მოვაჭრეთა მერხები, იმისთვის, რომ ყველა ხალხის სალოცავი სახლი ყაჩაღთა ბუნაგად აქციეს. აქაც ჩეკისტს ხედავთ ბ-ნო ლ.ბ.?
მთლად ლაშა ბუღაძის განხილვა რომ არ გამომივიდეს ჩემგანაც გეტყვით: ის ხალხი, ვინც ისტერიულად გაყვირის აგენტებზე და მტრებზე მე პირადად „შებერტყილი არქეტიპები“ მგონია. მე უშიშროების მინისტრად დანიშვნამდე ვაცხადებდი და ბოლომდე ამ აზრის მომხრე და თანამდგომი ვარ, რომ ხალხს აქვს აჯანყების უფლება, მე ვფიქრობ, რომ საქართველო უნდა აღდგეს 1991 წლის ტერიტორიულ ფარგლებში და ამ თვალსაზრისით პანკისში მცირედი, მაგრამ მიწვალია, მე ვთვლი, რომ რუსეთმა ცუდად(თუნდაც დანაშაულებრივად) გამოიყენა კოსოვოს პრეცენდენტი და მხარი დაუჭირა აფხაზურ და ოსურ სეპარატიზმს, მიმაჩნია რომ სააკაშვილის რეჟიმი იყო სტალინიზმის პაროდია ელიტარული კორუფციული შეფერილობით და სტალინის ძეგლებთან ბრძოლითაც (და არამარტო) დაამტკიცა ეს. სულ ბოლო მოვლენებსაც შევეხები; ვთვლიდი მიუღებლად და ხმა ავიმაღლე ნასამართლევი მთავარი პროკურორის გასათავისუფლებად და მიმაჩნია, რომ საშობაო ეპისტოლეში კარგი იქნებოდა, უფრო ვრცლად გაშლილიყო პატრიარქის მართებული პოზიცია ლიბერალებისთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხებთან დაკავშირებით, რომ მათ არ მიცემოდათ ბავშვების არაეთიკურ სეგრეგაციაზე და ათას სხვა სისულელეზე „მგზნებარე ბღავილის“ ნიადაგი და თუ ვფიქრობ (და არა უსაფუძვლოდ), რომ ევროპას და ზოგადად დასავლეთს არ და ვერ ვუნდივართ და ალტერნატიულ რეგიონალურ გაერთიანებად ევრაზიული სივრცე მიმაჩნია და ამისთვის, თქვენეულ სეგრეგაციაში უნდა მოვყვე? უფალს დიდება „ჩამოვახრჩოთ“ ჯერ კიდევ არ ისმის.
და ბოლოს ჩემი მოკრძალებული რჩევაცაა, „ნუ ჩავიკარგებით ავადმყოფურ წივილ-კივილში, შევძლოთ ახსნა და ერთმანეთის მოსმენა“.(ლ.ბ. და ვ. ხ.)
P.S. ამ წერილის მიზანია დისკუსიის გახსნა და არავითარ შემთხვევაში დაცინვა და შეურაცხყოფა, ნუ შეეცდებით ამგვარი პოზიციის მარგინალიზებას, იქნებ ჩვენც ღირსეული პარტნიორები ვართ დისკუსიაში, მოსინჯეთ ბატონებო!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG