Accessibility links

ისევ ვანო, კეისარი და მორალი


ავტორი: ზაზა გაჩეჩილაძე, ვაშინგტონი

ძველ რომში ყოველი წლის დეკემბრის დასაწყისში ქალღმერთ ბონა დეას საპატივცემულო ღამის სადღესასწაულო რიტუალი ტარდებოდა. ნაყოფიერებისა და მკურნალობის ქალღმერთის, ქალების მფარველი ღვთაების სახელი ტაბუირებული იყო და შესაბამისად, ამ საიდუმლო რიტუალში მონაწილეობის მიღების უფლება მხოლოდ ქალებს შეეძლო, იქ მამაკაცის დაშვება უპატიებელი ცოდვა გახლდათ და ეს ტრადიცია საუკუნეებით საკრალურად იყო შენარჩუნებული. ისტორიამ შემოინახა მხოლოდ ერთი ექსცესი, როდესაც ქალის სამოსში გადაცმულმა ცნობისმოყვარე რომაელმა ახალგაზრდამ მოისყიდა რა რიტუალის ერთ-ერთი მონაწილე ბონა დეას რიტუალზე შეაღწია. იულიუს კეისრის სასახლეში მიმდინარე ამ საიდუმლო სერობის შერყვნის შესახებ საზოგადოებამ შეიტყო, რასაც რომში მღელვარებაც მოჰყვა. ამის გამო იულიუს კეისარი თავის საყვარელ მეუღლეს გაშორდა. როდესაც მას ჰკითხეს თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაშინ , როცა კეისრის მეუღლეს ამ შეთქმულებაში ბრალი არ ედო, მან უპასუხა - "კეისრის ცოლი ეჭვმიუტანელი უნდა იყოს".

ოთარ ფარცხალაძის გადადგომით ღარიბაშვილის მთავრობამ პირველი სირთულის ტესტი მეტ-ნაკლები წარმატებით დაძლია და წინასაახალწლოდ სახის შენარჩუნება შეძლო. რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა იულიუს კეისრის დარი მორალური აქტი, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის საერთოდ იგნორირებას ნამდვილად ჯობდა. თუმცა ამით პროკურატურის და აწ უკვე მისი ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ კითხვები არ ამოწურულა. ხელისუფლებას უახლოეს მომავალში უფრო სერიოზულ გამოწვევაზე მოუწევს რეაგირება, რაც ივანე მერაბიშვილის მიერ დაახლოებით 3 კვირის წინ სასამართლო პროცესზე გახმოვანებულ ზეწოლის შესახებ ბრალდებას შეეხება. "გერმანულმა კომპრომატმა", ამ ძალიან მნიშვნელოვანი თემიდან საზოგადოების ყურადღების გადატანა ნამდვილად შეძლო, თუმცა ფარცხალაძის გადადგომით ამ საქმის ჩაფარცხვა, ვფიქრობ, მაინც შეუძლებელი გახდება.
ხელისუფლების ეფექტურობას ხშირ შემთხვევაში მის მიერ დაშვებული შეცდომები კი არა ამ შეცდომებზე რეაგირება უფრო განსაზღვრავს. ფარცხალაძის გადადგომასთან დაკავშირებით აღებული რამდენიმე დღიანი პაუზა და თავდაპირველი არც თუ ადექვატური კომენტარები ალბათ პოლიტიკური ოპონენტის მიმართ ჩამოყალიბებული რეფლექსით იყო განპირობებული. ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის მყისიერი რეაქცია შესაძლოა ნაციონალური მოძრაობის მიმართ უკანდახევად ჩაეთვალათ პირველ რიგში კოალიციის შიგნით არსებულ "ცხელ თავებს", ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი კი კოალიციის ლიდერიც გახლავთ და ამ პოლიტიკური "კოქტეილის" ინგრედიენტების ერთობაზე ზრუნვა მისთვის მეორეხარისხოვანი არ იქნებოდა.
"ოპონენტის რეფლექსი", ბუნებრივია, მერაბიშვილის საქმეშიც ფიგურირებს. ექს-პრემიერის და ნაცმოძრაობის მოქმედი გენერალური მდივნის ბრალდების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარებიდან იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა არა საზოგადოებასთან, არამედ ერთმანეთში და ერთმანეთისათვის კომუტირებს. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" თავად საზოგადოებრივი განწყობები აძლევს ამის საფუძველს. "აბა რა ეგონათ?!"; "ცოცხებით გამაუპატიურებლებს პროკურატურის ზეწოლაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვთ"; "ჯერ სად არიან" ... საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილში არსებული მსგავსი რევანშისტული განწყობები ნებისმიერ ხელისუფლებას სერიოზულ ცთუნებას უჩენს წაუყრუოს და "გააპრავოს" ნებისმიერი გადაცდომა. კანონდარღვევის მიმართ (რაც არ უნდა კეთილშობილური მიზნითაც არ უნდა იყოს შეფუთული ის) საზოგადოების ინფანტილიზმი, დამღუპველი ტენდენციაა, რომელიც, ტრადიციულად, სისტემურ ხასიათს იძენს და რაღაც ამის მსგავსი, ვგონებ, ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს. სწორედ საზოგადოებასთან ფარული კონსენსუსით და შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმისა თუ კრიმინალთა თარეშის აღმოფხვრის კეთილშობილი სურვილით ხდებოდა პირდაპირ ეთერში დაჭერები, საეჭვო საპროცესო შეთანხმებები, წამების ფაქტები პენიტენციალურ სისტემაში...
კონსენსუსით გათამამებულ ხელისუფლებას, ბუნებრივია, გაუჩნდება ყოვლისშემძლეობის, კანონზე მაღლა დადგომის განწყობა და ამ შემთხვევაში მისთვის მიზანი უკვე ამართლებს საშუალებას. ამ განწყობებით ხელისუფლება შემდეგ უკვე თავად საზოგადოებრივი აზრისა თუ პროტესტის იგნორირებასაც იწყებს. სიმპტომატურია, რომ საზოგადოებამ უფრო მძაფრი რეაქცია მისცა "გერმანულ კომპრომატს" ვიდრე იგივე მერაბიშვილის ბრალდებას. მორალი პოლიტიკაში მხოლოდ პოლიტქენოლოგების პიარ ინსტრუნეტი არაა და მთავარი პროკურორის გადადგომაში, ვფიქრობ, ეს ფაქტორიც ფიგურირებდა. საზოგადოებამ ქვეყნის მთავარი ბრალმდებლის კრიმინალურ ბეგრაუნდს მძაფრი რეაქცია მისცა და მთავრობაც დაჰყვა "ერის ხმას".
ფარცხალაძის "გერმანული კომპრომატისაგან" განსხვავებით, ვანო მერაბიშვილზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით, მორალურთან ერთად არის მნიშვნელოვანი სამართლებრივი შემადგენელი. თუ 13 წლის წინ ჩადენილი დანაშაული, პრინციპში, არ იწვევდა საკანონმდებლო კოლიზიას, პატიმარზე შესაძლო ზეწოლა და ზეწოლით მიღებული ჩვენება, ან პირიქით, ამგვარი ზეწოლის თაობაზე ცრუბრალდება, დასჯადი დანაშაულია. ხელისუფლებამ შეძლო და 2013 წელი ისე დაასრულა, რომ ამ ხმაურიან საქმეში სიცხადე არ შეუტანია. არადა, დრო ამ შემთხვევაში სწორედ ოპონენტის სასარგებლოდ მუშაობს და რაც უფრო მეტს დაახანებს სამთავრობო გუნდი პასუხს, მით უფრო გამყარდება განცდა, რომ "დანიის სამეფოში ყველაფერი წესრიგში არაა" და მერაბიშვილის ბრალდებას მართლაც ჰქონდა საფუძველი. არაადექვატური ქილიკი, 9 წლიანი მმართველობის ცოდვებზე აპელირება და თემის გაუბრალოება ამ სიტუაციაში ხელისუფლების ცუდი მოკავშირეა. ეს საქმე, სავარაუდოდ, ამ წლის დასაწყისის ერთ-ერთი პირველი გამოწვევა იქნება ღარიბაშვილის მთავრობისთვის და იმედია, "საახალწლო ნაბახუსევის" გადავლასთან ერთად საზოგადოება მიიღებს ცხად პასუხს. თუმცა ამ პასუხის ადექვატურობა საზოგადოების განწყობაზე დიდად იქნება დამოკიდებული, სწორედ საზოგადოებრივ აზრს შეუძლია, ის მორალური თამასა, რომელიც გენპროკურორის გადადგომით მეტ-ნაკლებად აიწია, დაბლა არ დაუშვას.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG