Accessibility links

„ფრიდომ ჰაუსის“ 2012 წლის ანგარიშით, საქართველოში ვითარება გაუმჯობესდა


ავტორიტეტიანმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, შეერთებულ შტატებში დაფუძნებულმა „ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა 2012 წლის ანგარიში, რომელიც ასახავს ვითარებას მსოფლიოს 195 ქვეყანაში და სადავო ტერიტორიაზე. ანგარიშში საუბარია საქართველოში მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე, თუმცა ქვეყანას უნარჩუნდება „ნაწილობრივ თავისუფლის“ სტატუსი.

„ფრიდომ ჰაუსი“, როგორც იცით, ყოველ წელს ამზადებს მსოფლიოში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ არსებული მდგომარეობის ამსახველ ანგარიშს. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ის სამ ჯგუფად ანაწილებს გამოკვლეულ ქვეყნებს და სადავო ტერიტორიებს - თავისუფალ, ნაწილობრივ თავისუფალ და არათავისუფალ ქვეყნებად და სადავო ტერიტორიებად.

საქართველო, როგორც ითქვა, ნაწილობრივ თავისუფლის სტატუსს ინარჩუნებს. ეს სტატუსი, ორგანიზაციის განმარტებით, ზოგადად, ნიშნავს პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდულ დაცვას, ხშირ შემთხვევაში, ერთი პარტიის დომინირებას, ქვეყანაში პლურალიზმის გარკვეული ხარისხის მიუხედავად. 2012 წელს „ნაწილობრივ თავისუფლად“ მიიჩნიეს სულ 58 ქვეყანა.
რეგიონში ნათელი წერტილებია მხოლოდ საქართველო, რომელმაც ოდნავ გაიუმჯობესა მდგომარეობა; სომხეთი, რომელმაც ასევე ცოტა გაიუმჯობესა პოზიცია, და მოლდავეთი ...

ანგარიშში საქართველოზე ნათქვამია, რომ მან ერთი პუნქტით - ოთხიდან სამამდე - გაიუმჯობესა პოლიტიკური თავისუფლების მაჩვენებელი საპარლამენტო არჩევნებით, რომლის შედეგადაც ძალაუფლება პირველად მშვიდობიანად გადაეცა ოპოზიციურ პარტიას. შესაბამისად, „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში საქართველო, ლიბიასთან ერთად, დასახელებულია ქვეყნად, რომელიც დაემატა არჩევითი დემოკრატიების რიცხვს.

„რეგიონში ნათელი წერტილებია მხოლოდ საქართველო, რომელმაც ოდნავ გაიუმჯობესა მდგომარეობა; სომხეთი, რომელმაც ასევე ცოტა გაიუმჯობესა პოზიცია, და მოლდავეთი. სხვა მხრივ, ევრაზია არის არათავისუფალი ქვეყნების უზარმაზარი ოკეანე“, ამბობს ჩვენს რადიოსთან საუბარში „ფრიდომ ჰაუსის“ ვიცე-პრეზიდენტი, კვლევითი განყოფილების უფროსი არჩ პუდინგტონი. ნაწილობრივ თავისუფლად არის მოხსენიებული აფხაზეთიც, რომელიც „სადავო ტერიტორიების“ ნუსხაში შედის.
რუსეთში პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმირ პუტინის დაბრუნებას, „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, მოჰყვა რეპრესიების გაძლიერება ...

ევრაზიის ქვეყნებისა და სადავო ტერიტორიების უმრავლესობაში, „ფრიდომ ჰაუსის“ მონაცემებით, გაცილებით უფრო მძიმე სურათია. „დავადგინეთ, რომ ევრაზიაში მაჩვენებლები - განსაკუთრებით პოლიტიკური უფლებების მხრივ - ყველაზე უარესია მთელ მსოფლიოში. იმაზე უარესი, ვიდრე ახლო აღმოსავლეთში, რაც სიახლეა“, ამბობს პუდინგტონი.

რუსეთში პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმირ პუტინის დაბრუნებას, „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, მოჰყვა რეპრესიების გაძლიერება, რაც გავლენას ახდენს მთელ რეგიონზე. უფლებადამცველი ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის შეზღუდვასა და მოსკოვის გადაწყვეტილებაზე, რუსეთიდან გააძევოს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, USAID-ი, და იქვე აკრიტიკებს შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციას იმის გამო, რომ, „ფრიდომ ჰაუსის შეფასებით“, არ მოუხდენია ადეკვატური რეაგირება მოსკოვის ამ ნაბიჯზე.

რუსეთთან ერთად, მაჩვენებლები გაუუარესდათ ტაჯიკეთსა და ყაზახეთს. სამივე ამ ქვეყანას არათავისუფლის სტატუსი უნარჩუნდება, თუმცა მათ შედარებით უკეთესი მაჩვენებლები აქვთ, ვიდრე „უარესთა შორის უარესებად“ მიჩნეულ ბელორუსიას, უზბეკეთსა და თურქმენეთს. ეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები რამდენიმე სხვა ქვეყანასთან, მათ შორის ჩრდილოეთ კორეასა და სადავო ტერიტორიად მოხსენიებულ სამხრეთ ოსეთთან ერთად შედიან პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ ყველაზე დაბალი მაჩვენებლებით შედგენილ ჯგუფში.

ბოლოს, საუკეთესოებზე: „ფრიდომ ჰაუსი“, 2012 წლის მაჩვენებლებით, „თავისუფლის“ სტატუსს ანიჭებს 90 ქვეყანას. მათ შორის არის, მაგალითად, ევროკავშირის ყველა წევრი, თუმცა ასახულია განსხვავებებიც, დავუშვათ, ბრიტანეთსა და უნგრეთს შორის. მთლიანობაში, მსოფლიოს მოსახლეობის 43% ცხოვრობს თავისუფლად მიჩნეულ ქვეყნებში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG