Accessibility links

„ფრიდომ ჰაუსი“ და მედიის თავისუფლება საქართველოში


პრესის თავისუფლების მსოფლიო რუკა "ფრიდომ ჰაუსის" 2015 წლის ანგარიშიდან

პრესის თავისუფლების მსოფლიო რუკა "ფრიდომ ჰაუსის" 2015 წლის ანგარიშიდან

მსოფლიოს 199 ქვეყანას შორის საქართველო, პრესის თავისუფლების მაჩვენებლით, 93-ე ადგილს იკავებს და 48 ქულით ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში რჩება. ასეთია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ფრიდომ ჰაუსის“, ბოლო კვლევის შედეგები, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ფრიდომ ჰაუსის“, 2015 წლის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, პრესის თავისუფლების მიმართულებით მსოფლიოში ვითარება გაუარესების ტენდენციით ხასიათდება. უფრო კონკრეტულად კი, 2014 წელს პრესის თავისუფლების გლობალური მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დავიდა. ამ ფონზე საქართველოს პოზიცია გაუმჯობესებით ხასიათდება - კერძოდ, კვლევა აჩვენებს, რომ 2010-2014 წლებში ქვეყანამ 7 ქულით გაიუმჯობესა მდგომარეობა. „ფრიდომ ჰაუსის“ პრესის თავისუფლების კვლევის თანახმად, საქართველო საუკეთესო, რიგით პირველია ევრაზიის რეგიონის ქვეყნებს შორის.

ჩვენ უკვე წლებია ვითხოვთ, რომ შევედაროთ აღმოსავლეთ ევროპას, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს და ვაკეთებთ ხოლმე ამის განაცხადს. რატომ ვართ ჯერ კიდევ შორს აღმოსავლეთ ევროპისგან? მე ვფიქრობ, იმიტომ, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ხდება ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპების დარღვევა...

ის, რომ საქართველო ბოლო წლების განმავლობაში გამოკვეთილი ლიდერია რეგიონში, განსაკუთრებული სიამაყის საბაბს არ აძლევს მედიის ექსპერტ ნინო დანელიას - მისი შეფასებით, ქვეყნის მოწინავე პოზიცია გასაგებია, როდესაც ამ ჯგუფში იგი ედრება ავტორიტარულ ქვეყნებს, სადაც მთავარი პროლემებია კორუფცია და ადამიანის უფლებები და სადაც მთავრობის მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო ციხეში ხვდებიან:

“ცხადია, რიგის სამიტის წინ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში, პრესის თავისუფლების თვალსაზრისით, არ არის ცუდი მდგომარეობა და, პირიქით, კარგი მდგომარეობაა. თუმცა ჩვენ უკვე წლებია ვითხოვთ, რომ შევედაროთ აღმოსავლეთ ევროპას, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს და ვაკეთებთ ხოლმე ამის განაცხადს. რატომ ვართ ჯერ კიდევ შორს აღმოსავლეთ ევროპისგან? მე ვფიქრობ, იმიტომ, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ხდება ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპების დარღვევა. მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში პოლიტიკურ მანიპულაციებს მედიაზე“.

თავისუფალ მედიაზე პოლიტიკური მანიპულაციის მაგალითად ნინო დანელია ასახელებს რეკლამის შესახებ კანონს, რომელიც, მისი შეფასებით, მხოლოდ ერთი ტელევიზიის - „რუსთავი-2“-ის - საწინააღმდეგოდ იქნა მიღებული. პრობლემებს შორის კი, რომლებიც, ნინო დანელიას თანახმად, საქართველოში პრესის თავისუფლებას ეჭვქვეშ აყენებს, არის მარეგულირებელი კომისიის მიერ ახალი ტელევიზიებისთვის ლიცენზიის მიცემა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის გარეშე, მაშინ როდესაც ქართულ მედიაში რუსული პროპაგანდის პრობლემა იჩენს თავს. ექსპერტი პრობლემად ასახელებს ასევე მედიასაშუალებების დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონის არარსებობას.

რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ თვალსაჩინო პოზიტივებს, ამის თაობაზე სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი ამბობს:

„ვხედავთ განსხვავებულ აზრს მედიაში, ვხედავთ პროგრამებს, - და არამხოლოდ საინფორმაციოს, - სადაც შესაძლებელია, რომ სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი იყოს. მეტ-ნაკლებად გამჭვირვალეა მედიის მესაკუთრეთა ვინაობები, რაც ასევე მნიშვნელოვანია. რაც საყურადღებოა, მე მაინც ვფიქრობ, რომ არის ის, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ გაისმა კრიტიკა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მედიის მისამართით. ვგულისხმობ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე ხელისუფლების ყოფილი მმართველის მიერ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს“.

ზვიად დევდარიანი

ზვიად დევდარიანი

ეს, ზვიად დევდარიანის შეფასებით, მედიაზე პირდაპირ ზეწოლად არ შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა ნათლად აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლებას კრიტიკული, განსხვავებული აზრის მოსმენის პრობლემა აქვს. ამავე კონტექსტში იხსენებს ის 2014 წელს ტელეკომპანია „მაესტროში“ განვითარებულ მოვლენებს, როდესაც ჟურნალისტთა ერთმა ჯგუფმა ტელევიზია სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მოტივით დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ, ზვიად დევდარიანის აზრით, მათ ამის დასაბუთება ვერ შეძლეს.

მედიის პოლიტიზებაზე აკეთებენ აქცენტს მოქალაქეები, რომელთაც, „ფრიდომ ჰაუსის“ კვლევის შესაბამისად, საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხზე ვკითხეთ აზრი:

„დიდი ცვლილება არ ყოფილა - რაც იყო წინა წლებში, იგივეა ახლაც. ისევ არ არის დამოუკიდებელი“.

„ნებისმიერ დროს დამოკიდებული იყო თავის პატრონზე - ვინც მფლობელია პრესის, იმის მიხედვით. პრობლემა იმაშია, რომ თვითონ ჟურნალისტები არ ვარგანან“.

„წინა მთავრობასთან შედარებით, თავისუფალია, მაგრამ ვინც აფინანსებს ხოლმე ტელევიზიებს, მაინც იმათი ზეგავლენის ქვეშაა მოქცეული“.

„ფრიდომ ჰაუსის“ კვლევაში საქართველოში პრესის თავისუფლების ხარისხი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 48 ქულით შეფასდა. ეს, შარშანდელ მონაცემებთან შედარებით, ერთი ქულით გაუარესებას ნიშნავს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG