Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფრიდომ ჰაუსი“ საქართველოში პოზიტიურ ტენდენციაზე წერს


საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ. ანგარიშში ნათქვამია, რომ ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გაუარესდა სიტუაცია კორუფციის, მედიაში არსებული მდგომარეობისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების თვალსაზრისით. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცენტრალური აზიისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნები იმართებოდნენ ავტოკრატიული რეჟიმების მიერ. „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში საქართველოსთვის დათმობილ ნაწილში ნათქვამია, რომ წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში კომპეტენტური და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, თუმცა დაფიქსირდა პრობლემები ადინისტრაციული რესურსების ხარჯვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, დარღვევები დაფიქსირდა არჩევნების დღესაც.

2012 წლის განმავლობაში ევრაზიაში ავტოკრატიული რეჟიმები აქტიურად ებრძოდნენ დემოკრატიულ ცვლილებებს. ახლო აღმოსავლეთში ისინი ქვეყნის შიგნით ზეწოლასა და ხანგრძლივ პოლიტიკურ მღელვარებაზე მოწინააღმდეგეებზე

თავდასხმით პასუხობდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში რეპრესიებით ცნობილი ხელისუფლება ამკაცრებდა საკუთარ ზეწოლას - იქნებოდა ეს ცენზურის მეთოდი, სასამართლო სისტემის დაქვემდებარება თუ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება. - ასე იწყება „ფრიდომ ჰაუსის“ 2013 წლის ანგარიში გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ. კვლევის ხელმძღვანელის სილვანა ჰაბდანკ-კოლაჩკოვსკას სიტყვებით, ასეთი ავტოკრატიული ქვეყნების ხელისუფლება ვერ უმკლავდებოდა საკუთარ მოვალეობებს, სუსტდებოდა დამოუკიდებლობის თვალსაზრისით და იზრდებოდა კორუფცია:

ევრაზიაში რაც ჩვენ ვიხილეთ 2012 წელს, იყო ის, რომ ერთ-ერთი ავტორიტარული ხელისუფლება აგრესიულად გაუსწორდა სამოქალაქო საზოგადოების აქტივობას...
„ევრაზიაში რაც ჩვენ ვიხილეთ 2012 წელს, იყო ის, რომ ერთ-ერთი ავტორიტარული ხელისუფლება აგრესიულად გაუსწორდა სამოქალაქო საზოგადოების აქტივობას. ყველაზე მეტად, ჩვენი შეფასებებით, რეპრესიები განხორციელდა სწორედ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ზოგ შემთხვევაში ეს იყო მყარად დამკვიდრებული ავტორიტარული რეჟიმის მცდელობა უფრო ღრმად გაედგა ფესვები, რაც გამოიხატებოდა ახალი კანონმდებლობის მიღებით, რომელიც უფრო ზღუდავდა სამოქალქაო საზოგადოების საქმიანობას - როგორც წესი, მიმართული იყო შეკრების თავისუფლების შესაზღუდად, თუმცა ზოგჯერ იყო აშკარა ძალადობა დემონსტრანტების წინააღმდეგ“.

ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის წლიური ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ ევრაზიაში გაუარესებულია მდგომარეობა სამოქალაქო საზოგადოების თვალსაზრისითაც. უზბეკეთსა და თურქმენეთში კვლავაც ყველაზე უარესი პირობებია რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებისთვის. აზერბაიჯანში, ტაჯიკეთსა და ბელარუსში გახშირდა სავარაუდო მტერთა სისხლის სამართლებრივი დევნა, ხოლო ყაზახეთის მთავრობას ბრალად ედება შრომითი უფლებების დამცველი ორგანიზაციების განადგურება.

„ფრიდომ ჰაუსის“ პრეზიდენტის დევიდ კრამერის თქმით, განსაკუთრებით გაუარესდა მდგომარეობა რუსეთში ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში პრეზიდენტად დაბრუნების შემდეგ. როგორც დევიდ კრამერი ამბობს, ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტად დაბრუნებამ რუსეთის მოქალაქეები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე მძიმე რეპრესიებით აზარალა. კრამერის თქმით, პუტინმა თავისი ძალაუფლება გამოიყენა იმისათვის, რომ კანონმდებლობის, მედიისა და სასამართლო სისტემის მეშვეობით დაემკვიდრებინა ახალი პოლიტიკა პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის ასალაგმავად.

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში საქართველოსთან მიმართებით ნათქვამია, რომ წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში კომპეტენტური და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, თუმცა დაფიქსირდა პრობლემები ადმინისტრაციული რესურსების ხარჯვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, დარღვევები დაფიქსირდა არჩევნების დღესაც, თუმცა, მთლიანობაში, გაიზარდა არჩევანის ალტერნატიულობის მაჩვენებელი.

მოხდა ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზთ, რასაც, როგორც ანგარიშშიც არის ნახსენები, მანამდე საქართველოს ისტორიაში ადგილი არ ჰქონია. ვფიქრობ, ამ გარემოებით არის განპირობებული ეს პოზიტიური შეფასებები...
ნინო ლომჯარია
„ფრიდომ ჰაუსის“ პოზიტიური შეფასებები გამომდინარეობს იქიდან, რომ არჩევნებამდე იყო ორი ძლიერი პოლიტიკური ძალა: ერთი - სახელისუფლებო და მეორე - ოპოზიციური პოლიტიკური კოალიცია, რაც საქართველოსთვის იყო უნიკალური შემთხვევა და ამან გამოიწვია ის კონკურენცია, რაზეც „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშშია საუბარი, ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია. მისი სიტყვებით, პოზიტიურ შეფასებაზე გავლენა რამდენიმე ფაქტორმა იქონია:

„მოხდა ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზთ, რასაც, როგორც ანგარიშშიც არის ნახსენები, მანამდე საქართველოს ისტორიაში ადგილი არ ჰქონია. ვფიქრობ, ამ გარემოებით არის განპირობებული ეს პოზიტიური შეფასებები. ასევე ის აღნიშნავს, რომ მხარეებს ჰქონდათ მედიაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, რასაც მეც გავიზიარებდი. must carry-ს განხორციელების ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჰქონდა ამას ადგილი. დანარჩენი პერიოდი, ვფიქრობ, რომ ეს იყო პრობლემატური საკითხი“.

ნინო ლომჯარია არ ეთანხმება „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებას, რომ ადმინისტრაციული რესურსი მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში იყო გამოყენებული. მისი სიტყვებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას მასობრივი ხასიათი ჰქონდა და განსაკუთრებით საბიუჯეტო რესურსის გამოყენება იყო გავრცელებული პრაქტიკა. ნინო ლომჯარიას სიტყვებითვე, ანაგარიშში საუბარი არ არის იმ ძალადობასა და ცემის ფაქტებზე, რომელთაც ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო პერიოდში და რაზეც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ამახვილებდნენ ყურადღებას. მაგრამ, მთლიანობაში, ის შედეგი, რომელიც არჩევნებმა მოიტანა, იწვევს უფრო მეტად დადებით შეფასებას, ვიდრე უარყოფითს, ამბობს ნინო ლომჯარია და დასძენს, რომ ისეთი ავტორიტეტიანი ორგანიზაციისთვის, როგორიც „ფრიდომ ჰაუსია“, უფრო გლობალური დასკვნაა მნიშვნელოვანი, რომელსაც ზოგადი კონტექსტი განაპირობებს.

„საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელის კახა კახიშვილის სიტყვებით კი, მნიშვნელოვანია, შედარების რა კრიტერიუმით ხელმძღვანელობს „ფრიდომ ჰაუსი“ პოზიტიურ შედეგზე საუბრისას. კახა კახიშვილის სიტყვებით, თუ მოლოდინი იყო ისეთი, რომ ხელისუფლება არაძალადობრივი გზით ვერ შეიცვლებოდა, მაშინ ანაგარიშში მოყვანილი დასკვნა გასაზიარებელია:

„ცოტა ალოგიკურია, როცა პრესის ხელმისაწვდომობაზეა საუბარი, მაშინ როდესაც, ფაქტობრივად, „იმედი“ წართმეული იყო, „რუსთავი 2“ მონოპოლიზებული იყო. სულ რამდენიმე კომპანია იყო, რომელსაც შეეძლო მიეწვია და ოპოზიციური აზრი მოესმინა და ისინიც არ მაუწყებლობდნენ მთელი საქართველოს მასშტაბით და ერთადერთი must carry-ის ამოქმედების შემდეგ მიეცათ შესაძლებლობა კენჭისყრის დღემდე გაეშუქებინათ პროცესები“.

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი მილიარდერი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა კოალიციამ მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა, რის შედეგადაც, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა განხორციელდა არჩევნების გზით.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG