Accessibility links

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის - „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ გამოქვეყნებული ბოლო ანგარიში ცხადჰყოფს, რომ მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტის თავისუფლება ბოლო ოთხი წელია ზედიზედ უარესდება. გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც გამკაცრდა ონლაინ ცენზურა და კომპიუტერული თვალთვალი, ასევე გახშირდა შემთხვევები, როდესაც მთავრობა ელექტრონული მონაცემების წაშლას ან მისთვის გადაცემას ითხოვს.

„ინტერნეტის თავისუფლება 2014“ მსოფლიოს მასშტაბით 65 ქვეყნის ინტერნეტის თავისუფლებას მიმოიხილავს. ანგარიშის მიხედვით ამ 65 ქვეყნიდან შარშანდელთან შედარებით მდგომაროება 35-ში გაუარესდა.

ინტერნეტის თავისუფლებაზე ეს ფრიდომ ჰაუსის მიერ მომზადებული მეხუთე ანგარიშია, ის 2013 წლის მაისიდან 2014 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. მის მომზადებაში დაახლოებით 70 მკვლევარი მონაწილეობდა, ისინი ქვეყნებში არსებულ ინტერნეტთან დაკავშირებულ კანონმდებლობას და კანონის აღსრულებას იკვლევდნენ.

ყველაზე დიდი უკუსვლა რუსეთში, თურქეთსა და უკრაინაში იყო. უკვე რამდენიმე წელია ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ისევ ირანს, სირიასა და ჩინეთს აქვთ

ინტერნეტის თავისუფლების კუთხით ქვეყნები სამ ჯგუფად - თავისუფალ ნახევრადთავისუფალ და არა თავისუფალ ქვეყნებად იყოფიან. საქართველო 26 ქულით თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალშია. ამ ჯგუფის პირველ სამეულში ისლანდია, ესტონეთი და კანადა არიან. თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოს გარდა კიდევ ერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა - სომხეთი შედის, 28 ქულით. საქართველოს ყველა სხვა მეზობელი ნახევრადთავისუფალი ქვეყნების ჯგუფშია.

ანგარიშის მიხედვით გაუარესებულია გლობალური მაჩვენებელი.

„ყველაზე დიდი უკუსვლა რუსეთში, თურქეთსა და უკრაინაში იყო, უკვე რამდენიმე წელია ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ისევ ირანს, სირიასა და ჩინეთს აქვთ,“ ამბობს ლორა რიდი, „ფრიდომ ჰაუსის“ წარმომადგენელი.

რუსეთი და თურქეთი ის ორი სახელმწიფოა, სადაც ხუთწლიან დინამიკაში ინტერნეტის თავისუფლება სტაბილურად უარესდება. თურქეთის მდგომარეობა 13 პუნქტით გაუარესდა, მთავრობამ კონტენტის შეზღუდვა გაზარდა და ონლაინ აზრის გამოხატვისთვის ადამიანების დასჯას განაგრძობდა. მთავრობამ ასევე დაბლოკა სოციალური ქსელები იუთუბი და ტვიტერი.

რუსეთის მაჩვენებელმა ბოლო 5 წლის განმავლობაში 11 ქულით იკლო. მას შემდეგ რაც 2012 წელს პუტინი ხელახლა გახდა პრეზიდენტი, დაიბლოკა ონლაინ კონტენტი, მათ შორის კრიტიკული მედია საშუალებები, აქტივისტები ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ და გაიზარდა კანონიერი ზედამხედველობის გარეშე ონლაინ თვალთვალი.

„ჩვენ მომსწრენი გავხდით იმისა, თუ როგორ ამოიღო მიზანში რუსეთმა ონლაინ აქტივისტები. რუსეთმა შარშან დეკემბერში ახალი კანონი მიიღო, ის გენერალურ პროკურორს საშუაელბას აძლევს დაბლოკოს ექსტრემიზმთან დაკავშირებული ონლაინ კონტენტი ან მასალები არასანქცირებულ საპროტესტო მოწოდებებზე. ეს კანონი რუსეთში მალევე გამოიყენეს იმ დამოუკიდებელი მედია საშუალებების დასაბლოკად, რომლებიც უკრაინის ამბებს აშუქებდნენ ან კრემლის პოლიტიკას აკრიტიკებდნენ,“ ყვება ლორა რიდი.

უკუსვლაა უკრაინაშიც, მეტწილად ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის ბოლოს, საპროტესტო აქციებისას ინტერნეტ ჟურნალისტების და აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის გამო.

ანგარიშის მიხედვით წელს მთლიანობაში გაიზარდა ონლაინ აქტივობებისთვის დაპატიმრებულთა რაოდენობა.

“განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, რეგიონში შესწავლილი 11 ქვეყნიდან 10-ში ადამიანები ინტერნეტში მათი აქტიურობისთვის დააპატიმრეს,“ ამბობს რიდი.

ანგარიშის მიხედვით არათავისუფალი ქვეყნების პირველ ხუთეულში შედიან ირანი (89 ქულა), სირია (88), ჩინეთი (87), კუბა (84) და ეთიოპია (80). ამავე ჯგუფში არიან უზბეკეთი და ბელორუსი.

ინტერნეტის თავისუფლების მხრივ წელს ყველაზე დიდი პროგრესი ინდოეთს ჰქონდა, სადაც მთავრობამ 2013 წელს ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში ამბოხების დროს დაწესებული შეზღუდვები მოხსნა.

XS
SM
MD
LG