Accessibility links

logo-print
მსოფლიოში თავისუფლების მხრივ ვითარება ზედიზედ მეხუთე წელი გაუარესდა - ასეთ დასკვნამდე მიდის ავტორიტეტიანი უფლებადამცავი ორგანიზაცია, „ფრიდომ ჰაუსი“, რომელმაც გამოაქვეყნა წლიური ანგარიში მსოფლიოში თავისუფლების შესახებ. მასში ასახულია ვითარება მსოფლიოს 194 ქვეყანაში და 14 ტერიტორიაზე, მათ შორის უთანხმოების გამომწვევ ტერიტორიებზე, როგორიცაა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. დანარჩენ საქართველოში, თავისუფლების მხრივ, „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, გარკვეული გაუმჯობესება შეინიშნება.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმები სულ უფრო აძლიერებენ თავისუფლების შეზღუდვას, - აღნიშნავს „ფრიდომ ჰაუსი“ წლევანდელ ანგარიშში: „თავისუფლება მსოფლიოში 2011“. შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ეს ორგანიზაცია 1972 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურ მიმოხილვებში ასახავს ვითარებას მსოფლიოში ადამიანების თავისუფლების კუთხით. საამისოდ ის აგროვებს ინფორმაციას ფაქტორებზე, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი, შეკრების თავისუფლება და თითოეულ ქვეყანას მიუჩენს სტატუსს: მას თავისუფლად, ნაწილობრივ თავისუფლად, ან არათავისუფლად მიიჩნევს.

2010 წელს 25 ქვეყანაში აღინიშნა მნიშვნელოვანი უკუსვლა. ამ პროცესს ასახავს თავისუფლის სტატუსის მქონე სახელმწიფოების რიცხვის შემცირება ორით, 85-მდე. ორ სახელმწიფოს შორის, რომლებიც თავისუფალთა რიგს გამოაკლდნენ და ახლა ნაწილობრივ თავისუფლის სტატუსი აქვთ, არის უკრაინა, მექსიკასთან ერთად.
„უკრაინა (ბალტიისპირეთის სახელმწიფოების გარდა) ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც თავისუფალ ქვეყნად იყო შეფასებული - ერთადერთი ამ რეგიონში. მაგრამ გასული წლის პროცესების შემდეგ, ახლა უკრაინა ნაწილობრივ თავისუფლად არის შეფასებული და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცალკეული ქვეყნისთვის ეს არის 2010 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი და გულდასაწყვეტი გაუარესება“, - ამბობს „ფრიდომ ჰაუსის“ კვლევითი განყოფილების დირექტორი, არჩ პუდინგტონი.

ამ ორგანიზაციის მაჩვენებლებით თუ ვიმსჯელებთ, მსოფლიოში ერთადერთი რეგიონი არსებობს, რომელშიც 2001 წლის შემდეგ, პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ, მთლიანობაში, დაღმასვლა შეინიშნება: ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები (ბალტიისპირეთის სახელმწიფოების გამოკლებით).

პუდინგტონს, რომელსაც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ესაუბრა, უჭირს მიზეზის განსაზღვრა. მაგრამ ის რამდენიმე ფაქტორზე მიუთითებს: საბჭოთა მემკვიდრეობაზე, რუსეთის არადემოკრატიულ გავლენაზე და ეკონომიკურ ძალაზე, რომელსაც ნავთობის და გაზის მდიდარი რესურსები ანიჭებს რეჟიმებს, მათ შორის, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში.

„ყოფილ საბჭოთა კავშირში (ბალტიისპირეთის სახელმწიფოების გარდა) ბოლო 5-10 წლის მანძილზე, შეიძლება ითქვას, რომ დაღმასვლა დაღმასვლას მოსდევდა. რუსეთი იდგა ამ პროცესის სათავეში, თუმცა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული რეგიონია შუა აზია, სადაც უზბეკეთი და თურქმენეთი სულ ბოლოში არიან თავისუფლების ინდექსით, და ძალიან დაბალი მაჩვენებლები აქვს ტაჯიკეთს, ისევე როგორც აზერბაიჯანს“, - ამბობს პუდინგტონი.

მას შემდეგ, რაც უკრაინამაც დაკარგა თავისუფლის სტატუსი, აღარ დარჩა არც ერთი პოსტსაბჭოთა რეპსპუბლიკა (ისევდაისევ ბალტიისპირელების გარდა), თავისუფლის სტატუსი რომ ჰქონდეს.

საქართველო ნაწილობრივ თავისუფლად ითვლება. ამასთან, შეინიშნება გარკვეული გაუმჯობესება. როგორც ფრიდო ჰაუსის სამეცნიერო განყოფილების უფროსი, ქრისტორფერ უოკერი ამბობს: „საქართველოში გარკვეული გაუმჯობესებები იყო - ნაწილობრივ, მანამდე არსებული ვითარების აღდგენა სფეროებში, რომლებშიც მნიშვნელოვანი გაუარესება შევნიშნეთ 2008 წლის საშინაო-პოლიტიკური დაპირისპირების, სამხედრო კონფლიქტისა და რუსეთის ინტერვენციის დროს“.

„ფრიდომ ჰაუსი“ გარკვეულ გაუმჯობესებაზე მიუთითებს კიდევ ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში - ყირგიზეთში და მოლდავეთში. მათგან განსხვავებით, გაუარესების ტენდენცია შეინიშნება ბელორუსიაში და რუსეთში. რუსეთში - ჩინეთთან, ეგვიპტესთან, ირანთან და ვენესუელასთან ერთად - „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, ძლიერდება რეპრესიული, თავისუფლების შეზღუდვისაკენ მიმართული ზომები. თავისუფლების ყველაზე დაბალი ხარისხის მქონე რეგიონებად კი ანგარიშში სახელდება ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი აფრიკა.

„მთელს მსოფლიოს თუ გადავხედავთ, დაღმასვლა ძალიან დიდი არ ყოფილა, მაგრამ უკვე ზედიზედ მეხუთე წელია, რაც დაღმასვლა შეინიშნება მსოფლიოს უმეტეს რეგიონში. ამდენად, 2010 წელი პოზიტიური წელი არ იყო თავისუფლებისათვის“, - ამ დასკვნამდე მიდის უფლებადამცავ ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ კვლევითი განყოფილების დირექტორი, არჩ პუდინგტონი.

უფლებადამცავი ორგანიზაციის ცალკე სიაში, უთანხმოების გამომწვევ ტერიტორიებს შორის შეყვანილია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. აფხაზეთს ნაწილობრივ თავისუფლის, სამხრეთ ოსეთს კი არათავისუფლის სტატუსი ენიჭება.
XS
SM
MD
LG