Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფრიდომ ჰაუსი“ საქართველოს ”ნაწილობრივ თავისუფალ” ქვეყნად მიიჩნევს


შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ავტორიტეტიანი ორგანიზაციის, ”ფრიდომ ჰაუსის” (FREEDOM HOUSE), 2012 წლის ანგარიშში - ”თავისუფლება მსოფლიოში”, რომელიც 2011 წლის მონაცემებს ეყრდნობა, საქართველო კვლავ ”ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყნების ჯგუფში მოხვდა. 19 იანვარს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში თავისუფლების მდგომარეობა შეფასებულია მსოფლიოს 195 ქვეყნისა და 14 ტერიტორიის მაგალითზე. მიუხედავად იმისა, რომ ზედიზედ მეექვსე წელია, რაც გაუარესების ტენდენცია შეინიშნება, გასულმა წელმა ”ფრიდომ ჰაუსს” გარკვეული იმედიც მისცა.

”ფრიდომ ჰაუსის” ახალი ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, თავისუფლების მდგომარეობა გაუარესდა მსოფლიოს 26 ქვეყანაში, ხოლო გაუმჯობესდა მხოლოდ 12 ქვეყანაში. იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც გაუარესების სასარგებლოდ გადახრილი 6-წლიანი ტენდენცია, სხვადასხვა მიზეზით, 2011 წელსაც შეინარჩუნეს, სახელდება, მაგალითად, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უკრაინა და უნგრეთი.
ჩემი აზრით, არ გვაქვს საფუძველი იმის ფიქრის, რომ 2011 წელს ან, ვთქვათ, პრინციპულად დემოკრატიულები გავხდით, ანდა პრინციპულად ნაკლებად დემოკრატიულები გავხდით ...

თუმცა პარალელურად არსებობს იმედი, რომელსაც „ფრიდომ ჰაუსი“ არაბულ გაზაფხულს უკავშირებს. ანგარიშის მიხედვით, არაბულ სამყაროში 2011 წელს გამოხატული მასშტაბური სახალხო პროტესტი წარმოადგენდა ”ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ მიმართულ ყველაზე დიდ გამოწვევას, საბჭოთა კომუნიზმის კოლაფსის შემდეგ.” როგორც „ფრიდომ ჰაუსის“ კვლევითი განყოფილების დირექტორი არჩ პუდინგტონი ეუბნება რადიო თავისუფლებას, იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ დემოკრატიის მომავალი ამ მხრივ ყველაზე ჩაკეტილ სივრცეშიც იკვეთება:

”მსოფლიოს ერთ რეგიონს - ახლო აღმოსავლეთს - იმუნიტეტი ჰქონდა დემოკრატიის ტალღის მიმართ, რომელიც შეეხო ყველა სხვა რეგიონს გასული საუკუნის 70-იან, 80-იან თუ 90-იან წლებში. თუმცა ახლა გამოჩნდა, რომ დემოკრატიას მომავალი ამ რეგიონშიც აქვს. მოვლენები ვითარდება, ხალხს აღარ უნდა დიქტატორული მმართველობის ატანა. და ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2011 წელი მიზეზს გვაძლევს ოპტიმიზმისთვის და არა გაწბილებისთვის.”

თავისუფლების მდგომარეობის მიხედვით, ”ფრიდომ ჰაუსი” ქვეყნებსა და ტერიტორიებს სამ კატეგორიად ყოფს: ”თავისუფალი,” ”ნაწილობრივ თავისუფალი” და ”არათავისუფალი”. ამგვარ გადანაწილებას საფუძვლად უდევს ორი კრიტერიუმის მიხედვით მინიჭებული ქულები. ეს კრიტერიუმებია: პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები. საქართველოს მაჩვენებლები ზედიზედ მეორე წელიწადია 4 და 3 ქულით განისაზღვრება.

იმ ფაქტს, რომ ყველაფერი უცვლელად დარჩა, გასაკვირად არ მიიჩნევს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი გია ნოდია:

”ჩემი აზრით, არ გვაქვს საფუძველი იმის ფიქრის, რომ 2011 წელს ან, ვთქვათ, პრინციპულად დემოკრატიულები გავხდით, ანდა პრინციპულად ნაკლებად დემოკრატიულები გავხდით. პრინციპულად არაფერი შეცვლილა და ამიტომ, ვფიქრობ, სწორია, რომ „ფრიდომ ჰაუსს“ არ ჰქონდა საფუძველი, რომ წინა წლის შეფასება შეეცვალა.”

დემოკრატიის პრინციპების დამცველი ორგანიზაციის მაღალი ავტორიტეტიდან გამომდინარე, „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებებს ხშირად ითვალისწინებს საერთაშორისო თანამეგობრობა. ორგანიზაციის ამა თუ იმ ანგარიშში გამოკვეთილ შეფასებებსა თუ რეიტინგებზე ხშირად აპელირებენ ანალიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები თუ ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობები. გია ნოდია შეგვახსენებს, რომ, მაგალითად, ”ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის” განხორციელებისას შეერთებული შტატების ხელისუფლება სწორედ ”ფრიდომ ჰაუსის” შეფასებებს ითვალისწინებდა.

საქართველო, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წელსაც ”ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყნების ჩამონათვალშია. აქვე განვმარტოთ, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასების მიხედვით, ნაწილობრივ თავისუფალია ქვეყანა, სადაც შეზღუდულია პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების პატივისცემა. ეს ქვეყნები ხშირად უჩივიან ”კორუფციული გარემოს არსებობას, კანონის უზენაესობის სისუსტეს, ეთნიკურ თუ რელიგიურ დაპირისპირებას”. ასეთ ქვეყნებში ხშირად მოქმედებს სისტემა, რომელიც უფლებას აძლევს ერთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას შეინარჩუნოს დომინანტის როლი, შეზღუდული პლურალიზმის ფასადის მიუხედავად.

სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, აფხაზეთში არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, მეტ-ნაკლებად თავისუფალია ბეჭდური მედია ...
”ფრიდომ ჰაუსის” 2012 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ”საქართველოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კვლავაც აკრიტიკებდნენ აშკარა ძალისხმევის გამო იზოლაციაში მოექცია პოტენციური ოპოზიციონერები.” ამ წინადადებას გია ნოდია პოლიტიკურ სარბიელზე ახლად გამოჩენილ ბიზნესმენს უკავშირებს:

”გასაგებია, რომ აქ, როგორც ჩანს, ალბათ, ყველაზე მეტად იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი და ბრალდებები მის კავშირზე რუსეთთან. ივანიშვილის შემთხვევაში, ჩემი აზრით, ასეთი ვარაუდები შეიძლება გქონდეს, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ხელისუფლება ამ ვარაუდებს წარმოადგენდა ისე, როგორც ფაქტებს, რომ თითქოს ეს დადგენილი ჭეშმარიტებაა, რაც არ არის მიღებული და სწორი. უნდა განასხვავოთ ერთმანეთისგან ვარაუდი და დადგენილი ფაქტი.”

რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, ”ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშში სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ცალკე შესაფასებელ ჯგუფში ერთიანდებიან, მსოფლიოს სხვა სადავო ტერიტორიებთან ერთად. მათი პოზიციაც უცვლელია: აფხაზეთი კვლავაც ინარჩუნებს ”ნაწილობრივ თავისუფალი” ტერიტორიის სტატუსს, მაშინ როცა სამხრეთ ოსეთი კვლავ ”არათავისუფალ” ტერიტორიად მოიხსენიება.

ასეთი განაწილება ლოგიკურია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის წარმომადგენლის, ანალიტიკოს არჩილ გეგეშიძისთვის. ის ამბობს, რომ ”სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, აფხაზეთში არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, მეტ-ნაკლებად თავისუფალია ბეჭდური მედია და მეტ-ნაკლებად იკვეთება ხელისუფლების დაყოფისა და დაბალანსების პრინციპი.”

დაბოლოს, გადავხედოთ მეზობელი ქვეყნების პოზიციებსაც. საქართველოსთან ერთად, ”ნაწილობრივ თავისუფალთა” ჯგუფში ვხედავთ სომხეთსა და თურქეთს, ხოლო რუსეთი და აზერბაიჯანი ”არათავისუფალთა” ჯგუფში არიან გაერთიანებული.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG