Accessibility links

logo-print

სასამართლო სისტემა, „ფრიდომ ჰაუსისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციების თვალით


საქართველო 0,03 ქულით დაწინაურდა „ფრიდომ ჰაუსის“ მორიგ ყოველწლიურ ანგარიშში – „ქვეყნები გარდამავალ ეპოქაში – 2016“, რომელიც ავტორიტეტიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ სამშაბათს, 12 აპრილს, გამოაქვეყნა. დემოკრატიული განვითარების მაჩვენებლით საქართველო მე-17 ადგილს იკავებს ყოფილი საბჭოთა კავშირის, ბალკანეთისა და ცენტრალური ევროპის 29 ქვეყანას შორის. „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს წინსვლა სასამართლო სისტემის რეფორმირების წარმატებებმა განაპირობა, თუმცა სასამართლო სისტემის მისამართით ძალიან ბევრი პრეტენზია აქვს მე-3 სექტორს. კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" 12 აპრილს დაიწყო ახალი კამპანია, სახელწოდებით "სამართალი ითხოვს!".

4.61 ქულა – ასეთია საქართველოს მაჩვენებელი „ფრიდომ ჰაუსის“ 2016 წლის ანგარიშში, რომელიც 2015 წლის მდგომარეობას ასახავს (შარშანდელ ანგარიშში ეს მაჩვენებელი 4.64 ქულას შეადგენდა). ამ რეიტინგში ქვეყნები ფასდებიან 7 კრიტერიუმის მიხედვით, 1-დან 7 ქულამდე საზომით, და რაც უფრო ნაკლებია შეფასება, მით უკეთ არის ამა თუ იმ ქვეყნის საქმე. კრიტერიუმებს შორის არის: ეროვნული დემოკრატიული მმართველობა, საარჩევნო პროცესი, სამოქალაქო საზოგადოება, ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა, მედიის დამოუკიდებლობა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და კორუფცია. დემოკრატიის განვითარების მაჩვენებლის გაუმჯობესების მიუხედავად, საქართველო კვლავაც რჩება კატეგორიაში „გარდამავალი მმართველობა ან ჰიბრიდული რეჟიმი“.

მართალია, ანგარიშის ავტორებს, მაგალითად, არც ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული სასამართლო დავის პოლიტიკური ელფერი გამოჰპარვიათ და არც არასამთავრობო ორგანიზაციების („საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“) გადაჭარბებული კრიტიკა და მიკერძოებაში დადანაშაულება ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, მაგრამ ანგარიშში ასახული ამ და სხვა მსგავსი ფაქტების გამო საქართველოს ქულები არ შემცირებულა, თუმცა არც გაზრდილა. შარშანდელის შემდეგ ქულები უცვლელად დარჩა 7-დან 6 კრიტერიუმის შემთხვევაში.

გახმაურებული საქმეების პოლიტიზების მიუხედავად, სასამართლო სისტემის ხარისხი დღითი დღე უმჯობესდებოდა, რაც იყო იმის დადებითი ნიშანი, რომ სტრუქტურული რეფორმა შესაძლებელია ეფექტიანი იყოს პოლარიზებულ სისტემაშიც კი. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ამ ტენდენციის მდგრადობის სერიოზული გამოცდა...

ცვლილება გვხვდება მხოლოდ „სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის“ კრიტერიუმის ჭრილში: წლევანდელი ანგარიშის მაჩვენებელი გაუმჯობესებულია და 4.75 ქულას შეადგენს (შარშან საქართველომ ამ მხრივ 5.00 ქულა დაიმსახურა). ანგარიშის ამ თავის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ დიდწილად შეწყდა სამართლებრივი დევნის ტალღა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიმართ, კვლავაც განხილვის საგნად რჩება გახმაურებული საქმეები და, მათ შორის, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას პატიმრობის საქმე. ანგარიშის ავტორები თვლიან, რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ მნიშვნელოვანი ტესტი ოქტომბერში უნდა ჩააბაროს:

„გახმაურებული საქმეების პოლიტიზების მიუხედავად, სასამართლო სისტემის ხარისხი დღითი დღე უმჯობესდებოდა, რაც იყო იმის დადებითი ნიშანი, რომ სტრუქტურული რეფორმა შესაძლებელია ეფექტიანი იყოს პოლარიზებულ სისტემაშიც კი. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ამ ტენდენციის მდგრადობის სერიოზული გამოცდა“.

ახალ ანგარიშში „ფრიდომ ჰაუსი“ აღნიშნავს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა, „ქართული ოცნება“, და ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე დიდი ხანია ემზადებიან, თუმცა მათი რეიტინგის მატება არ შეიმჩნევა და ელექტორატის გაწბილებამ შეიძლება პრორუსული ძალების წისქვილზე დაასხას წყალი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საყოველთაო მხარდაჭერა აქვს ევროპასა და აშშ-ზე ორიენტირებულ გრძელვადიან პოლიტიკას.

სასამართლო სისტემა – სფერო, რომლის მაჩვენებლის ზრდითაც წაიწია საქართველომ წინ „ფრიდომ ჰაუსის“ წლევანდელ ანგარიშში, კვლავაც უკმაყოფილოს ტოვებს არასამთავრობო სექტორს საქართველოში. "სამართალი ითხოვს!" – ასეთი სახელწოდება აქვს ახალ კამპანიას, რომელიც 12 აპრილს დაიწყო კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის", რომელშიც 30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია შედის. კამპანიის მიზნებია: თავიდან იქნეს აცილებული სასამართლო სისტემაზე კონტროლის დამყარების მცდელობა და გათავისუფლებულ იქნეს სასამართლო პოლიტიკურ-კლანური მმართველობისგან. კამპანიის მთავარ მოთხოვნებად სახელდება: დაუყოვნებლივ და სრულყოფილად განხორციელება რეფორმისა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოსამართლეთა რეალური ინდივიდუალური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და მათ შორის იგულისხმება მოსამართლეთა დანიშვნის, გათავისუფლების, დაწინაურების, საქმეთა გადანაწილების წესის რეალური და დროული ცვლილება.

12 აპრილს თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, ახალი კამპანიის პრეზენტაციის ფარგლებში, საგანგებოდ აღინიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ერთ-ერთი ძირითადი პრეტენზია კვლავაც მოსამართლეთა დანიშვნის წესის მანკიერებებს უკავშირდება. როგორც”ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტმა სოფო ვერძეულმა უთხრა ჟურნალისტებს, არ უნდა რჩებოდეს კითხვები მოსამართლეობისთვის შერჩეულ კანდიდატურათა პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, დღევანდელი რეალობა კი საწინააღმდეგოზე მეტყველებს:

სოფო ვერძეული

სოფო ვერძეული

„კანონმდებლობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყოს ყოველგვარი არგუმენტაციის და დასაბუთების გარეშე, რაც ქმნის საბჭოს წევრების მხრიდან თვითნებობის, არაჯანსაღი გარიგების შესაძლებლობებს. ვხედავთ, რომ მოსამართლეები უვადოდ ამ ქვეყანაში სწორედ ამგვარი პრაქტიკის და პროცედურების შესაბამისად ინიშნებიან“.

სწორედ ამიტომ, კამპანია „სამართალი ითხოვს!“ მანკიერი პროცესის შეჩერების მოთხოვნით გამოდის და სწორედ ამის შესახებ ლაპარაკობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური:

„მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა გაჩერდეს და იქამდე, სანამ ჩვენ არ მივიღებთ ახალ კანონმდებლობას, ახალი მოსამართლეები არ უნდა დაინიშნონ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენ შეიძლება მოვხვდეთ იმ მოცემულობაში, რომ კონკრეტული მოსამართლეები დაინიშნებიან კლანური შეთანხმებების საფუძველზე და არა მათი გამოცდილებისა და ცოდნის საფუძველზე. გარდა ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ელექტრონული განაწილების წესის შემოღება რაც შეიძლება სწრაფად“.

სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების პრეტენზიებს არ იზიარებენ იუსტიციის სამინისტროში. როგორც 12 აპრილს ჟურნალისტებს უთხრა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ, პროცესი მიდის და პარლამენტმა უკვე მეორე მოსმენით განიხილა რეფორმის „მესამე ტალღის“ კანონპროექტები. ხოლო რაც შეეხება მოსამართლეთა დანიშვნის სადავო პროცესის შეჩერება-არშეჩერებას, ალექსანდრე ბარამიძის თქმით, ეს მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების პრეროგატივაა და ამ პროცესში ვერც აღმასრულებელი ხელისუფლება ჩაერევა და ვერც საკანონმდებლო.

მე-3 სექტორი კი უკან დახევას არ აპირებს. ახალი კამპანიის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ ინტენსიურ საუბარს როგორც პარლამენტთან, ასევე მთავრობასთან, პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებასთან. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში, კამპანია („სამართალი ითხოვს!“) ქუჩის აქციების მშვიდობიან და კანონიერ პრაქტიკასაც მიმართავს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG