Accessibility links

რა იცის საზოგადოებამ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ


ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგების პრეზენტაცია

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგების პრეზენტაცია

9 დეკემბერს ევროპის საბჭომ საზოგადოებას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულების შესახებ სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგები გააცნო. გამოკვლევასთან ერთად შეიქმნა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისადმი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების სტრატეგია. გამოკვლევის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 1000 ადამიანი გამოიკითხა. გამოკვლევამ აჩვენა ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა მიმართ მოსახლეობის შიშები, დამოკიდებულებები და ტოლერანტობის ხარისხი.

გლდანში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში, 58 წლის ქალი უკვე 25 წელია ცხოვრობს. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, ამ წლების მანძილზე არც არასდროს გასჩენია ფსიქიატრიული დაწესებულების დატოვების სურვილი. ამბობს, რომ ის იქ თავს გაცილებით მშვიდად და დაცულად გრძნობს:

„ჟღერს ცუდად ეს ფსიქიატრიული, თორემ აქ ერთსულოვნებაა, ერთი ოჯახივით ვცხოვრობთ. მოვდივართ ერთად წლებია. აქ დავბერდი“.

ამ სტრატეგიულ გეგმებს რომ ვიღებთ, ძალიან კარგია, მაგრამ მათი აღსრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან მას პატრონი არ ჰყავს...

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ფსიქიკური პრობლემების მქონე ქალს დაწესებულების დატოვებაზე აღარ უფიქრია, საზოგადოების დამოკიდებულებაა მსგავსი ტიპის პრობლემების მქონე ადამიანებისადმი. სწორედ ეს საკითხი იკვლია ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“, რომელმაც ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა მიმართ მოსახლეობის შიშები, დამოკიდებულების ხასიათი, ტოლერანტობისა და მიმღებლობის ხარისხი გამოავლინა. ეკა ჭყონია, ფსიქიატრი, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე, იმ შედეგებზე ლაპარაკობს, რომელიც ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა. მისი სიტყვებით, მართალია, გამოკითხულთა შორის ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა მიმართ ემპათია და ტოლერანტობა გამოვლინდა, მაგრამ როგორც კი კითხვები შეეხო, მაგალითად, მათი დასაქმებისა თუ დაოჯახების უფლებას, გამოკვლევამ ნეგატიური შედეგები აჩვენა. ანუ, თუკი პროცენტულ მაჩვენებლებში გამოვხატავთ შედეგებს, გამოკითხულთა 76% თვლის, რომ საუკეთესო თერაპია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთათვის საზოგადოებაში ინტეგრირებაა, თუმცა მხოლოდ 22%-ს მიაჩნია, რომ მათ დასაქმების ისეთივე უფლებები უნდა ჰქონდეთ, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს:

„საქართველოში ძალიან მაღალია შიში და მიუღებლობა ამ პირების მიმართ. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება პირდაპირ კორელირებდა განათლების დონესთან. რაც უფრო მაღალი იყო განათლება, მით უფრო მეტად იყო ტოლერანტულობა და ემპათია. თუმცა, როგორც კი გადავდიოდით კონკრეტულ საკითხებზე, მაგალითად, რამდენად ისურვებდით, რომ თქვენ მეზობლად ცხოვრობდნენ ეს ადამიანები, ამ შემთხვევაში ვიღებდით მნიშვნელოვნად გაუარესებულ შედეგებს. ზოგ შემთხვევაში საქართველოში ორჯერ და სამჯერ უფრო მაღალია მიუღებლობა, ვიდრე ევროპის ქვეყნებში“.

გამოკვლევის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა იმის გარკვევაც, თუ რა ცოდნა აქვს საზოგადოებას ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით. როგორც გაირკვა, გამოკითხულთა უმრავლესობას - კერძოდ, 71%-ს - ფსიქიკური აშლილობის მქონე პირად მიაჩნია ადამიანი, რომელსაც შიზოფრენიის დიაგნოზი აქვს. მას მოჰყვება პირი, რომელიც ძალადობისკენაა მიდრეკილი. რაც შეეხება დეპრესიას, მძიმე დეპრესიული ეპიზოდების მქონე პირს, გამოკითხულთა მხოლოდ 5% მიიჩნევს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირად.

საზოგადოებაში განათლების დონის ამაღლება და ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთათვის სათანადო სერვისების მიწოდება - სწორედ ამ ორი კომპონენტის სრულყოფით იქნება შესაძლებელი, გამოკვლევის მეთოდოლოგიური ნაწილის ავტორის, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელის იაგო კაჭკაჭიშვილის აზრით, დამოკიდებულებების გადაფასება და სტიგმის დაძლევა:

იაგო კაჭკაჭიშვილი

იაგო კაჭკაჭიშვილი

„პირველ რიგში, რასაკვირველია, აუცილებელია ინფორმაციის მიწოდება. საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება. ამას, მე მაინც ვფიქრობ, სისტემური ხასიათი უნდა მიეცეს. ვთქვათ, მსგავსი საკითხები ჩაერთოს სასკოლო პროგრამის კურიკულუმში. ამ საკითხებზე ცნობიერების წვრთნა, ვფიქრობ, რომ უნდა დაიწყოს თინეიჯერობის ასაკიდან“.

2014 წელს მთავრობის მიერ შეიქმნა ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა, რომლის მთავარ გამოწვევებს შორისაა ამბულატორიული მომსახურების გაძლიერება და შესაბამისი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა, მომსახურების დაფინანსების გაზრდა, მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და სხვა. გამოკვლევის პრეზენტაციაზე ფსიქიატრი მანანა შარაშენიძე დაინტერესდა, თუ როგორ ხორციელდება და ვინ არის პასუხისმგებელი აღნიშნული სტრატეგიის იმპლემენტაციაზე. მას ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინე დარახველიძე გამოეხმაურა:

„ამ სტრატეგიულ გეგმებს რომ ვიღებთ, ძალიან კარგია, მაგრამ მათი აღსრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან მას პატრონი არ ჰყავს“.

„ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს გადასაწყვეტი, თუ როგორ განახორციელებს და გააკეთებს ამ პროგრამას და აუცილებლად გააკეთებს. მე პირადად ვარ ჩართული ამ პროცესში. ის ფაქტი, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარისხის კონტროლზე პასუხისმგებელია უზარმაზარი უწყება, რეგულირების სააგენტო, მედიკამენტების თვალსაზრისით მისი კონტროლის სამსახურით, კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებით კეთდება ბევრი რამ. ესეც ხომ საქმეა! დაწყებული მინისტრით, მინისტრის მოადგილით და ჩემით, ყველას ეხება ეს საკითხები იმ პროპორციით, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია მასში მონაწილეობა მივიღოთ. და თქვენ იცით, რომ მე უკან არასდროს ვიხევ“.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ განათლებისა და ცნობიერების ამაღლების სტრატეგიული გეგმა (მოიცავს 2015-2020 წლებს) იმ გამოკვლევის საფუძველზე დაიწერა, რომელიც ჩაატარა ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“. სტრატეგია აერთიანებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ფსიქიკური აშლილობების მქონე პირთა უფლებების ადვოკატირება, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შემუშავება, საინფორმაციო კამპანიები და სხვა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG