Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფსიქიატრების და ნევროლოგების დავა - ვინ უმკურნალებს ნევროზს


ფსიქიატრები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავენ წინადადებით, გადაიხედოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების დანართი, რომლის მიხედვითაც გარკვეული დაავადებების მკურნალობა, ფსიქიატრების გარდა, ნევროლოგებსაც შეეძლებათ. ფსიქიატრები ამბობენ, რომ ნევროლოგებს ამ დაავადებების სამკურნალოდ კომპეტენცია არ ეყოფათ.

პეტიციას, რომლითაც ფსიქიატრები ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ, ორმოცდაათი ხელმოწერა ერთვის. ხელმოწერები გრძელდება რეგიონებშიც. ფსიქიატრები ეწინააღმდეგენიან N 01-8/ნ და N 01-21/ნ ბრძანებათა დანართებს, რომლითაც ფსიქიატრიის კომპეტენციები სხვა სპეციალობის ექიმებსაც განესაზღვრათ. ეკა ჭყონია, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე, ამბობს, რომ მათ უშუალოდ ნევროლოგებთან აქვთ პრობლემა, რომლებმაც ამ ბრძანების შედეგად ფსიქიატრის ფუნქციებიც შეითავსეს:

„პეტიციით მოვითხოვთ ჩვენი კომპეტენციების ამოღებას სხვა სპეციალობის ექიმების კომპეტენციებიდან და დამტკიცებას მხოლოდ ფსიქიატრებისთვის“.

თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილე კახა ყიფიანი ამბობს, რომ მსგავსი კარდინალური ცვლილებები რამე ახალ მეცნიერულ აღმოჩენას უნდა ემყარებოდეს, რაც არ მომხდარა.

„იცით, დეპრესიის სამკურნალოდ ნებისმიერ ექიმს შეუძლია რჩევა მისცეს, რომელსაც წიგნი წაუკითხავს (შეიძლება ეს იყოს თერაპევტი, ქირურგი ან, მაგალითად, ნეფროლოგი),მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ამ დარგის სპეციალისტია და ამას უნდა აკეთებდეს. დეპრესია რას ამოვიჩემეთ, იქ ბიპოლარულ აშლილობებზეა საუბარი, რომ შეუძლია მკურნალობა, ასევე შეუძლია ნევროზების მკურნალობა, პერსონოლოგიური აშლილობების... მაშინ, იგივე ლოგიკით, რატომ არ შეუძლია შიზოფრენიის და სხვა ნებისმიერის?!“.

მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრის წარმომადგენელი გიორგი გელეიშვილი ამბობს, რომ მათ ამ ცვლილების შესახებ მხოლოდ ბრძანებისგამოქვეყნების შემდეგ შეიტყვეს:

„ერთი თუ რამდენიმე ნევროლოგი (ჯერ რატომ დაუკავშირდა ნევროლოგებს ჯანდაცვის სამინისტრო და არა ფსიქიატრებს, ეს არის გაუგებარი) მივიდა პროექტით და ეს პროექტი მერე დამტკიცდა. თითქოს, დარგი ფსიქიატრია გაუქმდა. თითქოს, რეზიდენტურა ფსიქიატრიაში არ არსებობს. სრულიად სხვა სპეციალობის ექიმებს მიანდეს ფსიქიკური პრობლემების მკურნალობა. ეს არის აბსურდი და, პირველ რიგში, იმ ადამიანების არაკომპეტენტურობის გამოვლინება, ვინც ეს ბრძანება მოამზადა. ვინც ხელი მოაწერა, იმან ან არ წაიკითხა, ან ვერ ხვდება, რომ ფსიქიატრია ცალკე დარგია და ნერვოლოგია - ცალკე“.

გიორგი გელეიშვილის თქმით, ჩამონათვალში არის სხვადასხვა ტიპის დეპრესია, სხვადასხვა ტიპის ნევროზული, სტრესთან დაკავშირებული და სომატოფორმული აშლილობები, ფსიქოზები:

„გამოდის, რომ ნევროლოგს აქვს უფლება უმკურნალოს იმავე პაციენტს, რომელსაც მე ვმკურნალობ, ოღონდ ამისთვის მე ვალდებული ვარ რეზიდენტურა გავიარო, ის კი არ არის ვალდებული“.

ამასთან დაკავშირებით სხვა მაგალითი მოჰყავს კახა ყიფიანს:

ძალიან ბევრი, ვინც ფიქრობს, რომ აქვს ნევროზი ან დეპრესია, მიდის არა ფსიქიატრთან, არამედ ნევროლოგთან. ყოველი მისული პაციენტი არის შემოსავლის წყარო. თუ ექიმი არის არაკეთილსინდისიერი, ის მიიღებს პაციენტს...
გიორგი გელეიშვილი

„თვითონ ვარ მომსწრე, სტუმრად ვიყავი სვანეთის ერთ-ერთ სოფელში და თექვსმეტი წლის გოგონა სოფლის ბებიაქალმა ამშობიარა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ბავშვი ჯანმრთელია, დედაც ჯანმრთელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის ნორმალური მიდგომა მედიცინისა და დაავადებებისადმი“.

როგორც ფსიქიატრები ამბობენ, ჯანდაცვის სამინისტროს არ განუმარტავს, თუ რა იყო ამ ცვლილების მიზეზი, მაგრამ გიორგი გელეიშვილი ამბობს, რომ ეს ძნელი მისახვედრი არ არის. მისი თქმით, ნევროლოგები საზოგადოებაში არსებული სტიგმით სარგებლობენ, რომლის გამოც ხალხს ფსიქიატრთან მისვლა ეუხერხულება:

„ძალიან ბევრი, ვინც ფიქრობს, რომ აქვს ნევროზი ან დეპრესია, მიდის არა ფსიქიატრთან, არამედ ნევროლოგთან. ყოველი მისული პაციენტი არის შემოსავლის წყარო. თუ ექიმი არის არაკეთილსინდისიერი, ის მიიღებს პაციენტს, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია არა აქვს, გამოართმევს ფულს და შემდეგ ეცდება ჯანდაცვის სამინისტროს მეშვეობით ეს დააკანონოს“.

არჩილ ბეგიაშვილი, საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქიატრიული დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, ამბობს, რომ თანამედროვე მსოფლიოში სხვადასხვა სახის ნევროზს დიაგნოზად ძალიან ხშირად სვამენ. მისივე თქმით, ფსიქიკური აშლილობები ინვალიდობის გამომწვევ მიზეზებს შორის პირველ ადგილს იკავებს:

შევთავაზეთ უფრო შეზღუდული ვარიანტი, სადაც ძალიან მოკრძალებული ნაწილი დავიტოვეთ ჩვენს საზიაროთ. ეს სწორედ ის ნაწილია, რომელიც არის გადაფარვის ზონა ფსიქიატრებსა და ნევროლოგებს შორის...
რომან შაქარიშვილი

„ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოების მიიჩნევს, რომ ნევროზი არის ნევროპათოლოგის სამკურნალო. მაგრამ ნევროპათოლოგის კომპეტენციაა ის, რომ მსგავსი პაციენტი ფსიქიატრთან გაუშვას და ხელი არ მოჰკიდოს ისეთი დაავადების მკურნალობას, რომელიც მის კომპეტენციაში არ შედის. ამ ბრძანებით კი გამოდის, რომ შეუძლია მსგავსი აშლილობის მკურნალობა. არადა, ამისთვის სამი წელი ამზადებენ სპეციალისტს დაამაში სახელმწიფო ფულს ხარჯავს, ჰო?“

თავად ნევროლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი რომან შაქარიშვილი ამბობს, რომ კომპეტენციათა გამიჯვნის შესახებ სამინისტრომ რამდენიმე თვის წინ ასოციაციას შეკითხვით მიმართა. პასუხი ფსიქიატრებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ამის შემდეგ შეიმუშავეს სხვა ვარიანტი, სადაც, შაქარიშვილის თქმით, მხოლოდ იმ დაავადებებს ეხებოდნენ, რომლებიც მსოფლიო სტანდარტებით, ფსიქიატრებისთვისაც და ნევროლოგებისთვისაც მომიჯნავეა:

„შევთავაზეთ უფრო შეზღუდული ვარიანტი, სადაც ძალიან მოკრძალებული ნაწილი დავიტოვეთ ჩვენს საზიაროთ. ეს სწორედ ის ნაწილია, რომელიც არის გადაფარვის ზონა ფსიქიატრებსა და ნევროლოგებს შორის“.

მინდა მივმართო ორივე საზოგადოებას - როგორც ფსიქიატრებს, ასევე ნევროლოგებს - და მოვუწოდო, რომ მათ აქვთ საშუალება და ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის ამისთვის, რომ შეასრულოს მედიატორის როლი...
მარინა დარახველიძე

მისივე თქმით, აუცილებელია ამ ორი სფეროს სპეციალისტებმა შექმნან კონსენსუსის ჯგუფი და ერთად გადაწყვიტონ ეს საკითხი. ის ლაპარაკობს ასევე ქვესპეციალობის შექმნის შესაძლებლობაზეც:

„მიზანშეწონილია შეიქმნას ქვესპეციალობა, რომელიც გარდა იმისა, რომ კომპრომისის გზას გამოსახავს, ასევე მაღალ კომპეტენციაზე ასწევს ამ მიმართულებით სამედიცინო საქმიანობას, რაშიც თანაბრად შეუძლიათ მონაწილეობა ფსიქიატრებსაც და ნევროლოგებსაც“.

23 ოქტომბერს ამ თემასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში ბრიფინგიც გაიმართა. ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა დარახველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამინისტრო მზადაა მედიატორის როლი შეასრულოს ფსიქიატრებსა და ნევროლოგებს შორის:

„მინდა მივმართო ორივე საზოგადოებას - როგორც ფსიქიატრებს, ასევე ნევროლოგებს - და მოვუწოდო, რომ მათ აქვთ საშუალება და ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის ამისთვის, რომ შეასრულოს მედიატორის როლი. ისინი დადგნენ გვერდიგვერდ და განიხილონ მათი პროფესიული კომპეტენციები, რათა მივაღწიოთ კონსენსუსს და შევიტანოთ შესაბამისი ცვლილებები არსებულ ნორმატიულ აქტში.

ასევე საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ეს საჯარო განხილვისთვის იყო სამინისტროს საიტზე დადებული და ყველას ჰქონდა საშუალება საკუთარი აზრის გამოთქმის“.

მარინა დარახველიძე ამბობს, რომ განხილვის ეტაპზე ფსიქიატრებისგან არავითარი შენიშვნა არ მიუღიათ, ხოლო ბოლოს, როდესაც მათ თავიანთი პრეტენზიები მაინც გამოთქვეს, დაპირისპირებული მხარეების ერთ მაგიდასთან დასხმა არ მოხერხდა. მისი თქმით, ფსიქიატრებმა უარი თქვეს საკითხი ნევროლოგთა ასოციაციასთან ერთად განეხილათ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG