Accessibility links

logo-print

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ისევ მძიმე პირობებია


ოლგა კალინა

ოლგა კალინა

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული ვითარების ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. 2013 წლის აპრილსა და მაისში ცენტრის მონიტორინგის ჯგუფი, მოწვეულ მკვლევარებთან ერთად, საქართველოს რამდენიმე ფსიქიატრიულ დაწესებულებას სწავლობდა. რთული ვითარება, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში წლებია არსებობს, უცვლელი რჩება. განსაკუთრებით მძიმე სურათია რეგიონების ფსიქიატრიულ დაწესებულებებში.

ფსიქიატრიული დაწესებულებების შესახებ ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, ოლგა კალინა, რომელსაც თავადაც ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები და დღეს ორგანიზაციაში „თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის“ მუშაობს, ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც კვლევამაც აჩვენა, ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებისათვის რეაბილიტაციის სერვისების უქონლობაა:

„ძირითადი აქცენტი მედიკამენტოზურ მკურნალობაზე კეთდება, რეაბილიტაციის მხრივ კი არაფერი კეთდება“.

პირველი რიგის პრობლემებს შორისაა ჩაკეტილი ტიპის ფსიქიატრიული დაწესებულები, სადაც ადამიანები ახლობლებისა და ნათესავების მონახულების გარეშე ცხოვრობენ და იქაურობას ვერასოდეს ტოვებენ. ამის კარგი მაგალითია ქუტირის ფსიქიატრიული საავადმყოფო და იქ არსებული გაუსაძლისი პირობები:

„ქუტირში, მაგალითად, ზუსტად ისევე არიან ჩაკეტილები ეს ადამიანები, როგორც ქრონიკული და მწვავე პაციენტები. ძალიან ცუდი საცხოვრებელი პირობები აქვთ, მაგალითად, ბეტონის იატაკი, ჭუჭყიანი ტუალეტი... ჩვენ ვნახეთ ქალი, რომელსაც ორივე ფეხი ჰქონდა ამპუტირებული, არ ჰქონდა ინვალიდის სავარძელი და ასეთ ტუალეტში მუხლებზე სიარული უწევდა. მართლა მძიმე სანახაობა იყო. ეს არაადამიანური პირობებია. ასეთი ადამიანებისათვის სპეციალური თავშესაფარი უნდა აშენდეს“.

ისინი ცხოვრობდნენ თბილისში, კერძოდ, გლდანის დაწესებულებაში, კონტაქტი ჰქონდათ ახლობლებთან. შესაძლოა ეს არ იყო კარგი ურთიერთობა, მაგრამ მაინც... ახლა კი, როცა ქუტირში გადაიყვანეს, ნათესავები იქ აღარ აკითხავენ...
ოლგა კალინას ესმის, რომ მცირე დაფინანსების პირობებში ყველა პრობლემის ერთდროულად გადაჭრა შეუძლებელია, მაგრამ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მიმართ სწორ მიდგომას ფული არ სჭირდება. მაგალითად, ქუტირის დაწესებულებაში ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა იქ ყოფნაც - გამოკეტვა, როგორც ოლგა კალინა ამბობს - მათმა მეურვეებმა მოისურვეს:

„ისინი ცხოვრობდნენ თბილისში, კერძოდ, გლდანის დაწესებულებაში, კონტაქტი ჰქონდათ ახლობლებთან. შესაძლოა ეს არ იყო კარგი ურთიერთობა, მაგრამ მაინც... ახლა კი, როცა ქუტირში გადაიყვანეს, ნათესავები იქ აღარ აკითხავენ. ზოგი მათგანი, რომელსაც მეურვე ჰყავს თბილისში, უკვე თავის პენსიასაც აღარ იღებს“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი გვეუბნება, რომ ფსიქიატრიული დაწესებულებების შესახებ ანგარიშის მომზადების პერიოდში „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მცირემასშტაბიანი სოციოლოგიური კვლევაც ჩაატარა, რომლის დროსაც ადამიანებს ჰკითხეს, ისინი რომ ხელმძღვანელები ყოფილიყვნენ, თავს შეიკავებდნენ თუ არა იმ ადამიანის სამსახურში მიღებისგან, რომელიც მკურნალობის კურსს გადიოდა ფსიქიატრიულ კლინიკაში. გამოკითხულთაგან უმრავლესობამ - 42%-მა - განაცხადა, რომ თავს შეიკავებდა ამ გადაწყვეტილების მიღებისგან. ამ გამოკვლევამ ისიც აჩვენა, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ამ პრობლემის შესახებ ბევრი არაფერი იცის. მათ სოციალურ განწყობებში კი ხშირია ისეთი სტერეოტიპები, რომლებიც ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს მუდმივად დისკრიმინაციის რისკის ქვეშ ამყოფებს.

ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ცენტრის მონიტორინგის ჯგუფმა ჯანდაცვის სამინისტროსა და ფსიქიატრიული დაწესებულებების დირექტორების მიმართ რეკომენდაციათა ნუსხა შეიმუშავა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და ანგარიშის ავტორები ასევე ურჩევენ ჯანდაცვის სამინისტროს ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის თემზე დაფუძნებული სერვისები განავითაროს, შექმნას ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრები, ხოლო თბილისში უკვე არსებულ ერთადერთ ცენტრს ხელი შეუწყოს, რომ მან არსებობა არ შეწყვიტოს, სახელმწიფომ უზრუნველყოს ფსიქიატრიული სტაციონარების თანამშრომელთა ტრენინგი, პაციენტებს კი მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ უფასო იურიდიული დახმარება.

სასჯელაღსრულების სამინისტრო ოქტომბერში გეგმავს, რომ პენიტენციარულ სისტემაში გაიხსნას ფსიქიატრიული საავადმყოფო. სავარაუდოდ, ეს რუსთავის ქალთა კოლონიის ტერიტორიაზეა დაგეგმილი...
ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორების მისამართით რეკომენდაციები ასეთია: პაციენტებს შეუქმნან თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობები - იქნება ეს გათბობა, ვენტილაცია თუ ელემენტარული ჰიგიენური პირობები; გააცნონ მათ საკუთარი უფლებები, რეგულარულად თვალიყური ადევნონ მათ საჩივრებს და ა.შ.
„ამ სფეროს სწორი მართვა სჭირდება“, ფიქრობს ფსიქიატრი და ”ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის” გამგეობის თავმჯდომარე მანანა შარაშიძე. სწორედ ამ სწორი ვექტორების არარსებობის გამო ვერ ხერხდება ამ სფეროშო პროგრესის მიღწევა.

ეს სიტყვები მანანა შარაშიძემ ჯერ კიდევ თებერვალში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული ვითარების შესახებ სახალხო დამცველის ოფისის მიერ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციაზე თქვა. ამ ანგარიშის თანახმადაც, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მდგომარეობა ისევ სავალალოა, ფსიქიატრია კი კვლავაც რჩება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისათვის ნაკლებ პრიორიტეტულ დარგად. და ეს მაშინ, როდესაც, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 100 000-მდე ადამიანს აღენიშნება ფსიქიკური აშლილობა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მიმდინარე წლის ივლისში სამინისტროში ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის განმსაზღვრელი საბჭო ამოქმედდა, რომელშიც არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებიც არიან ჩართულები და რამდენიმე ღონისძიებაც დაიგეგმა. აგვისტოს ბოლოს ფსიქიკური ჯანმრთელობის მოწყობის ეროვნული კონცეფცია უნდა იყოს მზად. სექტემბერ-ოქტომბერში ფსიქიატრიული დაწესებულებების დეტალური შესწავლაა დაგეგმილი, რაც უპირველეს საჭიროებებს გამოავლენს:

„გარდა ამისა, სასჯელაღსრულების სამინისტრო ოქტომბერში გეგმავს, რომ პენიტენციარულ სისტემაში გაიხსნას ფსიქიატრიული საავადმყოფო. სავარაუდოდ, ეს რუსთავის ქალთა კოლონიის ტერიტორიაზეა დაგეგმილი. ასევე არის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც არანებაყოფლობით სტაციონარიზაციას შეეხება და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან ერთად ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ“.
XS
SM
MD
LG