Accessibility links

logo-print

25 წელი ფსიქიატრიულში


ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა გამოფენა თბილისში, 2012 წელი

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა გამოფენა თბილისში, 2012 წელი

თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ძირითადად შიზოფრენიის დიაგნოზით წვანან. აქ მოჰყავთ პირები, რომელთა მდგომარეობა განსაკუთრებით რთულია. ისინი ხშირად აქვე რჩენიან და, თანაც, მრავალი წლით. რა პირობებში უწევთ ცხოვრება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს და როგორია მათი ყოველდღიურობა?

თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში 196 პაციენტია. დერეფნები რკინის კარით არის ჩაკეტილი და ფანჯრებზეც გისოსებია აკრული. როცა შედიხარ, ვინც ფეხზეა, ყველა დერეფანში გამოდის, დანარჩენები წვანან. ასე უფრო თბილად არიან. შენობაში ცივა.

აქ მოხვედრილთა მდგომარეობა მწვავეა, ყოველ შემთხვევაში, წესით ასე უნდა იყოს. არიან ისეთებიც, ვინც საავადმყოფოში იმიტომ რჩება, რომ წასასვლელი არსად აქვს.

ერთ-ერთი მათგანი, ვინც წლების განმავლობაში აქ ცხოვრობს, დახლოებით 50 წლის ქალია. ბავშვის წინდას ქსოვს და დრო ასე გაჰყავს. ვის შვილსაც მოერგება, იმას მივცემო. ღამის წამალს ჩვეულებრივზე გვიან სვამს, რომ დილით ძალიან ადრე არ გაეღვიძოს. ამის გამო ყავაზეც უარი თქვა და ჩაით ჩაანაცვლა. სამზარეულოში მხოლოდ სადილად თუ ჩავდივარო, ამბობს. ასე ცდილობს შვრიის ფაფა აირიდოს თავიდან.

„ჰერკულესია და არ მიყვარს ეს ჰერკულესი. კიდევ კარაქიანი პურია, არც ეგ მიყვარს.თუ მომეწონა ბრინჯის ქაში ან რაღაცა ქაში, იმას ვჭამ. სამზარეულოშიჩასვლას კი არ ვუკადრისობ, მაგრამტყუილად რატომ ჩავიდე?! ჰერკულესი არ მიყვარს. კარაქიანი პური არ მიყვარს. ბელა მყავს აგერ, იმის პურს ვჭამ ხოლმე და ესენიც მაძლევენ უკარაქოს“.

კიდევ ერთი პაციენტი აქ მას შემდეგ მოხვდა, რაც სმის შედეგად ჰალუცინაციები დაეწყო. მას შემდეგ კლინიკაშია.

„შიშები არ მქონია მე არასოდეს. ექიმი მყავს ბიძაშვილი, მან მითხრა, ხმებს არ დაუჯეროო. საშინელი, ენით აუწერელი ხმები გესმის. ეს კოშმარია. არასოდეს ხმების ჭკუაზე არ დავდიოდი. ეს შემრჩა ბოლომდე. 25 წელია, რაც ფსიქიატრიულში ვარ. აქ დავბერდი“.

მთიულია. გავწერთ, მიდის, იქ ვიღაცებს ეხმარება. ნასახლარებში სძინავს. დაახლოებით ათი დღე ძლებს ასე, მერე მდგომარეობა უმწვავდება, შიშები და უძილობა ეწყება და ისევ უკან მოდის...

ეს პაციენტი ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც ფსიქიატრიულის შენობიდან გასვლის ნებართვა აქვს. შეუძლია ახლომდებარე მაღაზიაში რამე იყიდოს, გაისეირნოს, მაგრამ გარეთ არასოდეს გადის. არც სახლში დაბრუნებაზე ოცნებობს:

„შესანიშნავი წლები აქ გავლიე და ახლა რა მნიშვნელობა აქვს, ოთახში ვიჯდები თუ ოჯახში ვიჯდები“.

მამაკაცთა განყოფილების გამგის რომან ტურაშვილის თქმით, ყველაზე დიდი სირთულე ის არის, რომ ვერ ხერხდება პაციენტების სახლის პირობებში მკურნალობა. ამის გამო ზოგი ოცჯერ და ოცდახუთჯერ ხვდება საავადმყოფოში. მას მაგალითად ერთ-ერთი პაციენტი მოჰყავს, რომელსაც ოჯახი აღარ ღებულობს:

„მთიულია. გავწერთ, მიდის, იქ ვიღაცებს ეხმარება. ნასახლარებში სძინავს. დაახლოებით ათი დღე ძლებს ასე, მერე მდგომარეობა უმწვავდება, შიშები და უძილობა ეწყება და ისევ უკან მოდის. ჩვენც, ასეთ შემთხვევაში, უარს ვერ ვეუბნებით“.

მისივე თქმით, ისეც ხდება, როცა პაციენტები ურჩობენ, განსაკუთრებით, დეპრესიის შემთხვევაში. ამ დროს ჭამაზე უარს ამბობენ და მათთან ინდივიდუალურად უნდა იმუშაო. ამასთან, ზოგს აკითხავს პატრონი, ზოგს - აღარ. ერთი პაციენტი ამბობს, რომ მის ახლობლებს თავადაც არაფერი გააჩნიათ და ამიტომ არ ნახულობენ:

„ცუდად გავხდი და იმიტომ მოვხვდი ფსიქიატრიულში. სამწუხაროდ, ნათესავები ღარიბ-ღატაკები მყავს. ძალიან უჭირთ, თორემ მნახავდნენ აუცილებლად“.

რამდენად ახდენს გარემო პირობებიგავლენას მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე? ბუნებრივია, ახდენს. ეს ყველაზე ნაკლებად ეხება შიზოფრენიას, ძირითადად სწორედ ამ დიაგნოზის პაციენტებს აქვთ დაკავებული საწოლები...

კიდევ ერთი პაციენტი აქ დროგამოშვებით ხვდება. მას სმენითი ჰალუცინაციები აწუხებს. მისი თქმით, ასეთ დროს ძალიან იტანჯება ხოლმე:

„დიდი ხანია დავდივარ აქ, მივდივარ-მოვდივარ. ახლა 23 სექტემბერს შემოვედი. არ ვიცი, როდის გამიშვებენ აქედან. ისე, ვაპირებ, რომ ჯანმრთელად ვიყო, გამოვიყვანო ჩემი თავი მდგომარეობიდან, ჩემი თავი ავიყვანო ხელში და ვიყო ისე, რომ აქ აღარ მოვხვდე, საერთოდ“.

ფსიქიატრი ეთერ ელიოზიშვილი ამბობს, როდესაც ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა ირყევა, მისი ოჯახის წევრები თავდაპირველად ამას ვერც იჯერებენო:

„როდესაც რაღაც განსხვავებულთან უხდებათ შეხება, ჯერ შოკის მდგომარეობაში არიან. რატომ შეეცვალა ქცევა? რა ხდება? ჩაიკეტა ადამიანი. ერთ დროს მხიარული, აქტიური, თვითონ რიყავს თავს ადამიანებისგან. იკეტება თავის ოთახში. ვერ ხვდებიან, რომ ავადმყოფური მდგომარეობა ვითარდება და ის უფრო და უფრო ღრმავდება, სანამ აგრესია არ ვითარდება და შემდეგ, აგრესიის დროს, თავდაცვის მიზნით მიმართავენ სასწრაფოს“.

თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკა ჭყონია ამბობს, რომ საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისთვის სულ 1400 საწოლია გამოყოფილი და ყოველთვის ყველა დაკავებულია.

„რამდენად ახდენს გარემო პირობებიგავლენას მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე? ბუნებრივია, ახდენს. ეს ყველაზე ნაკლებად ეხება შიზოფრენიას, ძირითადად სწორედ ამ დიაგნოზის პაციენტებს აქვთ დაკავებული საწოლები. რაც შეეხება რეფერალს, ყოველწლიურად მატულობს რეგისტრირებული პაციენტების რაოდენობა, ისინი თავისი ფეხით მოდიანაღრიცხვაზე“.

მისივე თქმით, ფული გამოიყოფა იმის მიხედვით, თუ რამდენი პაციენტი წევს საავადმყოფოში, მაგრამ თანხა იმდენად ცოტაა, ერთი პრომლემა თუ მოაგვარე, მეორის მოსაგვარებლად უკვე სახსრები აღარ გრჩება:

„თუ შენ გყავს ის რაოდენობა სპეციალისტების, რაც რეალურად გჭირდება, მაშინ ძალიან დიდი თანხა ხელფასებზე წავა. კარგ წამლებზე თუ დახარჯავ ფულს, მაშინ- წამლებზე. თუ გათბობაზე, წყალზე და პირობებზე დახარჯავ, მაშინაც ასე. ანუ, ცდილობ, როგორმე გადაანაწილო ეს ფული ისე, რომ ცოტა ხელფასებზე დაგრჩეს, ცოტა წამალზე, ცოტა გათბობაზე... საბოლოოდ, კი გაქვს ეს ყველაფერი, მაგრამ საკმარისი არაა“.

ეკა ჭყონია ამბობს, რომ უნდა არსებობდეს უწყვეტი ჯაჭვი დაწესებულებების, რომლებიც მსგავს პაციენტებს სხვადასხვა სერვისებს შესთავაზებენ. თუ პაციენტის მდგომარეობა გამწვავებულია, ის სტაციონარში იქნება, მაგრამ შემდეგ ისეთ ადგილას უნდა გადაიყვანონ, სადაც ნაკლებად შეზღუდავენ. ეკა ჭყონიას თქმით, საქართველოში ეს სისტემა ნაკლებად მუშაობს და ამიტომაც ხშირად სხვადასახვა სირთულის პაციენტები ერთ ჭერქვეშ არიან თავმოყრილნი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG