Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბრბო, რომელმაც დაგვცინა და დაგვივიწყა...“


კვირის დასაწყისში, 10 ოქტომბერს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნა. როგორ ცხოვრობენ საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები, მათი ოჯახები და რას აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდეს?

ლელას ახსოვს, მაშინ 7 წლის იყო: „ქუჩაში მიდის ჩემი ძმა, უკან მე მივყვები და მოგვდევს ბრბო, რომელიც დასცინის. დღემდე, სიტყვა „გიჟი“ რომ მესმის, მაკანკალებს“...

„ბრბო, რომელმაც დაგვცინა და დაგვივიწყა...“
please wait

No media source currently available

0:00 0:10:35 0:00
გადმოწერა

ლელა კოტორაშვილი ამ კადრებთან ერთად გაიზარდა. ის ახლა რაჭაში ცხოვრობს და მასწავლებელია. მსგავსი კადრები ლელას ყოველდღიურ ცხოვრებად იქცა. შვიდი წლის პატარა გოგო 17 წლის ძმის მცველად იქცა. ის გამუდმებით ცდილობდა საზოგადოებისგან დაეცვა უფროსი ძმა, რომელსაც სხვები „გიჟს“ ეძახდნენ - იმ საზოგადოებისგან დაეცვა, რომელმაც ზურა და მისი ოჯახი მაშინვე გარიყა, როგორც კი მისი დიაგნოზი გაიგო:

„ეს არის საზოგადოება, რომელსაც განაჩენი გამოაქვს, როდესაც ასეთი პრობლემა შეიქმნება ოჯახში. მე არ ვლაპარაკობ მეზობლებზე და უცნობ ადამიანებზე, მე უახლოეს ნათესავებზე ვლაპარაკობ. ჩვენ აღმოვჩნდით აბსოლუტურად მარტოები“.

ხანდახან მგონია, რომ მიჩქმალული, დავიწყებული ჰყავთ ეს ადამიანები. ხანდახან კი არა, ასეა. თვითონ სახელმწიფოს არა აქვს აღებული პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ ამ ადამიანებმა ადეკვატურ პირობებში იცხოვრონ...
ლელა კოტორაშვილი

ლელას ძმა, ზურა, ახლა 41 წლისაა. 17 წლიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ, რაც ოჯახმა გააცნობიერა, რომ ზურას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, ის არაერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა. უკანასკნელი 10 წელია ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში ცხოვრობს და მკურნალობს. თვეში ერთხელ ოჯახის წევრები მის სანახავად ბედიანში ჩადიან, ამისათვის კი საგანგებოდ ემზადებიან:

„თითქოს ამით ვცდილობთ გამოვისყიდოთ, რომ ის ჩვენგან შორს არის და ჩვენს ყოველდღიურობას არ იზიარებს... მიგვაქვს ხოლმე მისთვის ის საჭმელები, რაც მას უყვარს. ვამზადებთ ხოლმე ნიგვზიან ბადრიჯანს, ხინკალს, საყვარელ ნამცხვარს, „ნაპოლეონს“. ამ ყველაფერს რიტუალურად ვამზადებთ და მივდივართ“.

ლელა ამბობს, რომ ბედიანში ზურა ნორმალურად ცხოვრობს. კვება კარგია. პაციენტებს აქვთ საშუალება კლინიკის ეზოში დღეში ორჯერ სასეირნოდ გავიდნენ. ექიმები მათ კარგად ეპყრობიან და ამისათვის მადლობელია, თუმცა იმასაც ამბობს, რომ შენობა ძველია. რეაბილიტაციას საჭიროებს. საცხოვრებელი პირობები რთულია. ერთ ოთახში 20-ზე მეტ პაციენტს სძინავს. იქ მოუწესრიგებელი საპირფარეშოებია. ლელა ამბობს, რომ კლინიკას სახელმწიფო მწირი ბიუჯეტით აფინანსებს და ის ძირითადად ერთეული ექიმების ძალისხმევაზე დგას:

„მე და ჩემი ოჯახი პირადად ვადევნებდით თვალს, როგორ დგას ეს კლინიკა ერთეული ექიმების მხრებზე, რომლებიც იქ მუშაობენ უკვე წლებია და ეს ადამიანები ხშირად საკუთარი სახსრებით აკეთებდნენ რაღაც-რაღაცებს. ახლა რომ ჩახვიდეთ თქვენ იქ და ერთი დღე მოგიწიოთ იქ ყოფნა, ნამდვილად არ მოგეწონებათ იქაური პირობები, მაგრამ წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერიც კი თვითონ ამ ექიმების გაკეთებულია. რა თქმა უნდა, აქვთ გარკვეული დაფინანსებაც, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ მიჩქმალული, დავიწყებული ჰყავთ ეს ადამიანები. ხანდახან კი არა, ასეა. თვითონ სახელმწიფოს არა აქვს აღებული პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ ამ ადამიანებმა ადეკვატურ პირობებში იცხოვრონ“.

მე მესმის, რომ, შესაძლოა, ოჯახი, გარკვეულწილად, ვერ ეგუებოდეს ამ სიტუაციას, მაშინ ამ შემთხვევაში უნდა არსებობდეს სერვისი, დაცული საცხოვრისის ფორმატი, სადაც ამ ადამიანებს საცხოვრისით უზრუნველყოფენ, სოციალური მუშაკის დახმარებით მოხდება მათი ადაპტაცია...
ჯანა ჯავახიშვილი

ცნობისმოყვარე ადამიანები ლელას დღემდე ეკითხებიან ხოლმე: „აზროვნებს შენი ძმა? გრძნობს რამეს?“ - ლელას მათთვის ასეთი პასუხი აქვს:

„ერთს გეტყვით და არა იმიტომ, რომ რომანტიკულ საბურველში გავხვიო ეს ყველაფერი. ზურა არის ის ერთ-ერთი ადამიანი, რომელთანაც ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. აბსოლუტურად ჯანსაღად აზროვნებს, განიცდის, ყველაზე დიდსულოვანია, ყველაზე კაი ტიპია და ყველაზე კეთილშობილია, ვისაც კი ამქვეყნად ვიცნობ. ზურა ჩემი ოჯახისთვის არის კათარზისი. ზურა რომ არ ყოფილიყო, ჩვენ არ ვიქნებოდით ისეთები, როგორებიც ვართ“.

ლელას და მისი უფროსი ძმის ამბავი კლასიკური მაგალითია იმისა, თუ რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ. ტაბუ, გარიყულობა, მკურნალობის მოძველებული მეთოდები, რთული საცხოვრებელი პირობები, პაციენტები, რომლებიც თავსატეხს წარმოადგენენ და სახელმწიფო, რომელიც თითქოს ზრუნავს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებზე, მაგრამ ეს ზრუნვა, როგორც ირკვევა, არასაკმარისია. ამის შესახებ, მაგალითად, თავის სპეციალურ ანგარიშში წერს სახალხო დამცველი. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ არასაკმარისი დაფინანსება, საბოლოო ჯამში, იწვევს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კვალიფიციური პერსონალის სიმცირეს, სათანადო თერაპიული გარემოს არარსებობას, მკურნალობის, მოვლის, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის დაბალ ხარისხს, ხანგრძლივ ჰოსპიტალიზაციას და თემზე დაფუძნებული სერვისების ხელმიუწვდომლობას. სახალხო დამცველი წერს პაციენტთა მიმართ ფიზიკური ძალადობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ. ამასთან, ანგარიშის თანახმადვე, არასათანადო მოპყრობად ფასდება პაციენტთა ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უკიდურესად ცუდ პირობებში მოთავსება, რიგ შემთხვევებში, ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის ფაქტები, ფიზიკური შებოჭვის მეთოდები და სხვა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია

სფეროს დაფინანსების სიმწირეზე ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე ეკა ჭყონია. მისი თქმით, ის ნაბიჯები, რომელთაც სახელმწიფო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად დგამს, მაინც ფორმალურ ხასიათს ატარებს. ეკა ჭყონიას თქმით, 2014 წელს მთავრობის მიერ შექმნილი ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა, რომლის მთავარ გამოწვევებს შორისაა ამბულატორიული მომსახურების გაძლიერება და შესაბამისი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა, მომსახურების დაფინანსების გაზრდა, მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და სხვა, ვერ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ამ მხრივ მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულიყო:

„სახელმწიფო ღელავს. ჩვენ სამინისტროში გვიბარებენ ხოლმე, ამ თემაზე მსჯელობენ, საუბრობენ, მაგრამ კონკრეტული ჯერჯერობით არაფერი კეთდება, რადგან ამას სჭირდება სახსრები, დამატებითი სახსრები, რომელიც საიდანღაც უნდა მოვიდეს. და ვინაიდან ბიუჯეტის დაგეგმვისას ყოველთვის ითვალისწინებენ საზოგადოების დაკვეთას და ინტერესებს, ამიტომ ყველაზე ბოლოს ახსენდებათ ფსიქიკური ჯანდაცვა და ის ადამიანები, რომლებიც მართლა საჭიროებენ ძირეულ რეფორმებს“.

დღეს საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტებისათვის საქართველოში 1400 საწოლია გამოყოფილი. ძირითადი ფსიქიკური მომსახურება ხორციელდება მონოპროფილურ ფსიქიატრიულ სტაციონარებში, თუმცა ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილებები ფუნქციონირებს მულტიპროფილურ საავადმყოფოებში. ეკა ჭყონიას თქმით, ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ისეთი სპეციალური საცხოვრებლის გახსნა, რომელიც ქრონიკული პაციენტებისათვის მაქსიმალურად იქნება მიახლოებული მათ ჩვეულ გარემოსთან:

ეკა ჭყონია
ეკა ჭყონია

„და არა ისეთი, როგორიც ახლა. ახლა ისეთი ინსტიტუციებია, რომელიც მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან ყველა განვითარებულ საზოგადოებაში იხურება. ეს არის, ფაქტობრივად, გარიყული დიდი შენობები, რომლებიც გვინახავს ფილმებში, ჩაკეტილი, ღობით შემოსაზღვრული და საზოგადოებისგან გამოყოფილი შენობები, სადაც ეს ადამიანები ცხოვრებას ატარებენ სრულიად არაპროდუქტიულად და, ბუნებრივია, პირობები იქ არის ძალიან, ძალიან, ძალიან მძიმე“.

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სამედიცინო კადრების სიმცირეზე ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი - უფრო ზუსტად კი, იმ მედპერსონალის არსებობაზე, რომელსაც გავლილი აქვს გადამზადება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების თანამედროვე მეთოდებით სამკურნალოდ. მისი თქმით, თუკი სახელმწიფო გაზრდის დაფინანსებას, რათა შეიქმნას სხვადასხვა ტიპის სერვისები, გართულდება გადამზადებული კადრების მოძიება. გარდა ამისა, ჯანა ჯავახიშვილი მიუთითებს დეინსტიტუციონალიზაციის აუცილებელ პროცესზეც და, რაც მთავარია, პროცესზე, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს საზოგადოებისგან არ გარიყავს და მათ მისცემს საშუალებას იყვნენ რეალიზებულნი:

ჯანა ჯავახიშვილი
ჯანა ჯავახიშვილი

„აი, მაგალითად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების დასაქმება ძალიან დიდი პრობლემაა. გარდა ამისა, თუკი ადამიანი ჰოსპიტალში ატარებს დროს, იქ მულტიდისციპლინარული გუნდი უნდა ამზადებდეს მას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, რათა, როდესაც გაეწერება დაწესებულებიდან, შეძლოს დამოუკიდებლად ცხოვრება. მე მესმის, რომ, შესაძლოა, ოჯახი, გარკვეულწილად, ვერ ეგუებოდეს ამ სიტუაციას, მაშინ ამ შემთხვევაში უნდა არსებობდეს სერვისი, დაცული საცხოვრისის ფორმატი, სადაც ამ ადამიანებს საცხოვრისით უზრუნველყოფენ, სოციალური მუშაკის დახმარებით მოხდება მათი ადაპტაცია, მუდმივი მონიტორინგისა და ზრუნვის სერვისი უნდა მიიღონ, რათა დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლონ“.

2016 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსებამ 15 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინე დარახველიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ დაფინანსების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა ეს მაინც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ამ სფეროში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს. ის რამდენიმე მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ლაპარაკობს - მათ შორის არის ადამიანური რესურსების ნაკლებობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. ერთ-ერთი უახლესი მომსახურება, რაზეც მარინე დარახველიძე ამახვილებს ყურადღებას, ეს არის თემზე დაფუძნებული მობილური გუნდების დაფინანსება და მუშაობა. ამ ეტაპზე, თბილისის მასშტაბით, ასეთი სამი გუნდი მუშაობს, თუმცა, მათი მიზანია მობილური სათემო გუნდების რაოდენობის გაზრდა:

რომელ გამოწვევაზე შემიძლია გავაკეთო აქცენტი? თუკი საკმარისი და საჭირო ინფრასტრუქტურა არ არის, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნაკლებმნიშვნელოვანია? არა. თუკი პერსონალური არ მისდევს თანამედროვე მედიცინის განვითარებას, იტყვი, რომ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია? არა...
მარინე დარახველიძე

„ეს მომსახურება მოიცავს, მაგალითად, მდგომარეობის ინდივიდუალურად მართვის გეგმის შემუშავებას, რეგულარულ ვიზიტს პაციენტის საცხოვრებელ ადგილას, სატელეფონო კონსულტაციას, შინ მომსახურებას, გუნდის ექიმ-ფსიქიატრის მიერ დანიშნული მედიკამენტებით უზრუნველყოფას, სოციალური უნარ-ჩვევების ტრენინგს, სოციალური პრობლემების მოგვარებაში დახმარებას, ოჯახის წევრების ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას და ფსიქოგანათლებას“.

მარინე დარახველიძე იმ აუცილებელ გამოწვევებზეც საუბრობს, რომელიც დღეს სახელმწიფოს წინაშე დგას ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს განსავითარებლად:

„რომელ გამოწვევაზე შემიძლია გავაკეთო აქცენტი? თუკი საკმარისი და საჭირო ინფრასტრუქტურა არ არის, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნაკლებმნიშვნელოვანია? არა. თუკი პერსონალური არ მისდევს თანამედროვე მედიცინის განვითარებას, იტყვი, რომ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია? არა. სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, - როგორც ფინანსური, ასევე გეოგრაფიული, - ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ანუ ხარისხი და ხელმისაწვდომობა ერთმანეთთან გადაჯაჭვული პრობლემებია და თითოეულის ნაკლებობა არ მოგვცემს საშუალებას, რომ ადეკვატური და სრულყოფილი დახმარება მივაწოდოთ პაციენტს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG