Accessibility links

logo-print

ფსიქოლოგები გვაფრთხილებენ, რომ, წყალდიდობით გამოწვეული ტრაგიკული მოვლენების ფონზე, სულ რამდენიმე დღეში დადგება ეტაპი, როდესაც, შესაძლოა, საზოგადოებაში პოსტტრავმულმა სტრესულმა აშლილობამ იჩინოს თავი. რადგანაც ეს პროცესი მძიმე შედეგების მომტანია, უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს სტრესული აშლილობის ნიშნები. თუმცა ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ თადარიგი დავიჭიროთ და მდგომარეობის დამძიმებამდე მივმართოთ სპეციალისტს. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ბავშვები.

13-14 ივნისის ღამე - აბობოქრებული მდინარე ვერე, სიკვდილთან მებრძოლი ადამიანები, წყალწაღებული მანქანები და დანგრეული სახლები – თბილისს უსაშინლესი სიზმარივით ახსოვს. აშკარაა, რომ ადამიანები ამ სიმწარეს კიდევ ძალიან დიდხანს ვერ დაივიწყებენ:

„(დაზარალებული ქალი) უკან მოგვდევდა წყალი, ფაქტიურად, ზემოთ რომ ავდიოდით, მეორე სართულზე, და უკვე რომ ყელამდე მოგვწვდა, ავტეხეთ განგაში.../ (დაზარალებული ქალი) პირველი დარტყმა ჩვენს სახლებზე მოხდა და აღარ არსებობს.../ (დაზარალებული კაცი) სახლ-კარი აღარ გაგვაჩნია.../ (მოხალისე გოგონა) გუშინ, მაგალითად, 13 წლის გოგომ შემთხვევით ხელი მოკიდა აღმოჩენილ გვამს და ხვდებით, ალბათ, რეაქციას – სხეულს ვერ გრძნობდა, საერთოდ“.

აკვიატებული წარმოდგენები, კოშმარული სიზმრები, სტრესული ემოციების ხელახლა განცდის შეგრძნება (ფლეშბექები), აჩქარებული გულისცემა, სუნთქვის გახშირება, ოფლიანობა, ხალისის დაკარგვა, განმარტოების სურვილი, თავის დადანაშაულება, იოლად გაბრაზება, განგაშის განცდა თუ უძილობა – ეს ყველაფერი პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომებია და, სხვა მსგავს გამოვლინებებთან ერთად, ადამიანს იმ შემთხვევაში განუვითარდება, თუკი მის ფსიქიკას ძლიერი სტრესის მონელება გაუჭირდა.

ზოოპარკი წყალდიდობის შემდეგ

ზოოპარკი წყალდიდობის შემდეგ

როგორც ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის, „კამარის“, ფსიქოლოგი ნინო კომახიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, სტატისტიკური მონაცემებით, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი ადამიანების საშუალოდ 7-8%–ს უვითარდება და ის დიდ ყურადღებას მოითხოვს:

„საშინელი ტრაგედია დაემართა თბილისს. ამ კატაკლიზმებს თავისი შედეგი აქვს შემდეგ უკვე. ეს პირველი - მობილიზებისა და დახმარების - ტალღა რომ გადაივლის და მეტ-ნაკლებად ჩაწყნარდება ყველაფერი, ფსიქიკის მძიმე სტრესული მომენტები სწორედ ამ დროს წამოვა და ამოტივტივდება. თუკი გვექნება სიმპტომები, უმჯობესია, რომ დაწყებით ეტაპზევე მივმართოთ კვალიფიციურ სპეციალისტებს, რათა არ მოხდეს ამ სინდრომის უფრო რთულ დაავადებებში გადაზრდა“.

თუკი, ვთქვათ, ერთი თვის გავლის შემდეგ ადამიანებს ისევ აქვთ ძალიან სერიოზული სიმპტომები, სადაც შეიძლება გაჩნდეს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ნიშნები, იქ ხდება უკვე ფსიქოტრავმატოლოგების ჩარევა...

ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ განსაკუთრებით მძიმე ეტაპი დგება მაშინ, როცა საყოველთაო მხარდაჭერის ტალღა ბუნებრივად შესუსტდება და დაზარალებული ადამიანი მარტო დარჩება საკუთარ თავთან. ფსიქოლოგ მაია ცირამუას განმარტებით, სწორედ ამ ეტაპზე გამოიკვეთება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განსაკუთრებული საჭიროება. მისი თქმით, ილიას უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრმა 16 ივნისიდან გახსნა პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების სამსახური: ცხელ ხაზზე დარეკვა შეუძლია განურჩევლად ყველას, ვისაც ასეთი დახმარება ესაჭიროება და პარალელურად მუშაობს ფსიქოლოგიური კონსულტაციის კაბინეტიც. ხდება როგორც ადგილზე მომსახურება, ასევე გასვლა ოჯახებში, რომლებმაც უკვე გააკეთეს განაცხადი ასეთი საჭიროების თაობაზე.როგორც მაია ცირამუა ეუბნება რადიო თავისუფლებას, პირველ ეტაპზე ფსიქოლოგიური დახმარება ღრმა ჩარევას არ გულისხმობს, რათა ხელი არ შეეშალოს ადამიანის ფსიქიკის ბუნებრივად აღდგენის შესაძლებლობებს. მიდგომა იცვლება გართულების შემთხვევაში:

„თუკი, ვთქვათ, ერთი თვის გავლის შემდეგ ადამიანებს ისევ აქვთ ძალიან სერიოზული სიმპტომები, სადაც შეიძლება გაჩნდეს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ნიშნები, იქ ხდება უკვე ფსიქოტრავმატოლოგების ჩარევა და მუშაობა ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დახმარების მსურველი ადამიანები სპეციალისტის ხელში აღმოჩნდნენ. თუკი ის მიდის არაფსიქოტრავმატოლოგთან, რომელმაც არ იცის, თუ როგორ უნდა იმუშაოს ტრავმირებულ ადამიანთან, ამან შეიძლება ბუნებრივ აღდგენას შეუშალოს ხელი და ძალიან გაართულოს მისი მდგომარეობა“.

ილიას უნივერსიტეტისფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრი, სადაც მაია ცირამუა მუშაობს, ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამაში ერთ-ერთი რგოლია, რომელიც წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრის მიზნით ამოქმედდა და რომელშიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც არის ჩართული. როგორც სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნუცი ოდიშარიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ ეტაპისთვის აღრიცხვაზეა აყვანილი 20-მდე ადამიანი, რომლებიც ფსიქოლოგიურ დახმარებას საჭიროებენ:

„ტრენინგები ჩავუტარეთ არა მხოლოდ სოციალურ მუშაკებს, არამედ სამინისტროს ჩვეულებრივ თანამშრომლებს, რათა სწრაფად მომხდარიყო საჭიროებების შესწავლა სხვადასხვა კომპაქტურად დასახლებულ ადგილში და ასევე იმ მისამართებზე, სადაც თბილისის მერიამ მიავლინა ისინი. ჩვენი ცხელი ხაზის ოპერატორები გვყავს მობილიზებული და ისინი მზად არიან, თუკი ვინმეს ფსიქოლოგიური თუ ფსიქიატრიული დახმარება დასჭირდება, სპეციალისტებთან გადაამისამართონ“.

წამლების მიღება საკუთარი ინიციატივით სრულიად დაუშვებელია - მით უმეტეს, ფსიქოტროპული წამლების მიღება - და არც ის არის სწორი, როდესაც ფსიქოლოგი ვინმეს ფსიქოტროპულ წამალს ურჩევს. ფსიქოტროპული წამალი უნდა დანიშნოს ექიმმა და სასურველია – ფსიქიატრმა...

პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში შემავალმა „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა“ გამოთქვა მზადყოფნა, რომ სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში გაუწიოს უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაციები. დაზარალებულებს სერვისით სარგებლობის საშუალება აქვთ როგორც ცენტრის შენობაში, ასევე ფსიქოლოგების ჯგუფის ადგილზე მისვლით. პროცესი 14 ივნისიდან დაიწყო.

არის სხვა დამოუკიდებელი ინიციატივებიც, ასე მაგალითად: ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „კამარა“ მზად არის უფასოდ დაეხმაროს მაშველებსა და მოხალისეებს, ხოლო წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ 6-დან 25–წლამდე ასაკის ადამიანების უფასო დახმარებისთვის მზად არის ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანსაღი მომავლის კვლევისა და განვითარების ცენტრი „არს ვივენდი“, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ფონდი აფინანსებს. უფასო სერვისის მისაწოდებლად მზად არის ასევე, მაგალითად, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური ცენტრი. როგორც ამ სამსახურის უფროსის მოადგილემ, ფსიქოლოგმა ლევან ზარდალიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ზერელედ არ მიუდგეს პრობლემას, სპეციალისტს მიმართოს და ახსოვდეს, რომ შესაძლოა თვითმკურნალობა მძიმე შედეგით დასრულდეს:

„წამლების მიღება საკუთარი ინიციატივით სრულიად დაუშვებელია - მით უმეტეს, ფსიქოტროპული წამლების მიღება - და არც ის არის სწორი, როდესაც ფსიქოლოგი ვინმეს ფსიქოტროპულ წამალს ურჩევს. ფსიქოტროპული წამალი უნდა დანიშნოს ექიმმა და სასურველია – ფსიქიატრმა. თუ, დავუშვათ, დავინახეთ, რომ მდგომარეობა რთულია და ვეღარ ვერევით ჩვენს ასეთ მდგომარეობას, ასეთ დროს ყოველთვის ჯობია, რომ მივმართოთ სპეციალისტს, რომელიც სწორად შეგვირჩევს ფსიქოტროპულ წამალს და დაგვინიშნავს სწორი დოზირებით. ამიტომ თვითონ ნუ მიიღებენ წამლებს. ჩვენს მეზობელს რატომ დაუნიშნეს, მაგალითად, „ქსანაქსი“, ჩვენ ეს არ ვიცით და ჩვენ შეიძლება ეს წამალი სულაც არ გვჭირდება და გვჭირდება რაღაც სხვა“.

რაც შეეხება ბავშვებს, ისინი ამ სიტუაციაში ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფში ერთიანდებიან და ამიტომ, სტრესის გადატანის შემდეგ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თუნდაც მცირედ ცვლილებას მათ ქცევასა თუ ხასიათში. ფსიქოლოგები ურჩევენ მშობლებს, რომ, გართულებების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად ისარგებლონ ბავშვებისთვის განკუთვნილი უფასო ფსიქოლოგიური დახმარების სერვისით. ფსიქოლოგი მაია ცირამუა შეგვახსენებს, რომ, რადგანაც ბავშვისთვის უსაფრთხოების გარანტი მშობელია, ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, „ზუსტად იმ დოზით ტრავმირდება ბავშვი, რა დოზითაც არის ტრავმირებული მისი ოჯახი“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG