Accessibility links

logo-print

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისიო სააგენტო შეშფოთებულია ფუკუსიმის უსაფრთხოებით


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ ორშაბათს მოუწოდა იაპონიის დაზიანებული ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგურის ოპერატორ კომპანიას გააფართოოს ძალისხმევა „სასიცოცხლო მნიშვნელობის“ სისტემის გასაძლიერებლად და გარემოს დასაცავად. ეს განცხადება მოჰყვა საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების მიერ ელექტროსადგურზე ჩატარებულ შემოწმებას, რომლის ანგარიშის პროექტი იაპონიის ხელისუფლებას გადაეცა.

განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ „ფუკუსიმის“ დაზიანებული რეაქტორის გამაგრილებელი სისტემა გამოირთო მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვან აღჭურვილობასთან მკვდარი ვირთხები აღმოჩნდა. ეს უკვე გამაგრილებელი სისტემის მესამე გამორთვაა ხუთი კვირის განმავლობაში. მარტის თვეში მომხდარი ანალოგიური ავარიული გამორთვით წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებას ერთი დღე დასჭირდა. ფუკუსიმის დაზიანებულ რეაქტორზე გამოწვევას წარმოადგენს ასევე რადიოაქტიურად დაბინძურებული წყლის მასების პრობლემა, რომლის განეიტრალება მოკლე ვადებში არ იქნება იოლი, - განაცხადა ხუან კარლოს ლენტიომ, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მისიის წარმომადგენელმა, ტოკიოში ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჩემი შეხედულებით, თითქმის შეუძლებელია, რომ ასეთი რთული სადგურის ჩამოსაწერად განისაზღვროს 30, 40 წელიწადზე უფრო ნაკლები ვადა...
„მოსალოდნელია, რომ ასეთ რთულ უბანზე მომავალშიც იჩინოს თავი სხვადასხვა ინციდენტებმა, რაც ნორმალურად ფუნქციონირებად ელექტროსადგურებზეც ხდება“.

გასულ კვირაში ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ჯგუფი იაპონიის ხელისუფლებისა და ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. საერთაშორისო მისიის ვიზიტის ამოცანას შეადგენდა შეესწავლა ფუკუსიმის ატომურ ელექტროსადგურზე არსებული მდგომარეობა და შეეფასებინა პროგრესი. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიაჩნია, რომ უნდა დაჩქარდეს ატომური ელექტროსადგურის ჩამოწერის სამუშაოები და გაუმჯობესდეს რადიაციული ფონის განმუხტვასთან დაკავშირებული „მენეჯმენტის საკითხები“, - განაცხადა ტოკიოში ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მისიის წარმომადგენელმა ხუან კარლოს ლენტიომ:

„ჩემი შეხედულებით, თითქმის შეუძლებელია, რომ ასეთი რთული სადგურის ჩამოსაწერად განისაზღვროს 30, 40 წელიწადზე უფრო ნაკლები ვადა, როგორც ეს უკვ დამტკიცებული სამოქმედო გეგმითაა განსაზღვრული“.

2011 წლის მარტის უძლიერესი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად, ფუკუსიმის ატომურ ელექტროსადგურზე მოხდა სერიოზული ავარია და რადიაციის გაჟონვა, რაც 10 ათასჯერ აღემატებოდა დასაშვებ ნორმებს.
XS
SM
MD
LG