Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შტეფან ფიულე: „ჩვენ სომხეთზე ხელი არ ჩაგვიქნევია“


შტეფან ფიულე: "ჩვენ სომხეთზე ხელი არ ჩაგვიქნევია"
please wait

No media source currently available

0:00 0:04:01 0:00
გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, შტეფან ფიულემ განაცხადა, რომ ბრიუსელს კვლავაც სურს ერევანთან ურთიერთობების გაღრმავება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სომხეთი რუსეთის მიერ დომინირებულ საბაჟო კავშირში შევა.

რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ფიულემ აღნიშნა, რომ ევროკავშირთან სომხეთის დაახლოების პროცესი არ დასრულებულა. „ჩვენ სომხეთზე ხელი არ ჩაგვიქნევია, არავითარ შემთხვევაში არ ჩაგვიქნევია ხელი სომეხ ხალხზე,“ თქვა მან.

ჩვენი კორესპონდენტის შეკითხვაზე, თუ რა თემაზე ესაუბრა იგი სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს ერევანში ვიზიტისას, ფიულემ განმარტა, რომ საუბარი შეეხებოდა მოსკოვში სარქისიანისა და ვლადიმირ პუტინის ამასწინანდელ შეხვედრას, რომლის შემდეგაც სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა საბაჟო კავშირში შევა. ევროკომისარმა დასძინა, რომ სარქისიანთან შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება უკვე მიღწეულის გაგრძელება და განვითარება.

შტეფან ფიულეს თქმით, როგორც სომხეთის პრეზიდენტთან, ასევე სხვა შეხვედრებზეც მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ, „მიუხედავად [საბაჟო კავშირში შესვლის თაობაზე] ამ მოულოდნელი გადაწყვეტილებისა, მთელ რიგ სფეროებში არსებობს თანამშრომლობის გაძლიერების საშუალება... საბაჟო კავშირისკენ სომხეთის შემობრუნება არ ნიშნავს, რომ ევროპული თემები, ევროპული ღირებულებები, ევროპული პრინციპები გაქრება.“

ამასთან, ერევანში ვიზიტისას ფიულემ გაიმეორა, რომ სომხეთი არ შეიძლება ერთდროულად იყოს საბაჟო კავშირის წევრიც და, ამავე დროს, ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც უფრო მჭიდრო სავაჭრო და პოლიტიკურ კავშირებს უხსნის გზას.

ფიულეს თქმით, ევროკავშირს სურს მოისმინოს, როგორია ერევნის ხედვა ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობების შესახებ. ევროკომისარმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს არ უნდა აშინებდეს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა, რომელიც საბოლოოდ ხელს შეუწყობს თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე.
XS
SM
MD
LG