Accessibility links

logo-print

ფიულე: აღმოსავლელ მეზობლებზე რუსეთის ზეწოლა მიუღებელია


შტეფან ფიულე

შტეფან ფიულე

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში შტეფან ფიულემ „მიუღებელი“ უწოდა რუსეთის მხრიდან ევროკავშირის აღმოსავლელ მეზობლებზე განხორციელებულ ზეწოლას:

„ჩვენს აღმოსავლელ პარტნიორებზე რუსეთის ზეწოლა მიუღებელია. ჩვენს საერთო მეზობლებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება თავად გადაწყვიტონ, რომელი პოლიტიკური და ეკონომიკური ასოცირების თაობაზე სურთ ხელშეკრულების გაფორმება. ევროკავშირს ძალიან მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ რუსეთისგან მოელის ჩვენი პარტნიორების არჩევანის პატივისცემას და ჩაურევლობას მიმდინარე წელს საქართველოსა და მოლდავეთის რესპუბლიკასთან ასოცირების შეთანხმებების - მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმების - გაფორმების პროცესში“.

მას შემდეგ, რაც 2012 წლის აგვისტოში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანდა, რუსეთს დადებული პირობები არ შეუსრულებია. შეშფოთებული ვართ ვაჭრობის სფეროში გატარებული მზარდი პროტექციონიზმის ზომებით...
ფიულე ამ განცხადებებით გამოვიდა ოთხშაბათს სტრასბურგში, ევროპის პარლამენტის წევრების წინაშე. მან პარლამენტარებს გასულ კვირაში ბრიუსელში ჩატარებული ევროკავშირ-რუსეთის სამიტის შედეგები მოახსენა.

ფიულეს თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ სამიტზე თქვა, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში არსებითად პრობლემას ვერ ხედავს. თუმცა, როგორც ფიულემ თქვა, პუტინმა შეშფოთება გამოხატა გარკვეულ ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებით, თავად ფიულე კი ამ საკითხებს „საკამათოს“ უწოდებს:

„მას შემდეგ, რაც 2012 წლის აგვისტოში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანდა, რუსეთს დადებული პირობები არ შეუსრულებია. შეშფოთებული ვართ ვაჭრობის სფეროში გატარებული მზარდი პროტექციონიზმის ზომებით, რომლებიც ზიანს აყენებს ევროკავშირის ბიზნესებს. რეალურად, დღეს რუსეთი ამ სფეროში მსოფლიო ლიდერია. საბაჟო კავშირსაც თუ ჩავთვლით, რუსეთზე მოდის პროტექციონიზმის 2013 წელს შემოღებული ზომების ერთი მესამედი და, ჯამში, ამჟამად მოქმედი ყველა ასეთი ზომის ერთი მეხუთედი“.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფიულემ რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ ნაკლოვანებებზეც ისაუბრა:

„ძალიან ბევრი სხვა პირობაც არსებობს, რომლებსაც რუსეთი არ იცავს, მათ შორის, ადამიანის უფლებების სფეროში. საიმისოდ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისგან დადებითი შედეგები მივიღოთ და ის განვავითაროთ, ნდობის გაღრმავება გვჭირდება. ამის მიღწევა კი შესაძლებელია მხოლოდ დადებული პირობების შესრულების საფუძველზე“.
XS
SM
MD
LG