Accessibility links

logo-print
მალხაზ ხარბედია
ფუნაგორიები

გასულ წელს ძალზე საინტერესო კრებული გამოსცა ლიტერატურის მუზეუმმა, რომელიც ხელნაწერი რვეულის მიხედვით მომზადდა. ეს რვეული, ალბათ, XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ყველაზე მწარე, მაგრამ, ამავე დროს, უმნიშვნელოვანესი ფურცელია. რვეულს “ფუნაგორიები” ერქვა და იგი 1959 წელს გადასცა ლიტერატურის მიზეუმს ნიკა აგიაშვილმა. წიგნის სატიტულო ფურცელზე ვკითხულობთ: “ფუნაგორიები (ავსიტყვაობა) – შედგენილი ნიკოლოზ აგიაშვილის მიერ, კარლო კალაძისა და ლადო ასათიანის რედაქტორობით. სიტყვა “ფუნაგორია” შემოტანილია კოლაუ ნადირაძის მიერ, პირველი ფუნაგორია ეკუთვნის მასვე. რედაქცია. 1940 წელი, თბილისი, მწერალთა სასახლე”.

რით არის ეს წიგნი მნიშვნელოვანი? პირველ რიგში, იმით, რომ კუპიურების გარეშე პირველად გამოიცა ქართული მწერლობის უმძიმესი პერიოდის ამსახველი ასეთი ძეგლი. წიგნი, სადაც თამამად, დაუნდობლად, ყველაზე შხამიან სტრიქონებში მაშინდელი თანამედროვე კლასიკოსები თუ ლიტერატურის ფუნქციონერები მოხვდნენ. მწერალ დათო ქარდავას აზრით, ფუნაგორიების ოქროს ხანა სწორედ ასეთ მძიმე პერიოდზე მოდიოდა:

“რამ გაამწარათ ეს ქართველი მწერლები, რამ ააღებინათ კალამი ხელში და რამ მიამართინათ ეს კალამი ერთმანეთის წინააღმდეგ, თან ასეთი მძაფრი ფორმით. მოგეხსენებათ, ფუნაგორია არ არის ჩვეულებრივი ლექსი, ჩვეულებრივი ეპიგრამა, ეს არის სკაბრეზული, მეტად მახვილგონივრული და გესლიანი ტექსტები. გავიხსენოთ, რომ პერიოდი, რომელშიც ფუნაგორიები აყვავებას განიცდის, ეს არის 20-იანი წლების მეორე ნახევრიდან 40-იან წლებამდე... ბუნებრივია, შემდგომ წლებშიც იქმნებოდა ფუნაგორიები, მაგრამ განსაკუთრებულად მძაფრი ტექსტები იქმნებოდა 20-30-იან წლებში. და ეს ის პერიოდია, როდესაც ბოლშევიკები სრულფასოვნად მოდიან ხელისუფლებაში და ისინი იპყრობენ ყველა ფრონტს. მათ შორის, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ლიტერატურას.”

ეს არ არის, უბრალოდ, სახალისო ტექსტები, ეს არ არის გასართობი ტექსტები. არადა, ერთი შეხედვით, თავიდან რომ კითხულობ, ძალიან სახალისოა ...
ეს წიგნი თავიდანვე გვაზიარებს წყაროებს, საიდანაც ფუნაგორიის ჟანრი იშვა. კრებული ფუნაგორიის ცნების დაზუსტებით იხსნება და რამდენიმე განმარტებითი ფრაგმენტის შემდეგ, რომელთაგან ერთ-ერთი აკაკისაც ეკუთვნის, კოლაუ ნადირაძის პირველი, ისტორიული ფუნაგორიის ჯერი დგება, რომელიც მან პეტრე გელეიშვილს მიუძღვნა, კრიტიკოსს, “რომელმაც 20-იან წლებში “მნათობის” ფურცლებზე მეტად გესლიანი შენიშვნებით სავსე წერილები დაბეჭდა ცისფერყანწელთა შემოქმედების შესახებ” (ნ. აგიაშვილი). ეს ის პერიოდია, როდესაც ბოლშევიკები ყველა ლიტერატურულ გაერთიანებას დაუპირისპირდნენ და ისინი ერთ მთლიან სივრცეში მოაქციეს. სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა საბოლოოდ ”მწერალთა კავშირი”, ასევე სხვადასხვა ტიპის ხელოვნურად შექმნილი ლიტერატურული გაერთიანებები. ამ დროს განსაკუთრებული ფორმა მიიღო არიფიონელების და ცისფერყანწელების დევნამაც, პროცესმა, რომელიც 20-30-იან წლებამდე გაცილებით ადრე დაიწყო.
აკაკი ბაქრაძე თავის წიგნში, “მწერლობის მოთვინიერება”, ფილიპე მახარაძის სიტყვებს იმოწმებდა, ფილიპე მახარაძისა, რომელიც ჯერ კიდევ 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე უწოდებდა „ცისფერ ყანწებს“ „დუხჭირ მოვლენას ჩვენს ცხოვრებაში და უდიდეს ლიტერატურულ დანაშაულს. <...> ამნაირად გრიშაშვილ-იაშვილების და რობაქიძეების მოვლინება ქართულ ლიტერატურაში მჭიდროდ დაკავშირებულია რეაქციის გამარჯვებასთან; ისინი ბნელი ძალების ღვიძლი შვილებია და ამავე ძალებს ემსახურებიან და გუნდრუკს უკმევენ, მაგრამ იმათი დღესასწაული და ვაკხანალია დიდხანს არ გაგრძელდება. მზე კვლავ ამოვა და ნათელი გაიმარჯვებს; მაშინ ისინი იძულებულნი იქნებიან თავისი ბნელი სოროები მოსძებნონ და იქ ჩაძვრენ.“

მოგვიანებით ამ ტიპის “კრიტიკა” ნორმად იქცა. იმასვე წერდნენ გალაკტიონ ტაბიძეზე, კონსტანტინე გამსახურდიაზე, ნიკო ლორთქიფანიძეზე, მიხეილ ჯავახიშვილზე, შალვა დადიანზე, დემნა შენგელაიასა და სხვებზე. შეიქმნა ერთგვარი ლიტერატურული ელიტაც, სადაც ძალიან ბევრი იბრძოდა გადარჩენისთვის და სადაც ნიჭი ყველაზე ნაკლებ როლს თამაშობდა. სამაგიეროდ, გადამწყვეტი იყო მოქნილობა, პარტიულ ამხანაგებთან მეგობრობა, ადმინისტრაციულ საფეხურებზე გადაადგილების უნარი, კარიერის მოწყობა და ა.შ. ეს ჟანრი, ფუნაგორიები, სწორედ ასეთი ბრძოლის გამოძახილია:

“ეს არ არის, უბრალოდ, სახალისო ტექსტები, ეს არ არის გასართობი ტექსტები. არადა, ერთი შეხედვით, თავიდან რომ კითხულობ, ძალიან სახალისოა. მართლა ნიჭიერი ხალხის დაწერილია ხშირ შემთხვევაში და ეს სილაღე, მოულოდნელი სკაბრეზი გახალისებს, მაგრამ მერე, თანდათანობით ხვდები, რომ აქ ტრაგიკულის ელემენტებიცაა. იმიტომ რომ ეს არის აშკარად ბრძოლა არსებობისთვის და ეს არ არის უბრალოდ გასართობად დაწერილი ტექსტები”.

წიგნში არის ძალიან გულახდილი, დაუნდობელი და გესლიანი სტრიქონები. ასევე ხშირია მახვილგონივრული “გარტყმებიც”. ნიკა აგიაშვილი, თავის წიგნში, “ჭაბუკები დარჩნენ მარად”, წერდა (სხვათა შორის, ეს ფრაგმენტი კრებულს ბოლოსიტყვაობის სახით დაურთეს გამომცემლებმა): “ფუნაგორია... მალე გავრცელდა და დღემდე შემორჩა არათუ “მშვიდობიან” და სათნო ტონის შემცველ, თავშესაქცევარ ეპიგრამას, არამედ თვით ძალზე გესლიან და გამკენწლავ, მწვავე ნაკვესს, მეტად მახვილაკურ და ენამოსწრებულ “განმაქიქებელ-გამანადგურებელ” კალამბურს...”

ეს მწერლები სრულიად მიწიერი ვნებებით ხასიათდებიან, მწერალთა ნაწილი, ყოველ შემთხვევაში, და ამ ბრძოლაში ყველაფერი მოსულა ...
ამ წიგნში არაერთი კალამბური, პორტრეტი თუ შარჟია. აქ მხოლოდ ყველაზე უწყინარ ნიმუშებს მოვიყვან, გესლიანები და უხამსები თავად ნახეთ. მაგ.: “აგიაშვილი ნიკავო / ნე პრიზნაიოტ ნიკავო”, “ფანტე, ჰე, ლიმონი ვერაზე / პანტელეიმონ ბერაძე”, “მე ლითონს ბალანსში ვაძლევ / მელიტონ ბალანჩივაძე”, “კალოზე, ო, რა გველი ძევს - / კარლოა ორაგველიძე”.

სერგო კლდიაშვილზე – “დავითმა ცეცხლი დასტოვა, / ამისგან რჩება ნაცარი, / და ისიც დავითისია, / სერგოში კარგი რაც არი”, გიორგი ლეონიძეზე – “ამ ბოლო დროს ლექსი გოგლამ / ძალზე გაგვიგოგლიმოგლა“, ირაკლი აბაშიძე, რომელიც ფუნაგორისტების განსაკუთრებულად საყვარელი პერსონაჟი იყო და ბევრი მწარე სტრიქონიც უძღვნეს - “აბაშიძის ხუმრობაო, ნუ გგონია ხუმრობაო“. “სიმონ წვერავა – გლახა ნოველის სტახანოველი”. გალაკტიონ ტაბიძის სტრიქონები ბესარიონ ჟღენტზე – “იმერელი საჭურისი - / ღირსი ჩემი პანჩურისი”, კონსტანტინე გამსახურდიაზე - “კოწოს შემოქმედება / ღობე-ყორეს ედება...”.

აი, რას წერს მირზა გელოვანი თარგმანის შესახებ: “ჩემთვის ლექსის თარგმანები / ისე არის მკრთალი, / როგორც ორჯერ ნაქმარები / ქალი. / მე ქალწულის შერთვის ფიქრი / არ მაქვს – ახალს არ ვქმნი, / მე ქვრივს ვეძებ – ესე იგი / ვთარგმნი”. ესეც ლადო ასათიანის შეფასება “ვეფხისტყაოსნის” შალვა ნუცუბიძისეულ რუსულ თარგმანზე: “ჩიქორთული თარგმანებით პირდაპირ რომ გულს უმიზნებს, / კაცი არ ხართ, ქრისტიანი, გააჩერეთ ნუცუბიძე”, ანდა გრიგოლ აბაშიძეზე – “ყველა ვთარგმნე, ვინც ქე ვიცი... / ახლა დამრჩა – მიცკევიჩი.”

ასეთი ნიმუშების გარდა, ძალზე ბევრია უწმაწური ლექსებიც, ზოგიერთი კი მწვავე პოლიტიკური შინაარსით იქცევს ყურადღებას. ერთი სიტყვით, ეს ჟანრი ჯერ კიდევ ელის თავის მკვლევარს, სადაც ბიოგრაფიული, სოციოლოგიური, ლექსმცოდნეობითი, ისტორიული, ფსიქოლოგიური თუ სხვა წაკითხვები ძალიან საინტერესო შედეგს მოგვცემს.

დათო ქარდავამ კიდევ ერთ რამეზე გაამახვილა ყურადღება:

“რაღაცნაირად დესაკრალიზაციაც ხდება. ილიას მიერ ჩამოყალიბებული მწერლის იმიჯი, რომ ის არის მთაწმინდაზე, პარნასზე და ღმერთს ესაუბრება და ცა ნიშნავს და ერი ზრდის, ესეც დაიკარგა. ეს მწერლები სრულიად მიწიერი ვნებებით ხასიათდებიან, მწერალთა ნაწილი, ყოველ შემთხვევაში, და ამ ბრძოლაში ყველაფერი მოსულა, ასე ვთქვათ.”

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG