Accessibility links

logo-print

„დიდი ოცეული“ ვერ თანხმდება სირიაზე


ბარაკ ობამა და ვლადიმირ პუტინი

ბარაკ ობამა და ვლადიმირ პუტინი

„დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეებმა ვერ მიაღწიეს ერთსულოვნებას სირიის შესახებ. სანკტ-პეტერბურგში, სადაც მსოფლიოს ეკონომიკურად წამყვანი 20 ქვეყნის ლიდერები შეიკრიბნენ, ვერ შეთანხმდნენ, როგორ უნდა უპასუხოს მსოფლიომ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებას.

სანკტ-პეტერბურგში პარასკევს, „დიდი ოცეულის“ სამიტის პარალელურად, რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. ორივემ - როგორც ვლადიმირ პუტინმა, ისე ბარაკ ობამამ - საუბარს „კონსტრუქციული“ უწოდა, მაგრამ ორივემ აღნიშნა, რომ სირიის საკითხზე უთანხმოება ძალაში რჩება.

ჟურნალისტების წინაშე ჯერ პუტინი წარდგა:

„საუბარი ასე 20-30 წუთი გაგრძელდა. ყოველ შემთხვევაში, ეს იყო ძალიან შინაარსიანი, მე ვიტყოდი, კონსტრუქციული, კეთილგანწყობილი საუბარი, ყოველ შემთხვევაში, კეთილგანწყობილ გარემოში. ჩვენ ჩვენს მოსაზრებაზე დავრჩით - თითოეული თავისაზე. მაგრამ არის დიალოგი, ვუსმენთ ერთმანეთს, გვესმის არგუმენტები. ჩვენ მათ არ ვეთანხმებით - მე არ ვეთანხმები მის არგუმენტებს, ის არ ეთანხმება ჩემსას. მაგრამ ჩვენ მათ ვუსმენთ, ვცდილობთ გავაანალიზოთ“, განაცხადა პუტინმა სანკტ-პეტერბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტის დასასრულს.

საერთოდ, სირიის კონფლიქტის განხილვა "დიდი ოცეულის" სამიტის ოფიციალურ პროგრამაში არ შედიოდა, მაგრამ იმთავითვე ცხადი გახდა, რომ ლიდერები გვერდს ვერ აუვლიდნენ ამ უმწვავეს პრობლემას.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, როგორც ცნობილია, საჭიროდ მიიჩნევს სამხედრო ოპერაციას სირიის მთავრობის წინააღმდეგ, 21 აგვისტოს დამასკთან, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღით განხორციელებული თავდასხმისათვის, რომელმაც, ვაშინგტონის მონაცემებით, 1400-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ შეერთებული შტატების ხელისუფლებასა და მის მოკავშირეებს, ნუ განახორციელებენ დარტყმებს ქიმიურ ობიექტებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე. მსგავსი ქმედებები იქნებოდა ახალი, სახიფათო შემობრუნება სირიის კრიზისის ტრაგიკული განვითარებისთვის...
მეორე მხრივ, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელსაც თვითონვე ბლოკავს, და აცხადებს, რომ რეზოლუციის გარეშე სირიის მიმართ სამხედრო ძალის გამოყენება ,აგრესიის აქტი“ იქნებოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს გაკეთებულ განცხადებაში გააფრთხილა შეერთებული შტატები, ნუ მიიტანს იერიშს სირიის ქიმიურ არსენალზე. განცხადება წაიკითხა რუსეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა:

„კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ შეერთებული შტატების ხელისუფლებასა და მის მოკავშირეებს, ნუ განახორციელებენ დარტყმებს ქიმიურ ობიექტებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე. მსგავსი ქმედებები იქნებოდა ახალი, სახიფათო შემობრუნება სირიის კრიზისის ტრაგიკული განვითარებისთვის. თავს იჩენდა მაღალტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების გამოყოფის რეალური საფრთხე, აქედან გამომდინარე შედეგებით არა მარტო მშვიდობიანი მოსახლეობისათვის, არამედ ეკოლოგიისთვისაც“.

ობამა სირიის კრიზსს შეეხო, ბუნებრივია, არა მარტო პუტინთან შეხვედრაზე, არამედ „დიდი ოცეულის“ სამიტის სხვა მონაწილეებთან საუბარშიც. სამიტის პირველ დღეს გამართულ ვახშამზე აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონს მტკიცედ სჯერა: სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარებმა განახორციელეს ქიმიური იარაღით იერიში 21 აგვისტოს. პარასკევს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „დიდი ოცეული“ თითქმის თანაბრად არის გაყოფილი სირიის კონფლიქტის გარშემო აზრთა სხვაობის მხრივ.

მას შემდეგაც კი, რაც აშკარად დაირღვა საერთაშორისო ნორმა, რომლითაც აკრძალულია ქიმიური იარაღის გამოყენება, რუსეთს კვლავაც მძევლად ჰყავს აყვანილი გაეროს უშიშროების საბჭო და თავს არიდებს თავის საერთაშორისო პასუხისმგებლობებს, მათ შორის, ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციის მონაწილისას...
„დიდი ოცეულის“ სამიტის დსასრულს, ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას, ობამამ რუს კოლეგასთან შეხვედრის შესახებ განაცხადა:

„სირიას რაც შეეხება, ვთქვი, რომ იცით, არ მოველი, რომ შევთანხმდებით ამ - ქიმიური იარაღის გამოყენების - საკითხზე. თუმცა შესაძლებელია, რომ გაეროს ექსპერტების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ბატონ პუტინს უფრო გაუძნელდეს დაიცვას თავისი ამჟამინდელი პოზიცია მტკიცებულებების შესახებ“.

თუ რამდენად მკვეთრია სირიის გარშემო უთანხმოება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის, კარგად გამოჩნდა გაეროში აშშ-ის ელჩის სამანტა პაუერის განცხადებით.

„მას შემდეგაც კი, რაც აშკარად დაირღვა საერთაშორისო ნორმა, რომლითაც აკრძალულია ქიმიური იარაღის გამოყენება, რუსეთს კვლავაც მძევლად ჰყავს აყვანილი გაეროს უშიშროების საბჭო და თავს არიდებს თავის საერთაშორისო პასუხისმგებლობებს, მათ შორის, ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციის მონაწილისას. რაც გავიგეთ, - რაც სირიელმა ხალმა გაიგო, - არის ის, რომ ეს უშიშროების საბჭო არ არის საბჭო, რომელიც მსოფლიოს სჭირდება ამ კრიზისის მოსაგვარებლად“, - განაცხადა გაეროში აშშ-ის ელჩმა სამანტა პაუერმა ნიუ-იორკში.

რუსეთი, სირიის მმართველი რეჟიმის ტრადიციული მოკავშირე და იარაღით მომმარაგებელი, როგორც უკვე ითქვა, ბლოკავს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც დაშვებულად გამოაცხადებდა დამასკის წინააღმდეგ სამხედრო ზომების მიღებას. ასეთ რეზოლუციას ეწინააღმდეგება ჩინეთიც, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია რუსეთთან, საფრანგეთთან, ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად.

როგორც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უთხრა ჟურნალისტებს სანკტ-პეტერბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტის დასასრულს, ის ჯერ ვერ ხედავს გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის საკითხზე ერთსულოვნების მიღწევის პერსპექტივას.
XS
SM
MD
LG