Accessibility links

logo-print

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის ინვენტარიზაციის პროცესი დაასრულა. პროექტის ფარგლებში, ტყის ამ მასივის მდგომარეობა შეისწავლეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, 1998 წლის შემდეგ ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანში ინვენტარიზაცია პირველად განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, ტყის მართვის 10-წლიანი სამოქმედო გეგმა შემუშავდა, სატყეო დარგის სპეციალისტებისთვის საქართველოს ტყეებში გავრცელებული მერქნიანი სახეობებისა და ტყის მავნებელ დაავადებათა შესახებ გზამკვლევიც მომზადდა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსის კარლო ამირგულაშვილის სიტყვებით, 90-იანი წლების შემდეგ საქართველოში ტყეების ინვენტარიზაცია პირველად ჩატარდა. ორი წლის წინ ეს საქმე ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანზე ქართველმა და ავსტრიელმა სპეციალისტებმა დაიწყეს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით. ინვენტარიზაციის შედეგად, ამ ორი უბნის მართვის 10-წლიანი გეგმაც მომზადდა:

„1998 წლიდან 2014 წლამდე მხოლოდ ამ რაიონში 45 ათას ჰექტარ ფართობზე გვაქვს 1 მილიონ 700 ათასზე მეტი მერქნული რესურსის კლება. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სერიოზული და ინტენსიური ჭრები, უმეტესობა იყო უკონტროლო და უკანონო და მივიღეთ ის, რომ გვაქვს ტყეების სერიოზული დეგრადაცია ბორჯომ-ბაკურიანის რაიონში“.

მოსახლეობას და საზოგადოებას არ აქვს რესურსებთან ხელმისაწვდომობა, არ არის ჰარმონიზებული ტყეების კონსერვაციისა და გამოყენების საკითხები, პრობლემაა სატყეო სექტორში განათლება, ძალიან ცოტა სპეციალისტია და სატყეო განათლება დამყარებულია ძველ საბჭოთა სტანდარტებზე, რომელიც არ ვარგა...

მთავარი მიზეზი, რამაც საქართველოს ტყეებში არსებული, სპეციალისტების შეფასებით, სავალალო მდგომარეობა გამოიწვია, კორუფციული გარიგებები და უკანონო ჭრაა, ვინაიდან, როგორც კარლო ამირგულაშვილი ამბობს და მას სხვა სპეციალისტებიც ეთანხმებიან, 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი საშეშე მერქანი იჭრებოდა, ვიდრე ამის კანონიერი ნებართვა არსებობდა. სწორად არ იგეგმებოდა, რა რაოდენობის საშეშე მერქანი შეიძლებოდა მოჭრილიყო. ბოლო წლების სერიოზული კატასტროფა იყო ასევე 1200 ჰექტარი ტყის მასივის განადგურება, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად გაჩენილ ტყის ხანძარს მოჰყვა:

„რომ ნახოთ 2005-2010 წლის საჰაერო ფოტოგადაღებები, შეამჩნევთ, რომ ამ ტყეებში დღეს გვაქვს მინდვრები, კლასიკური გაგებით. ეს ნიშნავს იმას, რომ, რეალურად, ბიზნესი განხორციელდა, გარკვეულმა მოქალაქეებმა, ჯგუფებმა ისარგებლეს, ეს ხე-ტყე მაინც მოიპოვეს, მაგრამ აქედან ადგილობრივმა მოსახლეობამ და ბიუჯეტმა ვერ იხეირა“.

კარლო ამირგულაშვილის თქმით, 10-წლიანი გეგმა სწორედ საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებასა და სატყეო მართვის ისეთი სისტემის დანერგვაზე იქნება მიმართული, რომ მხოლოდ მეტყევესა და რეინჯერს არ უწევდეს ფიზიკურად ტყის გადარჩენაზე ზრუნვა, საბოლოო შედეგი კი იყოს იმგვარი, რომ ტყემ აღწარმოების უნარი შეინარჩუნოს.

საქართველოს ტყეებში არსებული მდგომარეობა დიდწილად არასწორმა მართვამ და ხელისუფლების მიერ პრობლემის გააზრების შემდეგ მისი გადაჭრის გეგმის შეუმუშავებლობამ განაპირობაო, ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი:

„მთავარი არის გაუმართავი მართვის მოდელი. მოსახლეობას და საზოგადოებას არ აქვს რესურსებთან ხელმისაწვდომობა, არ არის ჰარმონიზებული ტყეების კონსერვაციისა და გამოყენების საკითხები, პრობლემაა სატყეო სექტორში განათლება, ძალიან ცოტა სპეციალისტია და სატყეო განათლება დამყარებულია ძველ საბჭოთა სტანდარტებზე, რომელიც არ ვარგა“.

რეზო გეთიაშვილი

რეზო გეთიაშვილი

ინფორმაცია ტყეებში არსებული სავალალო მდგომარეობის შესახებ არსებობდა, მაგრამ ამის ზუსტი ციფრები და წყარო არ გვქონდაო, ამბობს გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის, CENN-ის, გარემოს დაცვითი პროგრამების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი. ის, ამ თვალსაზრისით, ინვენტარიზაციის შედეგებს უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს და ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ინვენტარიზაცია მხოლოდ ბორჯომ-ბაკურიან-ხარაგაულის ტყის მასივზე ჩატარდა, ეს შედეგები სიმპტომატურია მთელი საქართველოს მასშტაბითო:

„ჩვენ თითქმის ყველაფერი მოვჭერით 90-იანი წლების ბოლოს, რისი მოჭრაც კი შეიძლებოდა. როდესაც 15-20 წელიწადში გაქვს ამდენი კლება, ეს ნიშნავს, რომ თუ იგივე გაგრძელდა მომდევნო 15-20 წელიწადში, ტყე საერთოდ აღარ გექნება. ასე რომ, ეს პირდაპირ მიუთითებს დარგის მართვის სისუსტეებზე და არსებულ პრობლემებზე. ჩვენ ტყე უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ იმაზე მეტად არა, ვიდრე ტყეს თვითაღდგენის უნარი აქვს“.

ძალიან ბევრგან, საქართველოს მასშტაბით, ხეების ასაკი არის 20-30 წელი, ანუ ამ ხნის წინ დაიწყო ამ ტყეებმა განახლება, ამბობს რეზო გეთიაშვილი. მისი თქმით პირველადი ტყეები ძალიან ცოტაა დარჩენილი საქართველოში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG