Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაჩერება საბჭოურად


საბჭოთა ავტობუსის გაჩერებები – მათთვის დამახასიათებელი შტრიხები, მოზაიკიდან დაწყებული, ბეტონით დასრულებული. არქიტექტორი ნანუკა ზაალიშვილი, დაახლოებით, ერთი წელია მთელ საქართველოში მოგზაურობს და საბჭოთა გაჩერებებს იღებს. ის გეგმავს ფოტოალბომის გამოცემასაც. მისი მიზანია, უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ამ ობიექტების მდგომარეობისა და მათი შემდგომი პერსპექტივის შესახებ.

გაჩერება საბჭოურად
please wait

No media source currently available

0:00 0:08:55 0:00
გადმოწერა

ბავშვობისას, ზაფხულობით, სამხედრო გზას შემდგარი, თეთრი ჟიგულის უკანა, ჩაწეული შუშიდან თავგადმოყოფილი, დავინახავდი ხოლმე ნარინჯისფერი და მელნისფერი მოზაიკით მოპირკეთებულ ავტობუსის გრძელ გაჩერებას და გულში გავიფიქრებდი: აუუ, ჯერ კიდევ შორს ვართ, მაგრამ არც ისე შორს. ეს გაჩერება ის ნიშანი იყო, მხოლოდ ერთსაათიან, მაგრამ მაინც მტანჯველ გზას რომ მინახევრებდა ზაფხულის არდადეგებზე სოფლისკენ მიმავალს. ამ გაჩერებებზე იშვიათად იდგნენ ავტობუსის მომლოდინე მგზავრები. გაჩერებაზე, ძირითადად, ზაფხულის მწველი მზე იდგა ხოლმე. კიდევ იყო ერთი მოზაიკის პანო, რომელიც ასევე გზას, ოღონდ ამჯერად უკვე სახლისკენ მიმავალ გზას უკავშირდებოდა. ვაჟა-ფშაველაზე, პროფკავშირების კულტურის ცენტრის კედელი დიდხანს იყო ბავშვური კითხვის ნიშნების წყარო. ვინ იყო სერიოჟა და რა სიზმარი ნახა ისეთი, რომ ეს თავისი სიზმარი, კურდღლებიანი სიზმარი, მერე სხვებსაც ანახა. ეს ფიქრები მას მერე გაჩნდა, რაც ვიკითხე, რა ხატია ამ კედელზე- მეთქი და აღარ მახსოვს, ვიღაცამ მიპასუხა, „სერიოჟას სიზმარიო“. მოკლედ, ეს სხვა ამბავია. შორს წაგვიყვანა მოზაიკაზე ფიქრმა.

ეს არის ამბავი ავტუბუსების გაჩერებებისა, საბჭოთა გაჩერებებისა, რომლებსაც ასე, მოზაიკით აპირკეთებდნენ. თუმცა არა მხოლოდ. ფერადი მოზაიკით შემკულ გაჩერებებს ბეტონის ბრუტალური ფორმები ცვლიდა – თითოეულ გაჩერებას თავისი დამოუკიდებელი სტილი და ხასიათი ჰქონდა. ამის შესახებ არქიტექტორი ნანუკა ზაალიშვილი გვიყვება. თითქმის ერთი წელია, რაც ის რეგიონებში მოგზაურობს და ფოტოკამერით აღბეჭდავს საბჭოთა პერიოდის ავტობუსების გაჩერებებისათვის დამახასიათებელ მრავალფეროვნებას და მათ როლს თანამედროვეობაში. ეს იდეა კი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ხელში ჩაუვარდა ფოტოგრაფ კრისტოფერ ჰერვიგის წიგნი „საბჭოთა ავტობუსის გაჩერებები“, რომელიც 2015 წელს გამოიცა და რომელმაც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში იმოგზაურა და ყველაზე ორიგინალური დიზაინის მქონე ავტობუსის გაჩერებები გადაიღო. ამ წიგნში საქართველოდან მხოლოდ ზუგდიდისა და აფხაზეთის ულამაზესი გაჩერებები გვხდებაო, – ამბობს ნანუკა. მას შემდეგ ნანუკა ბევრს მოგზაურობს ან, უფრო სწორედ, როგორც თვითონ ამბობს, „ნადირობს“ გაჩერებებზე. და ეს გაცილებით საინტერესო გამოდგა, ვიდრე ელოდა:

ნანუკა ზაალიშვილი
ნანუკა ზაალიშვილი

„არასდროს არ ვიცოდი, სად რა შემხვდებოდა. თავიდან იყო ის, რომ ხშირად მიწევდა გასვლა კახეთისა და ქართლის მიმართულებით და რაც მხვდებოდა, იმას ვიღებდი. ეს უფრო იყო არა ფოტოპროექტის სახე, არამედ უფრო მეტად დოკუმენტალიზაცია და შემდეგ გადაიზარდა იმაში, რომ უკვე სპეციალურად ვგეგმავდი რეგიონების მიხედვით მოგზაურობებს. უფრო და უფრო საინტერესო მოცემულობები მხვდებოდა. ეს იქნებოდა მოზაიკა, საინტერესო კონსტრუქციული ელემენტი თუ სხვა. ბევრი მათგანი არის საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში და მათი აღდგენა უკვე რთულია და ზოგ მათგანს მხოლოდ რესტავრირება სჭირდება და, საბედნიეროდ, კარგ მდგომარეობაშია. მოზაიკებზე გამოხატულია როგორც მკვეთრად გამოხატული საბჭოთა თემატიკა, ტრაქტორები, კოლმეურნე ქალები... ბევრ მოზაიკაზე კი გვხვდება ქართული ხალხური თემატიკა“.

მოზაიკა, მოზაიკური პანო საბჭოთა კავშირის ქუჩების, შენობების, ფაბრიკა-ქარხნების, ინტერიერის მოპირკეთების ერთ-ერთ დამახასიათებელ შტრიხად იქცა. ავტობუსის გაჩერებებიდან დაწყებული, მაგალითად, სახანძროს შენობით დასრულებული, შესაბამის მოტივებზე შექმნილ ფერად პანოებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებოდა ადამიანი. ხილ-ბოსტნის მაღაზიაში ყურძნის აკიდოებით მორთული, მრგვალფორმიანი გოგო-ბიჭები, მაგალითად, კარტოფილის საყიდლად შესული კაცისთვის ერთი რიგითი დეკორაცია იყო. საბჭოთა კავშირში და მათ შორის, საქართველოში, ამ მოდის ფუძემდებლად მხატვარი და მოქანდაკე ზურაბ წერეთელი ითვლება – ასე ამბობს რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას, მხატვარი გია ბუღაძე. საბჭოთა კავშირთან დამეგობრებულ მექსიკაში მოგზაურობისას, ზურაბ წერეთელმა მოზაიკის შექმნის ტექნიკა შეისწავლა და აქტიურად დაიწყო ხელოვნების ამ დარგზე მუშაობა:

„მექსიკაში ძალიან პოპულარული იყო საბჭოთა კავშირი და, კონკრეტულად, კომუნისტური პარტია და ბევრი არტისტი, მონუმენტალისტი იყო კომუნისტური პარტიის აქტივისტი და არა მარტო აქტივისტი. ყველაზე დიდი მოზაიკური პანოების და სოციალური ტიპის დიდი მონუმენტალიზმის ავტორი იყო დავიდ ალფარო სიკეიროსი, რომელიც იყო სტალინელი და რომელმაც სტალინის დავალებით ლევ ტროცკის ესროლა, თუმცა ააცილა. და წარმოიდგინეთ, როგორი პოპულარული იქნებოდა სიკეიროსის მოზაიკები საბჭოთა კავშირში და, კონკრეტულად, ზურაბ წერეთლის მიერ ათვისებული მოზაიკური პანოები. მან პირადად გაიცნო სიკეიროსი. პირველი დიდი მოზაიკური პანო, რაც თბილისში გააკეთა, რა თქმა უნდა, ეს სიკეიროსის გავლენით არის გაკეთებული. ეს გახლავთ პროფკავშირების სახლზე გაკეთებული პანო, რომელსაც მერე ხალხმა ხუმრობით „სერიოჟას სიზმარი“ უწოდა და საკმაოდ კარგად შესრულებული პანოა. შემდეგ უკვე რეგიონებში გავრცელდა ეს პატარ-პატარა სივრცეები, რომელიც კეთდებოდა გარკვეული საერთო ესთეტიკური მოსაზრებებით და გამოსახავდა სოციალისტურ თემებს. ძირითადად, აქ იყო კოლმეურნეობა, თუ რა ბედნიერები არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ამა თუ იმ რაიონში, მთები, გადახნული ველები, მხიარული ადამიანები, ბავშვები, მზეები და ა.შ.“

გია ბუღაძე
გია ბუღაძე

ყველაფერი პარტიული დაკვეთიდან მოდიოდა, დაკვეთის დაფინანსებას და აღსრულებას კი სამხატვრო კომბინატი უზრუნველყოფდა. თუმცა, როგორც გია ბუღაძე ამბობს, ის, რაც, მაგალითად, საბჭოთა ავტობუსის გაჩერებებზე კეთდებოდა, არ იყო მოზაიკა, ეს იყო უმარტივესი ჭიქურით დამზადებული კაფელი, რომელსაც ამტვრევდნენ და შემდეგ უკვე სხვადასხვა სქემის მიხედვით იწყობოდა გამოსახულება. ერთ-ერთი ავტორი, რომელიც ამგვარ ობიექტებზე მოზაიკურ პანოებს ასრულებდა, იყო ჟორა ბოჭორიშვილი. 19 წლის გია ბუღაძეს სწორედ მასთან ერთად მოუწია ერთ-ერთ ასეთ ობიექტზე მუშაობა:

„ალბათ, ორი კვირის განმავლობაში ვიმუშავე. ვუწყობდი ფილებს, რომ ერთი-ორი კაპიკი გამეკეთებინა, მაგრამ ვერ გავქაჩე, იმიტომ, რომ სწრაფად ვერ ვაწყობდი და გამომაგდო. იქ ისეთი ბიჭები ყავდა და ისეთი ტემპით აწყობდნენ, რომ გაგიჟდებოდით. მე კი ვერაფრით ვერ მოვახერხე ეს“.

იდეა აქტიური სოციალური ხელოვნებისა, ხელოვნებისა, რომელიც ყველგან იქნებოდა, ყველაფერს მოიცავდა და ყველგან შეაღწევდა, სადგურებიდან დაწყებული, ფაბრიკა ქარხნებით დამთავრებული, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში გერმანიაში „ბაუჰაუზის მოძრაობის“ საფუძველში ჩაიდო. ამრიგად, მართალია, საბჭოთა კავშირი სოციალური ხელოვნების გამოყენების იდეაში პიონერი არ იყო, თუმცა ამ მიდგომას ის აქტიურად იყენებდა.

რაც საბჭოთა პერიოდთან არის ასოცირებული, გინდა მოზაიკა იყოს, გინდა გაჩერება და გინდა არქიტექტურა, ყოველთვის ნეგატიური კონოტაციით არის გაგებული და ცუდთან არის ასოცირებული და აუცილებლად მინდა გავუსვა ხაზი, რომ საბჭოთა პერიოდში შექმნილი ნამუშევრები არ ნიშნავს, რომ ეს არის ცუდი და არის იმ პერიოდის სოციალიზმის თუ კომუნიზმის პროპაგანდა...
ნინი ფალავანდიშვილი

ნინი ფალავანდიშვილი, სახელოვნებო ორგანიზაცია „გეოეარის“ კურატორი, ფიქრობს, რომ ძველ, მოზაიკით მოპირკეთებულ საბჭოთა ავტობუსის გაჩერებებს პირვანდელი სახე უნდა შეუნარჩუნდეს. ის ფიქრობს, მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსის გაჩერებები, ძირითადად, კონვეიერული წესით, ერთი ხელის მოსმით იქმნებოდა, დღეს მათი ღირებულება საკმაოდ მაღალია და სახელმწიფომ თუ საზოგადოებამ კომპლექსურად უნდა იფიქროს მათ შენარჩუნებაზე:

„რაც საბჭოთა პერიოდთან არის ასოცირებული, გინდა მოზაიკა იყოს, გინდა გაჩერება და გინდა არქიტექტურა, ყოველთვის ნეგატიური კონოტაციით არის გაგებული და ცუდთან არის ასოცირებული და აუცილებლად მინდა გავუსვა ხაზი, რომ საბჭოთა პერიოდში შექმნილი ნამუშევრები არ ნიშნავს, რომ ეს არის ცუდი და არის იმ პერიოდის სოციალიზმის თუ კომუნიზმის პროპაგანდა. ძალიან ბევრი გაჩერების მოზაიკური გაფორმება არის დეკორატიული თუ აბსტრაქტული ხასიათის, მაგრამ რეგიონებში უფრო თემატური ხასიათით გამოირჩევა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ, უმეტესწილად, ეს არ არის იდეოლოგიის პროპაგანდა. პირიქით, მოზაიკების დიდი ნაწილი არის დეკორატიული ხასიათის, ეროვნული თემატიკით. ანუ, უფრო მეტად, ეს თემატიკაა წინ წამოწეული, ვიდრე ფერმები, მუშები და ა.შ. თუმცა, ვერც ამაში ვერ ვხედავ ვერაფერს ცუდს. დღესაც გვინდა, რომ იყოს განვითარებული სოფლის მეურნეობა და თუ ეს იქნება ვიღაცისთვის სახელოვნებო ნამუშევრის ინსპირაციის წყარო, ამაში, პირადად მე, ცუდს ვერაფერს ვხედავ“.

დღეს შემორჩენილი საბჭოთა გაჩერებები დანიშნულებისამებრ აღარ გამოიყენება. მათი ნაწილი მწყობრიდან არის გამოსული. ნაწილი ახალმა გაჩერებებმა ჩაანაცვლა და ნაწილმა კი სრულიად სხვა დანიშნულება ჰპოვა. სულ რამდენიმე დღის წინ, ისევ და ისევ სამხედრო გზაზე მიმავალმა, სოფელ ბულაჩაურთან თვალი მოვკარი ნარინჯისფერი მოზაიკით მოპირკეთებულ გაჩერებაზე შეყუჟულ ქალებს, წინ რომ ვედროები ედგათ, გასაყიდი ხახვით სავსე. კიდევ ერთ გაჩერებაზე, ცოტა ზევით, მწყემსი ელოდა გამოდარებას, ათიოდ ცხვართან ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG