Accessibility links

logo-print

დე ფაქტო ხელისუფლება გადაადგილებას ზღუდავს, გორიდან კი სამშვიდობო მოწოდებები ისმის


თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობამ ეგრეთ წოდებულ საზღვარზე მოქალაქეთა გადაადგილება აკრძალა. ეს აკრძალვა ძირითადად ახალგორისა და პერევის მოსახლეობას ეხება, რადგან დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე გადაადგილება მხოლოდ ამ ადგილებიდან არის შესაძლებელი. თვითაღიარებული უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის ცნობით, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, რაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ღონისძიებებს უკავშირდება, შეზღუდვა 11 აგვისტომდე იქნება ძალაში. დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობაში გამოეხმაურნენ და ამ ნაბიჯს პროვოკაციული უწოდეს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკანიანის განცხადებით, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა ხელი შეუშალონ ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას. მისი განცხადებით, ამ ფაქტთან დაკავშირებით საქმის კურსში არიან საერთაშორისო ორგანიზაციები და საკითხი ჟენევის დისკუსიის ფორმატშიც განიხილება.

სამშვიდობო აქცია გორში

სამშვიდობო აქცია გორში

ცხინვალი გადაადგილებას ზღუდავს, ბაქოში კი ქართველი და ოსი ახალგაზრდები ერთობლივ სამშვიდობო პროექტებზე მუშაობენ. მათმა მშობლებმა და ნათესავებმა - ძირითადად ცხინვალიდან და ლიახვის ხეობიდან დევნილმა ქალებმა - გორში სამშვიდობო აქცია გამართეს. მოძრაობის „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი და ქალაქში სამშვიდობო მოწოდებებით მსვლელობა მოაწყვეს. სამშვიდობო მოძრაობის წევრს, ნაზი ბერუაშვილს, შვილი და შვილიშვილები ცხინვალში ჰყავს, ისინი დიდი ხანია აღარ უნახავს და მხოლოდ ტელეფონით თუ იგებენ ერთმანეთის ამბავს. ნაზი ბერუაშვილი ამბობს, რომ ცხინვალში ბევრ ადამიანს იცნობს, ვისაც ურთიერთობის აღდგენის სურვილი აქვს, მაგრამ არაერთი ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობს.

ქალთა სამშვიდობო მოძრაობის წევრებმა ცხინვალში პარტნიორ ორგანიზაციას უკვე მეექვსედ მიუსამძიმრეს ომში ახალგაზრდების დაღუპვა. ორგანიზაციის წარმომადგენელი ნანა საბანაძე აცხადებს, რომ სწორედ ქალებს აკისრიათ დიდი როლი მშვიდობის მშენებლობის საქმეში და მათ აღარ უნდა დაუშვან, რომ ომის სისასტიკე ისევ განმეორდეს.

დავით ტურაშვილი ერგნეთის სკოლაში

დავით ტურაშვილი ერგნეთის სკოლაში

ომი ყველაზე მეტად ქალებს და ბავშვებს აზარალებს. სოფელ ერგნეთში, საოკუპაციო მავთულხლართებთან ახლოს, დგას პატარა სკოლა, სადაც ამჟამად 49 ბავშვი სწავლობს. ომის დროს ეს სკოლა რუსეთის ერთ-ერთი ბატალიონის წევრებმა დაიკავეს, ქართველი მწერლების სურათები დაცხრილეს, ინფრასტრუქტურა გაანადგურეს და კედლებზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს. ომის შემდეგ სკოლა აღადგინეს და იქ თავიდან 23 ბავშვი მივიდა სასწავლებლად. ახლა ბავშვებიც და მათი მშობლებიც სოფელში ბრუნდებიან. მათ ისევ ახსოვთ ომის დროს გადატანილი გაჭირვება და დევნილობა. ერგნეთის სკოლაში მწერალი დავით ტურაშვილი ჩავიდა, ბავშვებს რამდენიმე ათეული წიგნი ჩაუტანა და მოსწავლეებს თავადვე უამბო ამ წიგნების შესახებ. ადგილობრივი პედაგოგები ამბობენ, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მიმართ გამოჩენილი ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია.

ერგნეთის სკოლის მოსწავლეებმა ბიბლიოთეკიდან წიგნების გატანა დღესვე დაიწყეს. ნათია კასრაძე ამბობს, რომ მთელ ზაფხულს კითხვაში გაატარებს.

2008 წლის აგვისტოს ომის 6 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 8 აგვისტოს გაგრძელდება. კარალეთის დევნილთა დასახლებაში დევნილთა და განსახლების მინისტრს ელოდებიან. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კი შინდისში ჩავლენ და ამ სოფელთან ბრძოლაში დაღუპული ახალგაზრდების მემორიალს ყვავილებით შეამკობენ.

XS
SM
MD
LG