Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა თუ არა ფიდეს პრეზიდენტი?


კირსან ილიუმჟინოვი
კირსან ილიუმჟინოვი

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (ფიდეს) გარშემო წინააღმდეგობრივი ცნობები ვრცელდება. 27 მარტს ფედერაციის ოფიციალურ ინტერნეტსაიტზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ თანამდებობიდან გადადგა ფედერაციის პრეზიდენტი, კირსან ილუმჟინოვი. არადა, ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ მსგავსი არაფერი გაუკეთებია და არც აპირებს თავისი პოსტის დატოვებას.

კირსან ილუმჟინოვი 1995 წლიდან ხელმძღვანელობს ფიდეს. რუსეთის ფედერაციაში შემავალი ყალმუხეთის რესპუბლიკის ყოფილ ლიდერს, მულტიმილიონერ ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს ბევრი ოპონენტი ჰყავს. ფიდეს პრეზიდენტის არჩევნების დროს - 2006, 2010, 2014 წლებში - კორუფციისა და კენჭისყრაზე დარღვევების ბრალდებები ისმოდა.

ფიდეს სტაჟიანმა პრეზიდენტმა 29 მარტს დაადასტურა, რომ არ აპირებს გადადგომას! ეს განცხადება მან გააკეთა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე - ორ დღეში მას შემდეგ, რაც ფიდეს ვებსაიტზე გამოქვეყნდა ცნობა ილუმჟინოვის გადადგომის თაობაზე. მაშინ, 27 მარტს, ილუმჟინოვის რეაქცია ასეთი იყო: „მინდა ვუთხრა ყველა ძალას, რომელმაც ეს ცნობა გაავრცელა და რომელსაც ჩემი გადადგომა სურს: ამას ვერ მოესწრებით! როგორც ცნობილია, 2015 წლის 25 ნოემბერს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, სანქცირებულთა სიაში შემიყვანეს და ამის შემდეგ ზოგი ფედერაცია - ისინი, ვინც (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის 2014 წლის არჩევნების დროს) ხმა მისცა გარი კასპაროვს - ჩემს გადადგომას მოითხოვს. ბოლოხანს შეერთებული შტატების ფედერაციამ ისევ დაწერა წერილი და საკითხის განხილვა მოითხოვა. ამდენად, ვგრძნობ გარკვეულ ზეწოლას, განუწყვეტელ პროვოკაციებს, განუწყვეტელ თხოვნას და მუქარასაც კი, რომ წავიდე ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან“, - უთხრა ილუმჟინოვმა რუსეთის ტელეარხ „როსია 24“-ს და ფიდეს ზოგი წევრი „მომცრო რევოლუციის“ მოწყობაში დაადანაშაულა. ილუმჟინოვის თქმით, 26 მარტს, როცა ფიდეს მმართველი საბჭოს სხდომა იმართებოდა, მისგან გადადგომა მოითხოვეს.

ამ სხდომასთან დაკავშირებით ფიდეს აღმასრულებელი დირექტორი, ნაიჯელ ფრიდმენი, ამბობს: 26 მარტს ილუმჟინოვმა, სანამ ოთახიდან გავიდოდა, სამჯერ გაიმეორა, „გადავდგებიო“. მაგრამ თვითონ ილუმჟინოვი განმარტავს, რომ მხოლოდ მიანიშნა, რომ მზად არის გადადგეს, არასოდეს დაუწერია განცხადება გადადგომის თხოვნით.

ფიდეს მმართველმა საბჭომ ახლა 10 აპრილისათვის დანიშნა სხდომა ამ საკითხის განსახილველად. მომავალი წლის სექტემბერში კი - გეგმით - გაიმართება ფიდეს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები. ილუმჟინოვი ამბობს, რომ ჯერ არ იცის, ისევ წამოაყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას.

ის ჭადრაკის პოლიტიზებაში ადანაშაულებს „ზოგ საერთაშორისო მოღვაწეს“: „ სამწუხაროდ, ჭადრაკს განუწყვეტლივ რთავენ პოლიტიკაში, ჭადრაკი ხდება ვაჭრობის საგანი ზოგი საერთაშორისო მოღვაწის პოლიტიკურ თამაშებში“.

პოლიტიკას რაც შეეხება, კირსან ილუმჟინოვი 1993-2000 წლებში იყო ყალმუხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი და მას რეპრესიულ მმართველობაში ადანაშაულებენ. 1998 წელს მისი თანაშემწე სასამართლომ დამნაშავედ ცნო ჟურნალისტ ლარისა იუდინას მკვლელობაში.

ილუმჟინოვი ცნობილია ასევე კრემლთან კარგი ურთიერთობით და იმით, რომ პირადად იცნობს სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს. 2015 წელს სწორედ სირიის მმართველ რეჟიმთან თანამშრომლობისთვის შეიყვანა ის აშშ-მა სანქცირებულთა სიაში.

27 მარტს, ფიდეს პრეზიდენტის გადადგომაზე ცნობის გავრცელების შემდეგ, მან გამოთქვა ვარაუდი, რომ „ამერიკის ხელი ურევია“ მის წინააღმდეგ შეთქმულებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG