Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე - აღიდგენს თუ არა რეპუტაციას საკონსტიტუციო სასამართლო


საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 30 სექტემბერს ტელეკომპანიების, „რუსთავი 2“-ისა და „საქართველოს“, საკონსტიტუციო სარჩელი დააკმაყოფილა. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის ის ნაწილი, რომელიც სადავო ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას და დაუყოვნებელი აღსრულების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასა და გადაწყვეტილებას ითვალისწინებს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 30 სექტემბერს სულ 6 საქმეზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, დღის ბოლოს კი 4 მოსამართლეს გამოემშვიდობა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ 30 სექტემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილება კოლეგიის 2 მოსამართლისთვის ბოლო გამოდგა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის რანგში. 2016 წლის 30 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს - ქეთევან ერემაძეს, დავით სიჭინავას, კონსტანტინე ვარძელაშვილს და სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს - უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ. არსებული ინფორმაციით, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მის მოვალეობას თავმჯდომარის მოადგილე, მეორე კოლეგიის თავმჯდომარე ზაზა თავაძე შეასრულებს:

ახალ მოსამართლეებს აქვთ უფლება, რომ საქმეს უკეთ გაეცნონ და მოითხოვონ, ასე ვთქვათ, ზეპირი სხდომის ჩატარება, ანუ არსებითი განხილვის ხელახლა ჩატარება მოითხოვონ. ჯამში, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ჩატარდება 3 ზეპირი განხილვა...
გიორგი გოცირიძე

“ეს კანონი ითხოვს ასე. მოვალეობის შემსრულებელი ვიქნები მე, მანამ არ აირჩევა ახალი თავმჯდომარე. თავჯდომარე ვიქნები იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის პროცედურებს გავივლი. სურვილი რატომაც არ მაქვს! ნებისმიერ კარგ იურისტს აქვს სურვილი იმისა, რომ თავმჯდომარე გახდეს და თუ მე მხვდა ეს პატივი წილად და სამი მოსამართლე მე დამასახელებს და შემდეგ უმრავლესობა ამირჩევს, რატომაც არა!“ - განაცხადა ზაზა თავაძემ.

4-დან იმ სამი მოსამართლის ვინაობა, რომლებიც იმ მოსამართლეებს ჩაენაცვლებიან, ვისაც უფლებამოსილების ვადა გაუვიდა, უკვე ცნობილია. ესენი არიან პრეზიდენტის კვოტით დანიშნული ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე და უზენაესი სასამართლოს კვოტით დანიშნული თეიმურაზ ტუღუში. საკონსტიტუციო სასამართლოს მეოთხე წევრს პარლამენტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დანიშნავს, თუმცა მანამდე, გავრცელებული ინფორმაციით, 2 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრები ფიცს დადებენ და უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგებიან. განსახილველ საკითხთაგან კი საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩება ეგრეთ წოდებული გახმაურებული საქმეები, კერძოდ, კაბელებისა და გიგი უგულავას გაერთიანებული საქმე და „რუსთავი 2“-ის საქმე. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მრჩეველმა გიორგი ლომთაძემ განუცხადა მედიას, ვინაიდან პლენუმის 9 წევრიდან 4 მოსამართლე იცვლება და საქმეების დიდი ნაწილი განსახილველად პლენუმს გადაეცა, შესაძლოა, ეს საქმეები ხელახლა განიხილონ:

“იმ შემთხვევაში, თუ ჯერ კიდევ მოქმედი სასამართლო შემადგენლობა ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას იმ საქმეებზე, რაზეც სასამართლო იმყოფება სათათბირო ოთახში, შემდეგ უკვე ახლად ფორმირებული საკონსტიტუციო სასამართლო განაგრძობს აღნიშნულ საქმეებზე სამართალწარმოებას და, შესაბამისად, ისინი, ის სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე კი შენიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში „რუსთავი 2“-ის საქმემ ერთგვარი რეკორდის პრეცედენტიც შექმნა:

“ახალ მოსამართლეებს აქვთ უფლება, რომ საქმეს უკეთ გაეცნონ და მოითხოვონ, ასე ვთქვათ, ზეპირი სხდომის ჩატარება, ანუ არსებითი განხილვის ხელახლა ჩატარება მოითხოვონ. ჯამში, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ჩატარდება 3 ზეპირი განხილვა. ეს ძალიან საინტერესო იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს, ასე ვთქვათ, ისტორიაში, როდესაც ერთი და იგივე საქმეზე სამჯერ ჩატარდა ზეპირი მოსმენა. ჯერ მოხდა კოლეგიაში, მერე საქმე გადავიდა პლენუმში და ჩატარდა პლენუმში არსებითი განხილვა და ეხლა, როდესაც იცვლება შემადგენლობა, მესამედ შეიძლება ჩატარდეს პლენუმში გადასულ საქმეებზე ზეპირი მოსმენა“.

სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი სოფო ვერძეული კი, თავის მხრივ, შენიშნავს, რომ ახალ პოლიტიკურ რეალობაში, რომელიც არჩევნების შემდგომ შეიქმნება, სასამართლოს ახალი შემადგენლობა უნდა იქცეს იმის რესურსად, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლო თვეების განმავლობაში პოლიტიკურ გავლენებსა და კომპლექსურ პრობლემებთან დაკავშირებული კრიზისი დაიძლიოს:

“ვგულისხმობ მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან თავდასხმებს საკონსტიტუციო სასამართლოს ინდივიდუალური მოსამართლეების მიმართ; ვგულისხმობ რეფორმას, რომელიც ძალიან ნაჩქარევად და ხარვეზიანად ჩაატარა პარლამენტმა; ვგულისხმობ იმ კრიზისს, რომელმაც აჩვენა, რომ ამ რეფორმის ფონზე მით უმეტეს ძალიან გართულდა სასამართლოს ფუნქციონირება და, ფაქტობრივად, სასამართლო გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო ისეთ რეჟიმში, რომ შეკრებაც კი, სხდომების ჩატარებაც კი ვერ ხერხდებოდა“.

სოფო ვერძეული ამბობს, რომ პოლიტიკურ მიკერძოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ეჭვი დამღუპველია სასამართლოსთვის და ამიტომ მოსამართლეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ სასამართლომ ეფექტური ფუნქციონირების უნარი დაიბრუნოს და შელახული რეპუტაცია აღიდგინოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG