Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო „უცხო ქვეყნებს“ სირიისათვის იარაღის მიწოდების გამო აკრიტიკებს


ბან კი მუნი
ბან კი მუნი
გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა და არაბთა ლიგის სპეციალურმა წარგზავნილმა სირიის საკითხებში ლახდარ ბრაჰიმიმ მკაცრად გააკრიტიკეს „უცხო ქვეყნები“, რომლებიც იარაღით ბაარ ალ ასადის რეჟიმსაც ამარაგებენ და სირიელ მეამბოხეებსაც. ამ ფონზე, გაეროს კრიტიკის ობიექტად იქცნენ საერთაშორისო დონორებიც, რომელთა მოკრძალებული ძალისხმევა არ არის საკმარისი სირიაში ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად.

ორშაბათს, ნიუ-იორკში შეხვედრის დროს, ბან კუ მუნსა და ლახდარ ბრაჰიმის კონკრეტულად არ დაუსახელებიათ იმ ქვეყნების ვინაობა, რომლებიც სირიის მთავრობასა და ოპოზიციას იარაღით ამარაგებენ. თუმცა ცნობილია, რომ რუსეთი და ირანი იარაღს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის მთავრობას აწვდიდნენ, ხოლო, თავის მხრივ, სირიის მთავრობა თურქეთს, კატარსა და სპარსეთის ყურის სხვა სახელმწიფოებს ადანაშაულებს ოპოზიციის საბრძოლო იარაღით მომარაგებაში.
დონორთა საერთაშორისო თანამეგობრობა საჭირო დახმარების მხოლოდ 50 პროცენტს იძლევა, რაც, ჩვენი აზრით, ძალიან, ძალიან შემაშფოთებელია და, ცხადია, შედეგები დასაშვებზე უფრო დიდ ჰუმანიტარულ გაჭირვებას იწვევს...
ჯონ გინგი


ბან კი მუნისა და ლახდარ ბრაჰიმის ასეთი კომენტარები ნიუ-იორკში მას შემდეგ გაკეთდა, რაც გაეროს ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა დაიჩივლეს, რომ საერთაშორისო დონორებმა ვერ უზრუნველყვეს სირიელ დევნილთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

ამის თაობაზე 21 იანვარს დამასკში განცხადება გააკეთა გაეროს ჰუმანიტარული საქმეების საკოორდინაციო კომიტეტის მენეჯერმა ჯონ გინგმა, რომელიც სირიაში ჰუმანიტარული მდგომარეობის შესწავლის მისიით იმყოფება:

„ჩვენი დონორების თანამეგობრობა, დონორთა საერთაშორისო თანამეგობრობა საჭირო დახმარების მხოლოდ 50 პროცენტს იძლევა, რაც, ჩვენი აზრით, ძალიან, ძალიან შემაშფოთებელია და, ცხადია, შედეგები დასაშვებზე უფრო დიდ ჰუმანიტარულ გაჭირვებას იწვევს. ეს ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს არ მოეპოვება საკვები თუ სხვა რამ, რაც სჭირდება. ნამდვილად ვისურვებდით, რომ დონორთა თანამეგობრობა კვლავ გააქტიურდეს“.
მათ, ვინც კონფლიქტშია ჩაბმული, ჰყავთ თავიანთი მხარდამჭერები. ისინი უნდა შეიკრიბონ და თავადვე იზრუნონ ამ კონფლიქტის დასრულებაზე, რისკენ მოწოდებებიც ყველა მხრიდან გაისმის...
ჯონ გინგი


ჯონ გინგმა დამასკიდან სირიის კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მოუწოდა, გადაჭრან კრიზისი.

„ჩვენ არ ვმუშაობთ კონფლიქტის მოგვარებაზე, მაგრამ მუშაობენ სხვები, რომელთაც ივალდებულეს პოლიტიკურ შეხვედრებზე მიაგნონ გადაწყვეტილებას. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ მათ, ვინც კონფლიქტშია ჩაბმული, ჰყავთ თავიანთი მხარდამჭერები. ისინი უნდა შეიკრიბონ და თავადვე იზრუნონ ამ კონფლიქტის დასრულებაზე, რისკენ მოწოდებებიც ყველა მხრიდან გაისმის“.

გაერო იმედოვნებს, რომ კუვეიტში 30 იანვარს დაგეგმილი საერთაშორისო დონორთა კონფერენცია შეძლებს სირიის დახმარების ფონდის 1.5 მილიარდ დოლარამდე გაზრდას. გაეროს მონაცემებით, სირიაში მიმდინარე ლამის ორწლიანი კონფლიქტის განმავლობაში 60 ათასი კაცი დაიღუპა, ხოლო დაახლოებით 2.5 მილიონი ადამიანი არის ქცეული ლტოლვილად და შიმშილისგან იტანჯება. ბოლო ძალადობის შემდეგ, რომლის დროსაც სირიაში 30 კაცი დაიღუპა, რუსეთმა განაცხადა, რომ სამშაბათიდან სირიაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების ევაკუაციას დაიწყებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG