Accessibility links

logo-print

გაერომ შეაჩერა ჰუმანიტარული ოპერაციები სირიაში


თავდასხმის შემდეგ

თავდასხმის შემდეგ

გაეროს გადაწყვეტილებით, სირიაში დროებით შეწყდა ჰუმანიტარული დახმარების ავტოკოლონების გადაადგილება მას შემდეგ, რაც 19 სექტემბერს ერთ-ერთ ავტოკოლონაზე საჰაერო დარტყმის შედეგად 20-მდე ადამიანი დაიღუპა. თავდასხმა ჩრდილოეთ სირიის ქალაქ ალეპოსთან განხორციელდა.

ჰუმანიტარული ორგანიზაციები შიშობენ, რომ, გაეროს ჰუმანიტარულ ავტოკოლონაზე თავდასხმის შემდეგ, სირიაში მილიონობით სამოქალაქო პირს ემუქრება დახმარების გარეშე დარჩენის საფრთხე. ავტორიტეტიანმა ორგანიზაცია „წითელმა ჯვარმა“ შეაჩერა თავისი ავტოკოლონა, რომელსაც სირიის ოთხ ალყაშემორტყმულ ქალაქში ელოდებოდნენ.

„წითელი ჯვრისა“ და „წითელი ნახევარმთვარის“ საზოგადოებათა ფედერაციის პრესმდივანმა ბენუა კარპენტიემ „მიუღებელი“ უწოდა ჰუმანიტარული დახმარების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმას. ამ იერიშის სამიზნე გახდა, სულ ცოტა, 18 სატვირთო მანქანა 31 მანქანის კოლონაში, რომლითაც გაეროსა და „სირიის არაბულ წითელ ნახევარმთვარეს“ დახმარება უნდა მიეწოდებინათ 78 ათასამდე ადამიანისათვის ალეპოს პროვინციაში.

„გუშინდელი თავდასხმა არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა და ის მიუღებელია! ჰუმანიტარული მისიის მუშაკებისა და სტრუქტურების დაუცველობას, შესაძლოა, მძიმე შედეგები მოჰყვეს ქვეყანაში მიმდინარე ჰუმანიტარული ოპერაციებისათვის, რაც მილიონობით ადამიანს დატოვებს მათ გადასარჩენად აუცილებელი დახმარების გარეშე“, - განაცხადა კარპენტიემ 20 სექტემბერს ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე. მისი ორგანიზაციის ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარების ავტოკოლონაზე 19 სექტემბრის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა 20-მდე სამოქალაქო პირი, მათ შორის, „წითელი ნახევარმთვარის“ სირიელი თანამშრომელი.

ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაში მონაწილეობდა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის პრესმდივანიც, იენს ლერკე, რომელმაც გამოაცხადა, რომ სირიაში ოპერაციები შეჩერებულია: „როგორც გადაუდებელი ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დროებით შეჩერდა სირიაში დანარჩენი ავტოკოლონების გადაადგილება, უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარების შემოწმებასთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი სირიაში დარჩენა და დახმარების მიწოდება ყველასთვის, ვისაც ის სჭირდება“.

19 სექტემბერს აშშ-ის მთავრობამ „აღშფოთება“ გამოხატა ჰუმანიტარული დახმარების ავტოკოლონაზე მოწყობილი თავდასხმის გამო. ნათელი არ არის, რომელი მხარის ძალებმა მიიტანეს იერიში მას შემდეგ, რაც სირიის სამხედრო წარმომადგენლებმა დასრულებულად გამოაცხადეს აშშ-ისა და რუსეთის შუამავლობით ერთი კვირით ადრე ამოქმედებული ზავი. საინფორმაციო სააგენტო „რეიტერსის“ ცნობით, ერთ-ერთი წყარო აცხადებს, რომ ალეპოს მახლობლად საჰაერო იერიშზე პასუხისმგებლობა სირიის ან რუსეთის საჰაერო ძალებს ეკისრება, თუმცა მოსკოვი გამორიცხავს ამ ვერსიას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 20 სექტემბრის განცხადებით, რუსეთისა და სირიის საჰაერო ძალებს არ მიუტანიათ საჰაერო იერიში ჰუმანიტარული დახმარების ავტოკოლონაზე. სამინისტროს თანახმად, ავტოკოლონის ადგილსამყოფელზე მთელი ინფორმაცია ცნობილი იყო მხოლოდ ექსტრემისტებისათვის, რომლებიც ამ რეგიონს აკონტროლებენ.

სირიაში კონფლიქტი 2011 წლის გაზაფხულიდან გრძელდება. დაღუპულთა რიცხვი 400 ათასს აღემატება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG