Accessibility links

logo-print

გაეროს მოხსენების ინტერპრეტაციები


2008 წლის ომის დროს დაბომბვის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსი გორში.

2008 წლის ომის დროს დაბომბვის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსი გორში.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ან უშუალოდ მის შემდეგ ადამიანის უფლებების იმგვარი დარღვევების გამოძიების არასაკმარისი პროგრესის გამო, რომლებიც შეიძლება კვალიფიცირდეს სამხედრო ან კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად. გარდა ამისა, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ გასული წლების გახმაურებული საქმეები ჯერ კიდევ არ არის სრულად გამოძიებული. რა დანაშაულზეა ლაპარაკი გაეროს ანგარიშში და როგორ აფასებენ ამ ანგარიშს ქართველი პოლიტიკოსები და ადამიანის უფლებათა დამცველები?

24 ივლისით დათარიღებული ანგარიშიდან ჩანს, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი შეშფოთებულია გამოძიების, დამნაშავეების გამოვლენისა და დევნის ნელი პროგრესით ადამიანის უფლელებების დარღვევის იმ ფაქტებზე, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროსა და უშალოდ მის შემდეგ. იგულისხმება ადამიანების ძალადობრივი გაუჩინარება, ძალის გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, უკანონო დაკავება, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ქონების ხელყოფა და მითვისება, რაც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამხედრო ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად. ამასთან, მოხსენების მიხედვით, მონაწილე სახელმწიფომ, ანუ საქართველომ, უნდა უზრუნველყოს, თავისი იურისდიქციის მიხედვით, დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემა და დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვა, მათ შორის კომპენსაციების გაცემა. ანგარიშში ასევე ვკითხულობთ:

„კომიტეტი შეშფოთებულია იმის გამო, რომ არ დასრულებულა გამოძიება ძალის გადამეტებული გამოყენების ფაქტზე, რასაც ადგილი ჰქონდა 2006 წელს მეხუთე საპყრობილეში მომხდარი არეულობის დროს; არ დასრულებულა გამოძიება პატიმრებისადმი სასტიკ მოპყრობაზე გლდანის, ქსნის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის საპყრობილეებში; მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე 2007 წლის 7 ნოემბერს, 2009 წლის 15 ივნისსა და 2011 წლის 3 იანვარს; ინციდენტებზე მერეთსა და კარალეთში, რომლის დროსაც ფიზიკური თავდასხმა განხორციელდა ჟურნალისტებზე. კომიტეტი გამოთქვამს შეშფოთებას იმის გამო, რომ წამების ფაქტებზე საქმეების აღძვრა ხდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე (უფლებამოსილების გადამეტების) მუხლით და არა 1441-ე (წამების) ან 1443-ე (არასათანადო და დამამცირებელი მოპყრობის) მუხლებით“.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ასევე გამოთქვამს შეშფოთებას 2012 წლის არჩევნებამდე დაშვებულ დარღვევებთან დაკავშირებით პროკურატურაში შესული იმ ათასობით საჩივრის გამო, რომლებიც შეეხება არასამართლიან სასამართლოს, წამებასა და ქონების უკანონო ჩამორთმევას, თუმცა, ამავდროულად, კომიტეტი ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებში პოლიტიკური ანგარიშსწორების საშიშროებასაც ხედავს. მოხსენებას მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის თქმითაც, გაერო საქართველოს ხელისუფლებას აძლევს რეკომენდაციას მაქსიმალურად დაჩქარდეს წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულის გამოძიების პროცესი:

„როგორც მათ პირველად დასკვნაში არის აღნიშნული, გაეროს კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს და იქ საუბარია ისეთ მძიმე დანაშაულზე, როგორიც არის ადამიანების წამება, ქონების დატაცება და ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა მრავალი უხეში ფაქტის გამოძიება. ეს არის ჩვენთვის დასაფიქრებელი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე“.

ჩვენმა უმრავლესობამ ისე გაიგო, როგორც უნდოდა. არადა, საუბარია პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე, საუბარია ერთადერთი და მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერების დაჭერაზე, მათ წინააღმდეგ საქმის აღძვრაზე. წამების ფაქტებზე წარმოებული გამოძიება დასრულდა მთავარი დამნაშავეების...

ირაკლი ღარიბაშვილმა მოუწოდა პარტნიორ ქვეყნებს დააკვირდნენ გამოძიების პროცესს, რომელიც მაქსიმალურად გამჭირვალედ მიმდინარეობს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც იმოწმებს გაეროს მოხსენებას და ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულის გამოძიება უნდა დაჩქარდეს, თუმცა სულ სხვა დასკვნა გამოიტანეს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოსხენებიდან ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა. მიხეილ მაჭავარიანის კომენტარი:

„ჩვენმა უმრავლესობამ ისე გაიგო, როგორც უნდოდა. არადა, საუბარია პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე, საუბარია ერთადერთი და მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერების დაჭერაზე, მათ წინააღმდეგ საქმის აღძვრაზე. წამების ფაქტებზე წარმოებული გამოძიება დასრულდა მთავარი დამნაშავეების (ისეთის, როგორი არის ბედუკაძე) საპროცესო შეთანხმების გაფორმებითა და მსუბუქი სასჯელით. ასე რომ, ძნელია საფუძვლად გამოიყენო ეს დოკუმენტი და მასზე დაყრდნობით მწვანე შუქი აუნთო პოლიტიკური რეპრესიების წარმოებას“.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ასევე შეგნებულად ამახინჯებს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოხსენების იმ ნაწილს, რომელიც 2008 წლის ომსა და შემდგომ პერიოდს შეეხება. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, იმის ნაცვლად, რომ რუსეთის დანაშაულზე ილაპარაკოს, ხელისუფლება კვლავ ცდილობს ანგარიში გაუსწოროს პოლიტიკურ ოპონენტს:

„იმის ნაცვლად, რომ ეს შანსი კიდევ ერთხელ გამოიყენონ ქვეყნის სასარგებლოდ, მათ ისრები გადააქვთ ისევ წინა ხელისუფლებაზე და ცდილობენ ომთან მიმართებაში გაკეთებული დასკვნები ისე წარმოაჩინონ, თითქოს აღნიშული წამება, გაუჩინარება, ქონების განადგურება, რასაც ადგილი ჰქონდა მთელ ომის ზონაში 2008 წლის აგვისტოში, ეს ვრცელდებოდა ყველა იმ პერიოდზე, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში“.

საუბარია იმაზე, რომ ომის დროს მიმდინარეობდა ეთნიკური ნიშნით ქართული მოსახლეობის დევნა, მათი საცხოვრებლების განადგურება სამხრეთ ოსეთის დანაყოფების მიერ...

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოხსენებას ყურადღებით გაეცნენ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს, არ უკვირს, რომ კომიტეტის მოხსენებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო 2008 წლის აგვისტოს ომის დროსა და შემდგომ პერიოდში ჩადენილ დანაშაულს:

„საუბარია იმაზე, რომ ომის დროს მიმდინარეობდა ეთნიკური ნიშნით ქართული მოსახლეობის დევნა, მათი საცხოვრებლების განადგურება სამხრეთ ოსეთის დანაყოფების მიერ. ამ შემთხვევაში დავეყრდნობი ტალიავინის დასკვნასაც, სადაც საუბარია იმაზე, რომ ამ ყველაფერს ესწრებოდნენ რუსეთის საოკუპაციო ჯარები და მათ არ გააკეთეს არაფერი იმისთვის, რომ ეს პროცესი შეეჩერებინათ. საუბარია იმ ტიპის გამოძიებაზე, რომელიც უნდა ჩაატაროს ნებისმიერმა ქვეყანამ, როდესაც მის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა საომარი მოქმედებები, ანუ ეს არის ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე ერთ-ერთი მოთხოვნა“.

რაც შეეხება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა სამართლებრივ დევნას, ეკა გიგაური ამ შემთხვევაშიც იზიარებს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ანგარიშის სულისკვეთებას.

„რა თქმა უნდა, ეს გამოძიება უნდა იყოს მიუკერძოებელი. რა თქმა უნდა, არ უნდა დარჩეს შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული ეს გამოძიება და, რა თქმა უნდა, პირის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე“, უთხრა ეკა გიგაურმა რადიო თავისუფლებას.

XS
SM
MD
LG