Accessibility links

logo-print

დევნილთათვის ახალი შესაძლებლობები ჩნდება


ჩალოკა ბეიანი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში

ჩალოკა ბეიანი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ადამიანის უფლებების საკითხებში ჩალოკა ბეიანიმ საქართველოში ვიზიტის შედეგები შეაჯამა. გაეროს მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზი იტყობინება, რომ ჩალოკა ბეიანის ვიზიტის შედეგად მიღებული ინფორმაციით, საქართველოში კარგი შესაძლებლობებია იმისათვის, რომ დევნილთა მიმართ დამკვიდრდეს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ინტეგრირებული მიდგომა. ჩალოკა ბეიანი საქართველოში დევნილი ქალების უფლებრივ მდგომარეობაზე სვამს აქცენტს.

გაეროს სპეციალური მომხსენებელი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ადამიანის უფლებების საკითხებში ჩალოკა ბეიანი, საქართველოში ვიზიტის შედეგად მიღებული ინფორმაციის შეჯამების საფუძველზე, წინასწარ ანგარიშში იტყობინება, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს უწყვეტ ძალისხმევას სხვადასხვა დროს საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ და დევნილ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიმართულებით. ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ ამჟამად ქვეყანაში კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ დევნილთა მიმართ საერთაშორისო სტანდარტის მიდგომა განხორციელდეს. ამაში კი იგულისხმება იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ საკანონმდებლო ცვლილებები და 2007 წლის სტრატეგიის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესი - ის, რომ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების შემთხვევაში დევნილთა ხელახალი რეგისტრაცია დაიწყება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები, რომლებიც უკვე ინტეგრირებულები არიან თბილისში, მათთვის დაიწყება მშენებლობა და ეს არის, მართლაც, უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რაც ადრე არასდროს არ მომხდარა...

გაეროს სპეციალური მომხსენებელი ჩალოკა ბეიანი ხაზგასმით გამოყოფს დევნილ ქალთა უფლებრივ მდგომარეობას და ხაზს უსვამს მათთვის მიწისა და საკუთრების უფლების კუთხით განსახორციელებელ სამუშაოს.

ბეიანი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს მეტი კომუნიკაცია იქონიოს დევნილებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მიაწოდოს მათ ინფორმაცია დევნილთა მიმართ გატარებული სხვადასხვა ღონისძიების შესახებ.

გაეროს სპეციალური წარმომადგენლის მიერ ამ რეკომენდაციის ანგარიშში შეტანა უკვირს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს დავით დარახველიძეს. მისი სიტყვებით, სამინისტროში პრაქტიკულად ყოველდღეა მიღების საათები და სამინისტროს ამჟამინდელი თანამშრომლები, წინამორბედთაგან განსხვავებით, „დევნილებს არ ემალებიან“. დავით დარახველიძე ხაზს უსვამს ასევე იმ სტრატეგიას, რომელიც სამინისტროს აქვს აღებული და რომლის მიხედვითაც, მომავალი 4 წლის განმავლობაში 20 ათასი დევნილი საცხოვრებელი სახლით იქნება უზრუნველყოფილი. ნაწილობრივ დონორი ორგანიზაციების დახმარებით და ნაწილობრივ სახელმწიფო სახსრებით თბილისსა და რეგიონებში ახალი კორპუსები აშენდება და გარემონტდება სარეაბილიტაციო შენობები:
დავით დარახველიძე

დავით დარახველიძე


„პირველი ობიექტი უკვე მზად იქნება ივლისის ბოლოს. შემდეგ, აგვისტოს ბოლოს, ყვარლის ქუჩაზე იქნება. ამავე დროს იქნება ასევე ჯიქიას ქუჩაზე, თბილისში. ამას მოჰყვება ვაზიანში, სადაც დაწყებული გვაქვს 6 კორპუსის მშენებლობა და დაახლოებით ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს. იქნება 26 ახალი კორპუსი ვარკეთილში. დიდი ალბათობით და დიდი სურვილით, ჩვენ გვინდა რომ მათი მშენებლობა დაიწყოს წელს და, უნდა დასრულდეს მომავალი წლის განმავლობაში. აქ არის თითქმის 300 მილიონი ლარის სამუშაოები. ამას მიჰყვება ფონიჭალისა და დიდი დიღმის კორპუსების მშენებლობაც“.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის დავით დარახველიძის სიტყვებით, ხელისუფლების სტრატეგიის მიხედვით, ასევე გათვალისწინებული იქნება ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: დევნილებს საკუთრებაში სახლები გადაეცემათ იქ, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და ადაპტირებული არიან იმ გარემოსთან, ანუ აღარ მოხდება, მაგალითად, თბილისიდან იძულებით რეგიონებში გასახლება.

სამინისტროს ამ მიდგომას პოზიტიურად აფასებს დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ თავმჯდომარე იულია ხარაშვილი. მისი სიტყვებით, ასევე
ბატონმა ჩალოკამ პირდაპირ დაწერა ანგარიშში დევნილ ქალთა მდგომარეობის შესახებ და ის შეხვედრები, რომლებიც მას ჰქონდა საქართველოში, ჩვენ გვაძლევს იმედს, რომ დევნილ ქალთა საკუთრების უფლება და სხვა უფლებები იქნება გათვალისწინებული...
მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშში ქალთა უფლებრივ მდგომარეობას მიექცა ყურადღება:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები, რომლებიც უკვე ინტეგრირებულები არიან თბილისში, მათთვის დაიწყება მშენებლობა და ეს არის, მართლაც, უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რაც ადრე არასდროს არ მომხდარა. ამასთან, ბატონმა ჩალოკამ პირდაპირ დაწერა ანგარიშში დევნილ ქალთა მდგომარეობის შესახებ და ის შეხვედრები, რომლებიც მას ჰქონდა საქართველოში, ჩვენ გვაძლევს იმედს, რომ დევნილ ქალთა საკუთრების უფლება და სხვა უფლებები იქნება გათვალისწინებული“.

გაეროს სპეციალური წარმომადგენელი ჩალოკა ბეიანი გამოთქვამს წუხილს, რომ მას არ მიეცა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მონახულების საშუალება. ამასთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს მოუწოდებს გააგრძელონ ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც დევნილთა დასაქმებას შეუწყობს ხელს და საკითხის გრძელვადიანი გადაწყვეტისთვის ხელშემწყობი იქნება.

თვის დასაწყისში დევნილთა მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა სახალხო დამცველმაც. უჩა ნანუაშვილი, სამინისტროს მიერ განხორციელებული პოზიტიური ცვლილებების პარალელურად, სისტემური მიდგომის ნაკლებობაზე ამახვილებდა ყურადღებას და დასძენდა, რომ დახმარებები დევნილთა მიმართ სისტემურად უნდა განხორციელდეს.
XS
SM
MD
LG