Accessibility links

logo-print

ჯონ კერი უხელმძღვანელებს გაეროს დისკუსიას სირიაში სამშვიდობო ინიციატივაზე


ჯონ კერი

ჯონ კერი

18 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი უხელმძღვანელებს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელზეც განიხილავენ სირიაში ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დასრულების გზებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ამ დისკუსიამდე კერი უმასპინძლებს შეხვედრას სირიის მხარდამჭერ საერთაშორისო ჯგუფთან იმ მიზნით, რომ მოიპოვოს მხარდაჭერა სირიაში ზავისა და პოლიტიკური მოლაპარაკების დაწყების თაობაზე.

ამ შეხვედრების მნიშვნელობას ზრდის გაეროს მიერ 17 დეკემბერს გავრცელებული ანგარიში, რომლის თანახმად სირიის კონფლიქტი, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების რაოდენობას გაუტოლებს რეკორდულ მაჩვენებელს, 60 მილიონზე მეტს.

სირიის შესახებ მიმდინარე შეხვედრების თაობაზე ხუთშაბათს ნიუ-იორკში პრესკონფერენცია გამართა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა: "ვენიდან პარიზში, რიადიდან მოსკოვში, დღეს აქ, ნიუ-იორკში - კონფერენციები სამ კონტინენტზე მიმდინარეობს. ეს მოწმობს რამდენად სერიოზულად ვართ განწყობილი, სირიაში ხუთწლიანი სამოქალაქო ომის და 300,000 დახოცილის შემდეგ, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს“.

გაეროს შეხვედრის მოსამზადებლად მიმდინარე კვირაში კერი მოსკოვში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად. პუტინი სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ურყევი მოკავშირეა. სავარაუდოდ, კერის დიპლომატიამ ნაყოფი გამოიღო, რადგან პუტინმა 17 დეკემბერს ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „მხარს ვუჭერთ აშშ-ის ინიციატივას, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის შესახებ რეზოლუციაზე მუშაობასო“. პუტინის თქმით, კერიმ მას წარუდგინა რეზოლუციის პროექტი და ის „მთლიანობაში დამაკმაყოფილებელია“, თუმცა გარკვეული პუნქტები უნდა დაზუსტდეს. პუტინმა ასევე გამოთქვა პოზიცია, რომ პროექტი ასადისთვისაც მისაღები უნდა იყოს. ამან გააჩინა ვარაუდი, რომ კერიმ შესაძლოა მოახერხა გამოსავლის პოვნა დიდი ხნის განმავლობაში არსებული უთანხმოებიდან იმის თაობაზე, თუ როდის უნდა დატოვოს ასადმა ხელისუფლება.

მოსკოვში ყოფნისას კერიმ თქვა, აშშ არ ესწრაფვის სირიაში „რეჟიმის შეცვლასო“. ეს განცხადება ბევრმა აღიქვა შერბილებად იმ პოზიციისა, რომელზეც აშშ დიდი ხნის განმავლობაში იდგა და რომელიც ასადის გადადგომას ითვალისწინებდა.

სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, კერიმ მიანიშნა, რომ აშშ შესაძლოა დათანხმდეს ასადის მონაწილეობას გარდამავალ პერიოდში, რომელსაც სირიაში არჩევნები უნდა მოჰყვეს, ხოლო რუსეთი, თავის მხრივ, შესაძლოა დაყაბულდეს ასადის გადადგომას ამ გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG