Accessibility links

logo-print

თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი ხელფასის გაზრდისა და სათანადო სამუშაო პირობების შექმნის მოთხოვნით გაიფიცა. ისინი ხელმძღვანელობის მხრიდან გაცემული დაპირებების შესრულებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას არ აპირებენ.

თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი „თბილსერვისის“ ოფისთან საპროტესტო აქციაზე 30 დეკემბერს დილიდანვე შეიკრიბა. როგორც გაფიცული თანამშრომლები მედიასთან აღნიშნავენ, მათი შრომითი ანაზღაურება ლარის კურსის ვარდნის გამო საგრძნობლადაა შემცირებული და გაფიცულთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც სწორედ ხელფასის 50 პროცენტით გაზრდაა:

“მოხდა ლარის ინფლაცია, მოგეხსენებათ, ჰოდა, ვითხოვთ ხელფასების გაზრდას“.

„ვეღარ ავუდივართ. ზოგს ბანკის ვალები გვაქვს და ვეღარ ავუდივართ ამ 660 ლარით ამ ბანკებს. მეცამეტეები ზოგს ჩაურიცხეს, ზოგს არ ჩაურიცხეს“.

როგორც გაფიცულებმა განაცხადეს, „თბილსერვისის“ თანამშრომელთა მხრიდან მათზე განხორციელდა ზეწოლაც, რათა მათ აქცია არ გაემართათ. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ მეცამეტე ხელფასს, როგორც „თბილსერვისში“ აცხადებენ, საუბარია არა მეცამეტე ხელფასზე, არამედ პრემიაზე, რომელიც 3 700-მა თანამშრომელმა სრულად მიიღო, დანარჩენებმა კი -ნაწილობრივ. „თბილსერვისის“ იურიდიული სამსახურის უფროსმა დავით ჩანქსელიანმა საინფორმაციო საშუალებებთან განმარტა, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ნაწილს პრემია დისციპლინური გადაცდომების გამო ჩამოეჭრა:

“არის სიტუაციები, როდესაც მძღოლები ნასვამ მდგომარეობაში არიან შემჩნეულები და ალკოტესტით ვამოწმებთ ჩვენ მათ და ვერ იტყვიან, ვისაც ამასთან დაკავშირებით საყვედური ან სასტიკი საყვედური აქვს მიღებული. არიან მძღოლები, რომელთაც გამორჩენილები აქვთ და არ იღებენ კონტეინერების იმ რაოდენობას, როგორც საჭიროა. ხანდახან არის შემთხვევა, რომ გადავსებულია კონტეინერი, მაგრამ მძღოლმა ჩაიაროს, არ მიაქციოს ყურადღება და არ აიღოს“.

დავით ჩანქსელიანი ამბობს, რომ კანონი დარღვევის შემთხვევაში დანამატის გაცემას არ ითვალისწინებს, თუმცა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ პრემია ჩარიცხვოდა ყველას, თუმცა პროცენტული განსხვავებებით. დასუფთავების სამსახურის გაფიცული თანამშრომლები დანამატის სიმცირის გამო უკმაყოფილებას გამოხატავენ. ისინი უკმაყოფილონი არიან ასევე შრომითი პირობებით, კერძოდ, სამუშაო ინვენტარის სიმწირითა და ტექნიკის გაუმართაობით:

„რამდენი თვეა ფორმა არ მიუღია ხალხს. არ არის ფორმები, ხელთათმანს ყიდულობს ხალხი. ტექნიკა გაუმართავია და ისეთი ტექნიკით გვიწევს მუშაობა, რომელთაგან ზოგს სანათი არა აქვს და ასე შემდეგ. ვითხოვთ პირობების გაუმჯობესებას“.

„ტანსაცმელები მიგვაქვს სახლში და ვრეცხავთ. თუ არ გავრეცხეთ და ჭუჭყიანები ვართ, გვსაყვედურობენ ამის გამოც“.

ეს გადაწყვეტილება, სამწუხაროა, რომ ამ ჯგუფმა მიიღო დამოუკიდებლად, შეუთანხმებლად დარგთან. კანონი არსებობს გაფიცვის შესახებ, შრომის კოდექსშია გაწერილი ეს მუხლობრივად და სამწუხაროა, რომ ასეთი რადიკალური ნაბიჯი უცბად გადადგეს თვითონ...

თავის მხრივ კი, „თბილსერვისჯგუფი“ საჯარო განცხადებებით იტყობინება, რომ სამსახურმა მიმდინარე წლის ბოლოს რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა და ათი ერთეული სპეცველოსიპედი შეიძინა, რომლებიც დედაქალაქის ვიწრო ქუჩებისა და სკვერების დასასუფთავებლად გამოიყენება. ამავე განმარტებით, „თბილსერვისჯგუფმა“ ამ დღეებში გამართა ახალი ტექნიკისა და სამუშაო ფორმების პრეზენტაცია და „თბილსერვისის ჯგუფის“ თანამშრომლებს აქვთ სრულიად ახალი ეკიპირება - ტექნიკური საშუალებები და სამუშაოს შესასრულებლად საჭირო სათანადო პირობები. „თბილსერვისჯგუფი“ ასევე აღნიშნავს, რომ სამსახურის 4 000 თანამშრომლიდან 3 878ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და ქალაქში დასუფთავების მხრივ შეფერხებები მოსალოდნელი არ არის.

თბილისის დასუფთავების სამსახურის გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნებს იზიარებს და, შესაბამისად, მათ თანადგომას უცხადებს მომსახურების, კომუნალური და ბანკების პროფესიული კავშირების თავმჯდომარე მალხაზ გომიაშვილი, რომელიც, ამავდროულად, აღნიშნავს, რომ გაფიცვა კანონის ნორმების დაცვის გარეშე, პროფკავშირებთან შეუთანხმებლად დაიგეგმა და განხორციელდა:

“ეს გადაწყვეტილება, სამწუხაროა, რომ ამ ჯგუფმა მიიღო დამოუკიდებლად, შეუთანხმებლად დარგთან. კანონი არსებობს გაფიცვის შესახებ, შრომის კოდექსშია გაწერილი ეს მუხლობრივად და სამწუხაროა, რომ ასეთი რადიკალური ნაბიჯი უცბად გადადგეს თვითონ. თორემ აბსოლუტურად გვერდში დავუდგებით ჩვეულებრივად, როგორც ყოველთვის, ყველა მოთხოვნა პრობლემატურია ნამდვილად, პრობლემები დგას და ნამდვილად ვეთანხმებით. ამ ყველაფერს სჭირდებოდა დიალოგი“.

მალხაზ გომიაშვილის ინფორმაციით, დიალოგი დაპირისპირებულ მხარეებს შორის, სავარაუდოდ, გაგრძელდება და მოსალოდნელია, რომ პრემიების საკითხი ინდივიდუალური შემთხვევების მიხედვით გადაწყდეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG