Accessibility links

logo-print
დასრულდა კომპანია “RMG ”-ის - ყოფილი სააქციო საზოგადოება „მადნეულის“ - თანამშრომელთა თორმეტდღიანი გაფიცვა. გაფიცულებმა და კომპანიის ხელმძღვანელობამ მიაღწიეს შეთანხმებას, გაფიცული მუშების სამუშაო ადგილებზე დაბრუნების პარალელურად, გაგრძელდეს მოლაპარაკებები ხელფასის მომატების შესახებ.

სპილენძისა და ოქროს მომპოვებელ კომპანია RMG-ში გაფიცვა 13 ნოემბერს დაიწყო. კომპანიის საბურღი დაზგის ოპერატორების ნაწილი სამსახურში არ გამოცხადდა და კომპანიის ადმინისტრაციას 4 მოთხოვნა წაუყენა. ეს მოთხოვნებია: ხელფასის 100 პროცენტით გაზრდა, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის მომსახურების გაფართოება, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და გაფიცვაში მონაწილე თანამშრომლების სამსახურში აღდგენა. მეტალურგიული და სამთო მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარის თამაზ დოლაბერიძის თანახმად, დამსაქმებელსა და გაფიცულებს შორის ჩიხში შესული ურთიერთობა, პროფკავშირის ჩარევით, პრაქტიკულად ორმხრივი კომპრომისით დასრულდა:

“გუშინ შედგა შეთანხმება. შეთანხმება მიღწეული იქნა შრომის პირობებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებაზე. სადაზღვევო კომპანიის მომსახურებისა და დაფინანსების გაზრდაზეც შევთანხმდით. ასევე შევთანხმდით, რომ გაფიცვის გამო 11 დღის გაცდენილ დღეებს აანაზღაურებს კომპანია. შევთანხმდით, რომ მუშებს დაერიცხებათ მეცამეტე ხელფასი წლის ბოლოს და უახლოესი 2 თვის განმავლობაში შემუშავდება მეთოდები ხელფასების დონის გაუმჯობესებისა“.

დღეიდან ჩადგა სამუშაო რეჟიმში ყველაფერი. მოვილაპარაკეთ დირექციასთან ხელწერილით ყველაფერი, რომ ხელფასების მატება იქნება. ერთად დავსხდებით და შევიმუშავებთ გეგმას, როგორ და რანაირად უნდა დავამატოთ ხელფასები...
თამაზ დოლაბერიძის თანახმად, ეს არის კარგი რეზულტატი, რომელიც ამ ეტაპზე მხარეებისთვის მისაღებია. ამას ჩვენთან საუბარში ადასტურებს საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, შპს RMG Gold-ის თანამშრომელი ზურაბ ბერიძე. მისი თქმით, გაფიცულები 25 ნოემბერს უკვე დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს:

“დღეიდან ჩადგა სამუშაო რეჟიმში ყველაფერი. მოვილაპარაკეთ დირექციასთან ხელწერილით ყველაფერი, რომ ხელფასების მატება იქნება. ერთად დავსხდებით და შევიმუშავებთ გეგმას, როგორ და რანაირად უნდა დავამატოთ ხელფასები, კომიტეტის წევრებთან ერთად. ხელფასების გარდა, სხვა მოთხოვნები პირველივე შეხვედრაზე დაკმაყოფილებული იქნა. ხელფასის 100 პროცენტით გაზრდას ვითხოვთ, იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, აქ მძიმე მეტალურგიაა, ღია კარიერია, მტვერია, უბედურებაა. ზოგს აქვს 400 ლარი, ზოგს - ხუთასი და ასე შემდეგ და ამიტომ იყო დიდი პროტესტი გამოხატული“.

თავად ზურაბ ბერიძე ხელზე 800 ლარს იღებს და მიიჩნევს, რომ იმ შრომითი საქმიანობის გასამრჯელოდ, რასაც იგი ასრულებს, ეს ძალზე მცირე ანაზღაურებაა. ზურაბ ბერიძის თანახმად, გაფიცვაში სულ 700- 800 კაცი მონაწილეობდა.

საბოლოო ჯამში, შეთანხმება შედგა მეცამეტე ხელფასზე. რაც შეეხება ხელფასის სამომავლო ზრდას, ეს დროში გაწელილი პროცესია...
რაც შეეხება გაფიცვის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის მოლაპარაკებების გაგრძელების პერსპექტივას ხელფასის გაზრდის შესახებ, განმარტებისთვის კომპანია „RMG ”-ის PR კონსულტანტს ეკა ჯოჯუას მივმართეთ:

“საბოლოო ჯამში, შეთანხმება შედგა მეცამეტე ხელფასზე. რაც შეეხება ხელფასის სამომავლო ზრდას, ეს დროში გაწელილი პროცესია. იმასთან დაკავშირებით, პროცესი როგორ განვითარდება და თუ საწარმოს ექნება გამოთავისუფლებული ხარჯი, თავისუფალი თანხის სახით, რომელიც შეიძლება, რომ გადანაწილდეს საწარმოსა და მუშების კეთილდღეობაზე, ამ შემთხვევაში იქნება შემდგომი ზრდა გათვალისწინებული“.

ეკა ჯოჯუა დასძენს, რომ ჯერ არ არის დაჯამებული, 12 დღიანი გაფიცვის შედეგად რამდენი ლარით იზარალა კომპანიამ და რამდენით ბიუჯეტმა.
XS
SM
MD
LG