Accessibility links

logo-print
სააქციო საზოგადოება "ქართული ფოლადის" რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშებმა გაფიცვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ მათი კუთვნილი ხელფასები ერთი კვირით დაიგვიანებდა. ეს გახდა კიდეც მიზეზი ყველა იმ პრობლემის გასაპროტესტებლად, რაც კი საწარმოში არსებობს - დაბალი ხელფასები, მოძველებული ტექნიკა, არაადეკვატური სამუშაო გრაფიკი, უსაფრთხოების ზომების არარსებობა... - სწორედ ამას უჩიოდნენ 15 თებერვალს ქარხნის წინ შეკრებილი მუშები და ქარხნის ხელმძღვანელობისგან მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოითხოვდნენ.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ძირითადი საწარმოები - მათ შორის, ფოლადსადნობი და მილსაბრუნავი საამქროები - 15 თებერვალს დილიდანვე გაჩერდა. სამუშაო ტანსაცმელში ჩაცმული მუშები ქარხნის წინ შეიკრიბნენ და ხელმძღვანელობისგან ხელფასების გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს. ავთანდილ სუხიაშვილს, მიხეილ ჯებაშვილს,
მირზა გოგოლიძეს და სხვებს - ყველას ერთი პრობლემა აწუხებს:

“ხელფასების მომატებას და პირობების გაუმჯობესებას ვითხოვთ, დაგვპირდნენ, რომ საახალწლოდ მოგვიმატებდნენ, მაგრამ არაფერი... მეფოლადეს 700 ლარი აქვს, ვიღაცას უფრო ნაკლები... არადა, ისეთი მძიმე სამუშაოა, საფრთხის შემცველი... 1000 ლარი მაინც გაგვიხადონ ხელფასი და, რაც მთავარია, მუშა ერთხელ და სამუდამოდ დააფასონ, როგორც ადამიანი, და ამოიღონ თავიანთი სალაპარაკო ლექსიკონიდან ეს ფრაზა: „თუ არ გინდა, წადი”.. ამას ისიც ემატება, რომ ადამისდროინდელი დანადგარებია, რაზეც ვმუშაობთ, ძველი და წყობიდან გამოსული. არადა, გეგმას უმატებენ და ხარისხი კიდევ უარესდება. მერე ამასაც ჩვენ გვაზღვევინებენ”.
ჩვენი მოთხოვნა იყო ხელფასის 20 %-იანი ზრდა, მაგრამ ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ასეთი ზრდა ძალიან დიდ ხარჯებს გამოიწვევს და ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია...

მეტალურგიული ქარხნის მუშებისთვის ცნობილი გახდა, რომ საწარმოში შექმნილი გარკვეული პრობლემების გამო ხელფასი კიდევ ერთი კვირით დაიგვიანებდა. ისინი აცხადებენ, რომ ყველას ბანკის ვალი აქვს, რომელიც კონკრეტულ რიცხვში უნდა გადაიხადონ, გადასახდელი აქვთ კომუნალური გადასახადები, ოჯახი კი - გამოსაკვები. ამ სიტყვებით მიმართა ერთ-ერთმა გაფიცულმა მუშამ ქარხნის ხელმძღვანელს, ფარუხ სადიკს, რომელიც მუშებთან შესახვედრად საინიციატივო ჯგუფთან მოლაპარაკების შემდეგ გამოვიდა.

15 თებერვალს გაფიცული მუშების საინიციატივო ჯგუფის წევრებსა და ხელმძღვანელობას შორის, გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლის ლავრენტი ალანიას შუამდგომლობით, მოლაპარაკება რამდენიმე საათს გაგრძელდა. საბოლოოდ, ქარხნის წინ შეკრებილ მუშებს ლავრენტი ალანიამ ის პირობები გააცნო, რაზეც ხელმძღვანელობა თანახმაა და ისინიც, რასაც ვერ გაიზირებს:
მთავარი საკითხი რვასაათიან სამუშაო დღეზე გადასვლაა, რაც მძიმე მრეწველობისათვის საჭირო რამაა. ამ სქემით ერთი საამქრო უკვე მუშაობს და დანარჩენიც მალე გადავა...

”თუ რვასაათიან რეჟიმზე გადახვალთ, ღამის ცვლაში მუშაობისათვის დანამატი გექნებათ. ჩვენი მოთხოვნა იყო ხელფასის 20 %-იანი ზრდა, მაგრამ ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ასეთი ზრდა ძალიან დიდ ხარჯებს გამოიწვევს და ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია, თუმცა ვფიქრობ, რომ 10%-ით ხელფასის მომატება შეიძლება. მათი შეუვალი პოზიციაა ასევე, რომ ქარხნის მუშების შრომის ნაყოფიერების გაზრდისათვის აუცილებელია რვასაათიან რეჟიმზე გადასვლა. სხვა საკითხებს ისინი კიდევ დაუბრუნდებინა და განიხილავენ. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, რა გიღირთ - მოცდა თუ გაფიცვის გაგრძელება”.

ფარუხ სადიკმა მუშებს უთხრა, რომ თუ მათ ქარხნის განვითარება სურთ, მაშინ ამისათვის უფრო ეფექტურად მუშაობაა საჭირო. თუ ქარხნის წარმადობა არ გაიზრდება, ვერც ხელფასები მოიმატებს:

”მთავარი საკითხი რვასაათიან სამუშაო დღეზე გადასვლაა, რაც მძიმე მრეწველობისათვის საჭირო რამაა. ამ სქემით ერთი საამქრო უკვე მუშაობს და დანარჩენიც მალე გადავა. ტრანსპორტით უზრუნველყოფილები იქნებიან... მუშებმა მოითხოვეს, რომ ღამის საათებში ნამუშევარიც ავუნაზღაუროთ. ეს შრომის ახალი კოდექსითაც არის გათვალისწინებული და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ გადავხედავთ ჩვენს ხარჯებს - დავთვლით, რა შეგვიძლია და რა არა. პრობლემა ის არის, რომ ვინც 12 საათიანი გრაფიკით მუშაობს, მათ არ შეუძლიათ ბოლომდე ემსახურონ წარმოებას, მათი შრომისუნარიანობა გარკვეული დროის შემდეგ ეცემა და ეს გასაგებიცაა - ადამიანს არ შეუძლია ღუმელთან 12 საათის განმავლობაში იდგეს”.

რამდენიმესაათიანი პირისპირ საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ მუშები ჯერჯერობით კვლავაც 12 საათიანი გრაფიკით გააგრძელებენ მუშაობას. მუშებმა გაფიცვა დროებით შეწყვიტეს. ახლა ისინი დაელოდებიან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელმძღვანელობა მათ სხვა მოთხოვნებითან დაკავშირებით.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG