Accessibility links

გაფიცვის მეთერთმეტე დღე: „დაგვიბრუნეთ ჩვენი ტყიბული, დაგვიბრუნეთ ჩვენი ქვანახშირი!“


საპროტესტო აქცია ტყიბულში

საპროტესტო აქცია ტყიბულში

ჯერ ისევ არავინ იცის, რით დამთავრდება ტყიბულელი მეშახტეების გაფიცვა და დაკმაყოფილდება თუ არა მათი მოთხოვნები. აქციის დაწყებიდან მე-11 დღეს გაფიცვას დამსაქმებელი კომპანია „ჯი-აი-ჯი“ ჯგუფი პრესკონფერენციით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოლაპარაკების დასაწყებად მზადაა, ოღონდ, მუშების მხრიდან ულტიმატუმის წაყენების გარეშე. პროცესში სახელმწიფოს მხრიდან ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო, როგორც მოდერატორი, თუმცა ამ ეტაპზე მეშახტეების მთავარი მოთხოვნის, ხელფასების გაზრდის თაობაზე საიმედო არაფერი ისმის.

ტყიბულში მეშახტეების გაფიცვიდან მეთერთმეტე დღეა. შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს. მუშები ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან პროცესში ჩართვას და საჯარო განცხადებების გაკეთებას მოითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ ახლა უკანდახევას აზრი აღარ აქვს:

„ახლა რომ უკან დავიხიოთ, უარესს გვიზამენ“.

„1000 ლარი მაინც უნდა იყოს მუშის ხელფასი. ვიცით, რომ შესაძლებელია“.

„ხელფასის გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება! ამას მოვითხოვთ“.

როგორც წესი, საწარმოები საბოლოოდ მოლაპარაკებებს იწყებენ. ეს მიიჩნევა ხოლმე დასაქმებულთა გამარჯვებად, რადგან მათი მოთხოვნების რაღაც ნაწილი კმაყოფილდება, მაგრამ, როგორც წესი, პრობლემა ხდება შეთანხმების აღსრულება...

ტყიბულში გაფიცული მეშახტეების განცხადებით, გაფიცვის ყოველი დღე უფრო ამძაფრებს მდგომარეობას. მათი თქმით, გამორიცხული არ არის, უკმაყოფილება უკონტროლო პროცესში გადაიზარდოს. მეშახტეების მოთხოვნებს ხელფასების 40 %-ით გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების თაობაზე დაემატა მოლაპარაკებების პროცესში მაღალი თანამდებობის პირთა ჩართვისა და, ზოგადად, სახელმწიფოს თანადგომის მოთხოვნაც.

„მიუხედავად დასაქმებულთა სამართლიანი მოთხოვნებისა, საწარმოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირები არ ხვდებიან დასაქმებულებს. გაფიცვის მასშტაბების და სიმწვავის გათვალისწინებით, მიმდინარე პროცესზე არ რეაგირებს სახელმწიფო და დასაქმებულებს საწარმოსთან უთანასწორო დაპირისპირებაში მარტო ტოვებს“, - ვკითხულობთ მეშახტეების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ისინი მიმართავენ საქართველოს ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრებს, საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელებს, ჩაერთონ პროცესში, მოუსმინონ მეშახტეებს და გააკეთონ საჯარო განცხადებები მოლაპარაკების პროცესის დაუყოვნებლივ დაწყების თაობაზე.

მსგავს ჩიხურ ვითარებაში, როდესაც კომპანია დიდი ხნის განმავლობაში არ იწყებს მოლაპარაკებას, კანონი მედიაციის როლს სახელმწიფოს აკისრებს. სახელმწიფო კი, როგორც შუამავალი უწყება, მხარეებს გამოსავლის პოვნაში უნდა დაეხმაროს. 24 თებერვალს ტყიბულში შექმნილ ვითარებას ჯანდაცვის სამინისტრო საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. ელზა ჯგერენაიამ, რომელიც ამ უწყებაში შრომისა და დასაქმების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, მხარეებს მოუწოდა დაიწყონ მოლაპარაკება, რომელიც ორივე მხარისათვის მისაღები შეთანხმებით დასრულდება.

მეშახტეების გაფიცვიდან მეთერთმეტე დღეს, 24 თებერვალს, პრესკონფერენცია გამართა „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმაც“, რომელიც საქართველოში ნახშირის მწარმოებელი ერთადერთი კომპანიაა და ფლობს ტყიბული-შაორისა და ვალეს საბადოებს, ნახშირის მოპოვების ბიზნესში კი კომპანია წარმოდგენილია შ.პ.ს. „საქნახშირის“ სახით. ჰოლდინგის ფინანსურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ განაცხადა, რომ კომპანია მზად არის მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას და ულტიმატუმის გარეშე განიხილოს ნებისმიერი საკითხი, თუმცა არა ხელფასის მომატება:

„მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ თითოეულ ტყიბულელს, შეხედონ თავიანთ პოზიციას და ვითარებას ცივი გონებით. ვგულისხმობ იმას, რომ გაფიცვის ყოველი ახალი დღე გვაშორებს ჩვენი პოზიციისგან, რადგან ტყიბულის მატერიალური ბაზა და კომპანიის ფინანსური მდგომარეობა დღითი დღე უარესდება და, შესაბამისად, უარესდება კომპანიის გადახდისუნარიანობაც. დადგება მომენტი, როდესაც წარმოების შენარჩუნება-შეუნარჩუნებლობაზე დავიწყებთ საუბარს და არა პირობების გაუმჯობესებაზე“.

საპროტესტო აქცია ტყიბულში

საპროტესტო აქცია ტყიბულში

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პროცესი, სახელმწიფოს ჩართვის შედეგად, კონკრეტული შეთანხმებით სრულდება, - და კაზრეთის მუშების პროტესტი არის ამის ყველაზე ნათელი მაგალითი, - შეთანხმება, საბოლოოდ, შეიძლება მაინც არ შესრულდეს.

„როგორც წესი, საწარმოები საბოლოოდ მოლაპარაკებებს იწყებენ. ეს მიიჩნევა ხოლმე დასაქმებულთა გამარჯვებად, რადგან მათი მოთხოვნების რაღაც ნაწილი კმაყოფილდება, მაგრამ, როგორც წესი, პრობლემა ხდება შეთანხმების აღსრულება. ასე იყო კაზრეთის რკინიგზის მუშების გაფიცვის შემთხვევაში და გამოდის, რომ ეს მექანიზმი, რაც სახელმწიფოს გააჩნია, უფრო ილუზორული ხასიათისაა, რომელსაც პროცესებზე რეალური ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია. მაშ, სხვა რა გზა რჩებათ დასაქმებულებს საკუთარი უფლებების დასაცავად? ეს არის სასამართლო, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ მათთვის ეს გზა არ არის ეფექტური და პრობლემის გადაწყვეტის გზა“, - აცხადებს ლინა ღვინიანიძე.

გაფიცვის მეთერთმეტე დღის მდგომარეობით, ტყიბულის შახტებში საწარმოო პროცესი არ მიმდინარეობს. 1000-მდე გაფიცულ მეშახტეს, რომლებიც აქციას ახლა უკვე გამგეობის შენობასთან მართავენ, მათი ოჯახის წევრები, თანაქალაქელები და სტუდენტები შეუერთდნენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG