Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაგაუზები მოლდავეთის ევროინტეგრაციას რეფერენდუმს უპირისპირებენ


მაშინ როდესაც მოლდავეთი სწრაფ და არსებით ნაბიჯებს დგამს ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ, ქვეყნის გაგაუზიის ავტონომიის მცხოვრებლები აპირებენ ჩაატარონ რეფერენდუმი, რომელზეც უმრავლესობა, დიდი ალბათობით, მტკიცედ დაუჭერს მხარს რუსეთის ლიდერობით მოქმედ საბაჟო კავშირში გაწევრიანებას.

მას შემდეგ, რაც მეზობელმა უკრაინამ ხელი არ მოაწერა ევროპასთან ასოცირების შეთანხმებას, პატარა მოლდავეთი აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ლიდერად იქცა. ნოემბრის ბოლოს ვილნიუსში მოლდავეთმა, საქართველოსთან ერთად, ევროკავშირთან ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების პარაფირება მოახდინა.

თუმცა ევროპასთან თანამშრომლობის გაღრმავება ყველას როდი ხიბლავს მოლდავეთში. განსაკუთებით ხმამაღლა უპირისპირდება კიშინიოვის ევროპულ არჩევანს რუსეთის მიერ ზურგგამაგრებული დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონი, რომელმაც საკანონმდებლო დონეზეც დაუჭირა მხარი რეგიონის საბაჟო კავშირში გაწევრიანებას.

2 თებერვალს კი მოლდავეთის სამხრეთში მდებარე გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკა ჩაატარებს რეფერენდუმს შეკითხვაზე, საბაჟო კავშირში გაწევრიანებას უჭერთ მხარს თუ ევროკავშირთან თანამშრომლობას.
დიდი ალბათობით, რეფერენდუმზე უმრავლესობა მხარს სწორედ საბაჟო კავშირს დაუჭერს, რასაც მოწმობს თუნდაც ავტონომიის მეთაურის, მიხაილ ფორმუზალის მიერ რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ხმამაღლა გამოთქმული ეს მოსაზრება:

„ვფიქრობ, რომ უახლოესი 10 წლის განმავლობაში ჩვენს ინტერესებს საბაჟო კავშირი წარმოადგენს. იგი ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს მოვახდინოთ ჩვენი ეკონომიკის მოდერნიზება, უზრუნველვყოთ ჩვენი პროდუქციისათვის მყარი გასაღების ბაზრები და, შესაბამისად, ამ წლების განმავლობაში მოვახდინოთ ჩვენი საზოგადოების რეალური დემოკრატიზება და მივაღწიოთ საერთაშორისოდ აღიარებული სამართლიანი სახელმწიფოს მსოფლიო სტანდარტებს. დღეს, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ეს არ არსებობს“.

ჩვენი მოქალაქეების მოსაზრებების ცოდნა, ეს არის ფუძემდებლური ელემენტი არა მხოლოდ აქ, არამედ მთლიანად რესპუბლიკაში, მაგრამ, მოდით, ჩვენ ჯერ ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს, რათ მათ მიეცეთ შესაძლებლობა შეგნებული გადაწყვეტილება მიიღონ...
იურიე ლიანკე
მოლდავეთის ავტონომიურ გაგაუზიის რეგიონში 155 ათასი კაცი ცხოვრობს. უმრავლესობას ეთნიკურად თურქი, მაგრამ მართლმადიდებელი სარწმუნოების რუსულენოვანი მოსახლეობა შეადგენს.
მიუხედავად მოლდავეთის სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომელიც საგარეო პოლიტიკის საკითხზე რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას კრძალავს, გაგაუზიის ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს რეფერენდუმზე გამოიტანოს შეკითხვა: შეუძლია თუ არა ავტონომიას გამოაცხადოს დამოუკიდებლობა იმ შემთხვევაში, თუკი მოლდავეთი დაკარგავს ანდა დათმობს თავის დამოუკიდებლობას, ანდა რომელიმე კავშირში გაწევრიანდება.

მოლდავეთის ცენტრალური ხელისუფლება გაგაუზიის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებით შეშფოთებულია, თუმცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იურიე ლიანკემ 22 იანვარს მაინც შედარებით ფრთხილად ილაპარაკა მოსალოდნელ რეფერენდუმზე:

„ჩვენი მოქალაქეების მოსაზრებების ცოდნა, ეს არის ფუძემდებლური ელემენტი არა მხოლოდ აქ, არამედ მთლიანად რესპუბლიკაში, მაგრამ, მოდით, ჩვენ ჯერ ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს, რათ მათ მიეცეთ შესაძლებლობა შეგნებული გადაწყვეტილება მიიღონ, მერე კი პარლამენტის არჩევნებზე, კი ბატონო, ყველას ექნება ამ საკითხზე მოსაზრებების გამოთქმის უფლება“.

რეფერენდუმის საკითხისადმი კიშინიოვის ასეთი დამოკიდებულება გასაგებია. მას არ სურს მიიღოს კიდევ ერთი ცხელი წერტილი ქვეყანაში და ხელი შეუწყოს რუსეთის მზაკვრულ გეგმას. „მატარებელმა, რომელსაც მოლდავეთი ეწოდება და რომელიც ევროპისაკენ ხმაურით მიექანება, შეიძლება თავისი რამდენიმე ვაგონი დაკარგოსო“, - არაორაზროვნად განაცხადა წლის დასაწყისში რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ დმიტრი როგოზინმა, რომელიც, აშკარაა, „ვაგონებში“ დნესტრისპირეთსა და გაგაუზიას გულისხმობდა.

და უთუოდ ბედის ირონიაა, რომ მაშინ, როდესაც მოლდავეთის გაგაუზიის ავტონომია რეფერენდუმზე რუსეთის ლიდერობით მოქმედი საბაჟო კავშირისადმი მხარდაჭერისათვის ემზადება, უკრაინაში მცხოვრები მცირერიცხოვანი გაგაუზები მხარს ქვეყნის ევროპასთან დაახლოებას უჭერენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG