Accessibility links

logo-print

ვარსებობ, მაშასადამე მაღიზიანებს

რენე დეკარტი

უდიდესი გაღიზიანებით გავეცანი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ცნობილ ქართველ ბალერინას მაინც და მაინც 25 თებერვალს უცეკვია მოსკოვის “დიდ თეატრში”.

მაგრამ, როცა ამაზე ვიყავი გაღიზიანებული, ამავდროულად ბალერინის მოსკოვში ცეკვით გაღიზიანებულთა გამოხმაურება-კომენტარებითაც მომიწია გაღიზიანება: გაღიზიანებულმა ქართველებმა, ტრადიციის შესაბამისად, დაუნანებლად გაიმეტეს ლანძღვისთვის ოდესღაც ყველასთვის საყვარელი მოცეკვავე და თავიანთი გაღიზიანებულობით გამაღიზიანეს:

- რომელი ერთი მყავდით მერაბ კოსტავა, ასე რომ მორალისტობთ 25 თებერვლის გამო! - ვთქვი ჩემთვის, - ან რა გაგიკვირდათ ბალერინისგან, რომლის პროფესიული (თუ ბიოგრაფიული) იდენტობის ნაწილიც მოსკოვის “დიდი თეატრია”, 25 თებერვალი მისთვის ყოველთვის ისეთივე აბსტრაქცია იყო, როგორც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის.

ეს ვთქვი და გავაცნობიერე, რომ შუადღისთვის უკვე ორ რამეზე ვიყავი გაღიზიანებული: ბალერინის (და მისი დასის) დაუფიქრებელ ცეკვაზე მათთვის აბსტრაქტულ 25 თებერვალს და გამმეტებელ ქართველებზე, რომლებიც ადვილად გაწირავენ და გადაუვლიან ყველას, თუკი გაღიზიანების გამოხატვის შესაძლებლობა ექნებათ.

ამის შემდეგ მე გავეცანი ბალერინის ცეკვით გაღიზიანებულებზე გაღიზიანებულების გაღიზიანებულ კომენტარებს, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ ეს საიუბილეო​ კონცერტი ერთი წლის წინ იყო დაგეგმილი და ბალერინას საერთოდ არ უფიქრია ამ თარიღზე, რაც მერე თავად მოცეკვავემაც დაადასტურა მისთვის დამახასიათებელი დაბნეული და გულგრილი გაღიზიანებულობით.

ცეკვით გაღიზიანებულებზე გაღიზიანებულებს დამატებითი გაღიზიანებულობით გაღიზიანებულებმა მიაყენეს ახლებურად გამაღიზიანებელი შეურაცხყოფები და ისევ მომქანცველად გამაღიზიანეს.

ამასობაში, გავეცანი კიდევ ერთი გაღიზიანებულის (უფრო სწორად კი, სულ სხვა რამეზე გაღიზიანებულის) კომენტარს იმის შესახებ, რომ ახლა ბალერინაზე გაღიზიანების დრო არ იყო და ყველანი მაღაროელთა მჩაგვრელ ნაძირლებზე უნდა გავღიზიანებულიყავით (“წავიდეთ ტყიბულში!” - მოგვიწოდა სულ სხვა რამეზე გაღიზიანებულმა, მაგრამ თვითონ არ წასულა).

მიუხედავად იმისა, რომ მაღაროელთა გამაღიზიანებელ მჩაგვრელებს მეც ნაძირლებად მივიჩნევ (ისევე, როგორც ნებისმიერ მჩაგვრელს), ამ ბოლო გაღიზიანებულის მეტიჩრულმა გამოხტომამ დამატებით გამაღიზიანა და ეს სიტყვები ამომათქვევინა:

- შენ ვინ გეკითხება, ვინ რაზე გაღიზიანდება და არა, მეტიჩარავ! რომელი კარლ ლიბკნეხტი შენ მყავხარ, აქ რომ მორალისტობ გამაღიზიანებლად!

მაგრამ ისევ ვერ მოვახერხე ჩემი გაღიზიანების შენარჩუნება, რადგან ძალიან გამიჭირდა რომელიმე ერთ გამაღიზიანებელ მოვლენაზე კონცენტრირება; 25 თებერვალს “დიდ თეატრში” ცეკვა და ამ ცეკვით გაღიზიანებულმა გამმეტებელმა ხალხმა სრული დომხალი წარმოქმნა გაღიზიანების ჩემეულ სისტემაში.

ბოლოს, ფრთხილი რუდუნებით მივაყურადე ჩემი გაღიზიანების მთავარ ცენტრს და დავფიქრდი, მაინც რომელ გამაღიზიანებელს დავაყენებდი გაღიზიანების პირველ ნომრად: 25 თებერვლის გამაღიზიანებელ ცეკვას თუ ცეკვით გაღიზიანებულთა პრინციპში სამართლიან, მაგრამ გამაღიზიანებელ გაღიზიანებას?

და მივხვდი: რეალურად არც ერთს, არც მეორეს, რადგან თუკი რამე მაღიზიანებს, სწორედ ეს ფენომენი, თავად გაღიზიანებულობაა - ყველათი და ყველაფრის გამო.

და ისიც ვიცი, რომ ახლა ჩემზეც ღიზიანდება ზოგიერთი მკითხველი და ერთი სული აქვს, ეს მომაძახოს:

“შენ ვის გაღიზიანებაზე ლაპარაკობ, როცა შენ თვითონ ხარ გამაღიზიანებელი!”

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG