Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაღრმავებული თვითიზოლაცია ცხინვალში


ვენა
ვენა

თვითმფრინავის ბილეთები აღებული იყო, სასტუმროს ოთახები - დაჯავშნილი, მაგრამ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო წუთს ვენაში წასვლაზე უარი თქვეს. ავსტრიის დედაქალაქში მხოლოდ სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ჩავიდნენ. პირველივე დღეს ცნობილი გახდა, რომ ცხინვალში დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა კაზბულატ ცხოვრებოვმა თანამდებობა დატოვა, მიზეზად დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტთან საგარეო საკითხებში უთანხმოება დასახელდა.

ოსური მედიის და ჩვენი წყაროების ცნობით, ცხოვრებოვი ვენაში სამთავრობო დელეგაციის გამგზავრების მომხრე იყო. ამ დელეგაციაში საგარეო უწყების წარმომადგენლებიც შედიოდნენ, უნდა ყოფილიყო ასევე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ამჟამად ოსური მხრიდან ერგნეთის შეხვედრებზე მთავარი მომლაპარაკებელი, დავით სანაკოევი. თავდაპირველად ყველაფერი შეთანხმებული იყო თიბილოვთან, მაგრამ ბოლო წუთს მან მთავრობის წარმომადგენლებს ავსტრიაში გამგზავრება აუკრძალა და კაზბულატ ცხოვრებოვი პროტესტის ნიშნად თანამდებობიდან გადადგა. ოსური მედიის ცნობით, საქმეში რუსეთის ეფესბეს წარმომადგენლები ჩაერთვნენ. ვენაში ჩამოსული ოსური სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დათრგუნვილები ჩანდნენ, რადგან მათ მიმართ ზეწოლის ახალი ტალღის დაწყებას ელოდებოდნენ. ამიტომ ჟურნალისტებთან ურთიერთობა აკრძალეს. ეს ინფორმაცია საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებში სწრაფად გავრცელდა. საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ თვითიზოლაციით პრობლემები მხოლოდ მწვავდება. მისი აზრით, კონფლიქტების მოსაგვარებლად აუცილებელია მეტი გახსნილობა და მეტი ფორმატი დიალოგისთვის.

საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტისა და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ინიციატივით ჩატარდა, კონფლიქტის საკითხებს ეხებოდა. ქართველი, ევროპელი, ამერიკელი, რუსი და ოსი სპეციალისტები 4 დღის განმავლობაში კონფლიქტის ფასზე მსჯელობდნენ. ამ კონფერენციაზე ცხინვალიდან ორი სამოქალაქო აქტივისტი, დინა ალბოროვა და ლირა კოზაევა, ფიზიკური პირის სტატუსით ჩამოვიდა, რადგან რამდენიმე თვით ადრე მათ საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციების ლიკვიდაცია მოახდინეს. ვითარება დე ფაქტო რესპუბლიკაში რთულია, არასამთავრობო სექტორისთვის მუშაობა კი - თითქმის შეუძლებელი, რადგან ხელისუფლება და საზოგადოების ნაწილი მათ ხალხის მტრის იარლიყს აკერებს და მუდმივად ხდება მათი დემონიზაცია. განსაკუთრებით იმ ორგანიზაციების მიმართაა ზეწოლა, რომლებსაც ქართველ კოლეგებთან აქვთ კონტაქტი. ეს ყველაფერი კარგად იციან მოსკოვშიც. რუსი პოლიტოლოგი სერგეი მარკედონოვი მიიჩნევს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება უსაფუძვლოდ ზღუდავს სამოქალაქო სექტორს. მისი თქმით, ამაზე მოსკოვშიც უნდა დაფიქრდნენ და მხარეებს დიალოგის საშუალება მისცენ. მარკედონოვის აზრით, ბოლო დროს აფხაზეთის მთავრობა უფრო გაიხსნა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება კი უფრო მეტად იზოლირებული ხდება.

ვაშინგტონის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ინიციატივით, ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორმატი, „თვალსაზრისი“, რამდენიმე წლის განმავლობაში წარმატებით მიმდინარეობდა. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ამჟამად სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი იყო. ამ ფორმატის ფარგლებში დადგა პირველად წინადადება ტირიფონის სარწყავი სისტემის ერთობლივად გაწმენდის შესახებ, მიმდინარეობდა ასევე საუბარი პატიმრების გაცვლისა და სხვადასხვა ჰუმანიტარული საკითხების მოგვარების თაობაზე. დე ფაქტო ხელისუფლების ძალისხმევით ეს ფორმატი დღეს აღარ არსებობს, რადგან ოსური სამოქალაქო სექტორი მასში მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა. ვენაში იყო მცდელობა, რომ საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში უკვე რუსი და საერთაშორისო ექსპერტებიც შემოეყვანათ. ავსტრიაში ყველა ჩამოვიდა, მაგრამ, წინასწარი თანხმობის მიუხედავად, თიბილოვის მთავრობის წარმომადგენლები ისევ ბოიკოტის რეჟიმში დარჩნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG