Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიცანით პუტინის მძევლები


1) ესტონ კოჰვერი 2) ოლეგ სენცოვი 3) ნადია სავჩენკო
1) ესტონ კოჰვერი 2) ოლეგ სენცოვი 3) ნადია სავჩენკო

პირველი უშიშროების თანამშრომელია, მეორე - კინორეჟისორი, მესამე - სამხედრო მფრინავი. სამივე უკანონოდ გაიტაცა სამშობლოდან და ყოველგვარი სამართლის გარშე დილეგში ჩააგდო სახელმწიფომ, რომელიც არად დაგიდევთ საერთაშორისო კანონებს. ორი კაცი და ერთი ქალი - გაიცანით ვლადიმირ პუტინის მძველები. ისინი კრემლის ლიდერის, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ნორმებისა და წესების წინააღმდეგ ჯიჰადის ავტორის, რუსეთის პრეზიდენტის, მსხვერპლად იქცნენ.

პუტინი ხომ ის ლიდერია, ვინც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთი შოკისმომგვრელი და აღმაშფოთებელი საქმე ჩაიდინა. ის პირველი ლიდერია ევროპაში, ვინც, ადოლფ ჰიტლერის შემდეგ, ძალის გამოყენებით მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიის ანექსია მოახდინა. მან რუსეთი ქსენოფობიის, გაუტანლობისა და აგრესიის აბსურდულ სპირალში ჩაითრია. იგი ჩაბმულია დასავლეთთან კონფრონტაციის სახიფათო თამაშში. და, ამასთანავე, პუტინი იქცა გამტაცებლად, რაც, თავისი მნიშვნელობით, საერთაშორისო კრიმინალური ავტორიტეტის ანალოგს წარმოადგენს.

უშიშროების სამსახურის თანამშრომელი

მოსკოვი ამტკიცებს, რომ ესტონ კოჰვერი ესტონეთის ჯაშუშია, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ჯაშუშური საქმიანობის დროს დააკავეს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. კოჰვერის ერთადერთი დანაშული ისაა, რომ თავის სამუშაოს კარგად ასრულებდა და ამისათვის იგი ხელსაყრელ სამიზნედ იქცა. კოჰვერი ესტონეთის შიდა უშიშროების სამსახურის,გამოძიების ფედერალური ბიუროს ეკვივალენტ (KaPo)-ს თანამშრომელია. იმ დროს, როდესაც გაიტაცეს, კოჰვერი ესტონეთის ტერიტორიაზე რუსული ორგანიზებული ჯგუფის სავარაუდო კონტრაბანდულ საქმიანობას იძიებდა. 2014 წლის 5 სექტემბრის დილით კოჰვერი რუსეთის საზღვრიდან ერთი კილომეტრით დაშორებულ ესტონურ სოფელ მილკესთან მდებარე ტყეში კონფიდენციალურ ინფორმატორთან შეხვედრაზე მიეშურებოდა. ეს იყო ხაფანგი, შეთქმულება, არც მეტი და არც ნაკლები. შეხვედრაზე მიმავალ კოჰვერს გზაზე ჩაუსაფრდნენ, ესროლეს ხმოვანი ხელყუმბარა, შუბლზე მიადეს იარაღი და ასე გაიტაცეს რუსეთში.

ესტონელმა და რუსმა მესაზღვრეებმა იმავე დღესვე დაათვალიერეს ის ტერიტორია, საიდანაც კოჰვერი გაუჩინარდა. ადგილზე აღმოჩენილი მტკიცებულებების, მათ შორის, ყუმბარის აფეთქების ნაკვალევის ანალიზის საფუძველზე ორ ენაზე შედგენილი ერთობლივი ოქმი აშკარად ადასტურებს, რომ ადამიანთა ჯგუფი ესტონეთში რუსეთიდან გადავიდა და შემდეგ უკან გაბრუნდა.

საჩვენებელი სასამართლოს შემდეგ, რასაც ფართო საერთაშორისო კრიტიკა ახლდა, რუსეთის ფსკოვის რეგიონალურმა სასამართლომ 19 აგვისტოს კოჰვერს, ჯაშუშობის მუხლით, 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

უკრაინელი კინორეჟისორი

მე თქვენგან არ ვაპირებ რაიმე სახის შეწყალების თხოვნას, რადგან ყველას ესმის, რომ ოკუპანტის სასამართლოს არ შეიძლება ეწოდოს სასამართლო, და გთხოვთ, პირადად თქვენ თავზე ნუ მიიღებთ ამ სიტყვებს, თქვენო ღირსებავ...
ოლეგ სენცოვი

რუსეთი ოლეგ სენცოვს ბრალს სდებს ტერორისტობაში, რაშიც იგი უდანაშაულოა. ერთადერთი, რაშიც სენცოვია დამნაშავე, ეს მისი გაბედულებაა, ღიად გაეკრიტიკებინა რუსეთის მიერ მისი სამშობლოს მიწა-წყლის ანექსია. სენცოვმა, აქტიურმა უკრაინელმა კინორეჟისორმა, სახელი გაითქვა ფილმ „გამერით“, რომლის დებიუტიც 2012 წლის როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. იგი ასევე მარტო ზრდიდა ორ შვილს. ყირიმში დაბადებული სენცოვი მტკიცედ უჭერდა მხარს პროევროპული ევრომაიდნის რევოლუციას, სასტიკად აკრიტიკებდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და დიდი წვლილი შეიტანა ნახევარკუნძულზე საკუთარ სამხედრო ბაზებზე იზოლაციაში მოქცეული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების სურსათით მომარაგებაში. რუსეთის სპეცსამსახურის აგენტებმა ოლეგ სენცოვი სიმფეროპოლის ქუჩაში 2014 წლის 11 მაისს დააპატიმრეს, მალევე მას შემდეგ, რაც კინორეჟისორმა ნახევარკუნძულის ანექსიის საწინააღმდეგო დემონსტრაციაში მიიღო მონაწილეობა. სენცოვი მეორე დღესვე წარდგა მოსკოვის სასამართლოს წინაშე, სადაც მას ბრალი წაუყენეს ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე რუსეთის კომუნისტური პარტიისა და „ერთიანი რუსეთის“ ოფისებისათვის ცეცხლის წაკიდებისათვის. იგი ბრალდებულია ასევე სიმფეროპოლში მდებარე ლენინის მონუმენტისა და მის წინ მდებარე მარადიული ცეცხლის ობელისკის აფეთქების მცდელობაში.

რუსმა პროკურორებმა სასამართლოზე სენცოვის ბრალეულობის დასამტკიცებლად წარადგინეს არადამაჯერებელი არგუმენტები და მთავარი მოწმე, გენადი აფანასიევი, რომელიც აცხადებს, რომ კინორეჟისორის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება წამების ქვეშ მისცა. რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში იმართება უკრაინელი კინორეჟისორის სასამართლო პროცესი, რომელზეც პროკურატურა ბრალდებულისათვის 23-წლიან პატიმრობას ითხოვს.

„მე თქვენგან არ ვაპირებ რაიმე სახის შეწყალების თხოვნას, რადგან ყველას ესმის, რომ ოკუპანტის სასამართლოს არ შეიძლება ეწოდოს სასამართლო, და გთხოვთ, პირადად თქვენ თავზე ნუ მიიღებთ ამ სიტყვებს, თქვენო ღირსებავ“, - მიმართა მოსამართლეს სენცოვმა საბოლოო დაცვით სიტყვაში.

მფრინავი ქალი

პუტინის სამ უცხოელ მძევალს შორის ნადია სავჩენკო ყველაზე უფრო ცნობილია. მოსკოვი აცხადებს, რომ სავჩენკო მკვლელია, მაგრამ ეს ტყუილია. ერთადერთი, რაშიც იგი დამნაშავეა, ესაა ბრძოლა საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის, რისთვისაც სავჩენკო მზად იყო თავი გაეწირა. უკრაინის პირველი სამხედრო მფრინავი ქალი მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ დონბასში მოხალისედ იბრძოდა.

2014 წლის ივნისის შუა რიცხვებში, როდესაც სეპარატისტებმა ლუგანსკის ოლქის სოფელ მეტალისტთან შეიპყრეს, სავჩენკო უკრაინელი ჯარისკაცების ბრძოლის ველიდან გამოყვანის ამოცანას ასრულებდა. 19 ივნისს სეპარატისტებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელზეც რკინის ბორკილდადებული მფრინავი ქალის დაკითხვაა აღბეჭდილი. რამდენიმე კვირის შემდეგ სავჩენკო რუსეთში სასამართლოზე გამოიყვანეს და ნაღმსატყორცნებით დაბომბვის დროს დაღუპული ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობასა და რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში წაუყენეს ბრალი. სავჩენკოს ადვოკატები ამბობენ, რომ მფრინავი ქალის მობილურის ჩანაწერი და მტკიცებულებაში არსებული ვიდეოკადრები მოწმობს, რომ ჟურნალისტები მას შემდეგ დაიღუპნენ, რაც მათი დაცვის ქვეშ მყოფი უკვე პატიმრობაში იყო. ნადია სავჩენკოს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 25 წლით პატიმრობა ემუქრება.

თავდასხმის ობიექტი

გარდა იმისა, რომ ყველანი პუტინის მტაცებლური საქმიანობის მსხვერპლნი არიან, კოჰვერს, სენცოვსა და სავჩენკოს კიდევ ერთი მთავარი რამ აერთიანებთ: თითოეული საბჭოთა კავშირში დაიბადა და თითოეული თავისი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ლოიალური, წარმატებული და ნაყოფიერი მოქალაქე გახდა. მაგრამ პუტინისთვის, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლას ტრაგედიად მიიჩნევს, ეს საკმარისი დანაშაულია იმისათვის, რომ ისინი დევნის ობიექტად ექცია.

ჩვენთვის კი, ყველა დანარჩენისთვის, ისინი არიან მძევლები, რომლებიც უკანონოდ ჰყავს გატაცებული და შეპყრობილი მზარდი საფრთხის მატარებელ, საერთაშორისო კანონმდებლობის უგულებელმყოფ სახელმწიფოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG