Accessibility links

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საგარეჯოში ჩატარებული შუალედური არჩევნების საქმეზე. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა პარლამენტის დეპუტატისა და ფრაქცია "მრეწველების" თავმჯდომარის გოგი თოფაძის განცხადება, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების მიზნით გაზარდა მუხროვანის სპეცუბანზე რეგისტრირებული ამომრჩევლების - სამხედრო მოსამსახურეების - რაოდენობა.

2016 წლის 31 ოქტომბერს საგარეჯოში გამართულ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა 559 ხმით მოუგო საქართველოს „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს ირმა ინაშვილს, თუმცა, როგორც დეპუტატმა გოგი თოფაძემ განაცხადა, არჩევნების ბედი გადაწყვიტა არა ამომრჩეველმა, არამედ თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა:

„დოკუმენტს განახებთ, როცა ოქტომბრის არჩევნების წინ ჩატარდა შეკრება, სადაც თეა წულუკიანთან შეკრებილი იყვნენ მინისტრები, მათი მოადგილეები... ესწრებოდა თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. ამ შეკრებაზე განიხილეს კონკრეტულად ეს საკითხი, რომ მუხროვანის მე-13 უბანში 25 ჯარისკაცია და არ ღირს იქ უბნის გახსნა და დადგინდა, რომ ეს უბანი უნდა გაუქმდეს. ამის შემდეგ 526 ჯარისკაცი ჩამოიყვანეს საქართველოს ყველა კუთხიდან“.

გვაქვს ეჭვი, რომ ადგილობრივმა ჯარისკაცებმა, რომლებმაც სპეცუბანზე მისცეს ხმა, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით თავიანთ სოფლებშიც მისცეს ხმა...

დეპუტატის ამ განცხადების საფუძველზე, მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, რომლის ხელმძღვანელის ეკა გიგაურის თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რასთან აქვს საქმე - ცილისწამებასთან თუ არჩევნების გაყალბებასთან. თავად ბრალდების ადრესატი თინათინ ხიდაშელი ამბობს, რომ არჩევნები მხოლოდ საბაბია იმისათვის, რომ თავს დაესხან და დაასუსტონ ხელისუფლებაში მყოფი პროდასავლური ძალები.

თინათინ ხიდაშელი იმედოვნებს, რომ პროკურატურა დროულად გამოიძიებს საქმეს და ნათელს მოჰფენს სინამდვილეს. პროკურატურასთან თანამშრომლობას აპირებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ხიდაშელი, რომელიც დარწმუნებულია იმაში, რომ სამართლიან არჩევნებში გაიმარჯვა, რაც, მისი თქმით, დაადასტურა როგორც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ასევე ორი ინსტანციის სასამართლომ:

თამარ ხიდაშელი

თამარ ხიდაშელი

„ორივე ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ სპეცუბნის შექმნა მოხდა კანონის სრული დაცვით. შემდეგ ამ უბნის შედეგები გასაჩივრდა ორი ინსტანციის სასამართლოში და ამ შემთხვევაშიც სასამართლომ ჩათვალა, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში იყო. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი არაა გამოსაძიებელი, მაგრამ თუ ვინმეს კითხვები დარჩა, გამოიძიონ“.

გამოძიების იმედი აქვს „პატრიოტთა ალიანსის“ აღმასრულებელ დირექტორსა და ირმა ინაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს გოჩა თევდორაძეს, რომელიც დარწმუნებულია იმაში, რომ მუხროვანის სპეცუბანი არჩევნების მანიპულირების მიზნით შეიქმნა. და კიდევ:

„ყველასთვის გაცხადებულია და დადასტურებულია, რომ კონვერტში აღმოჩნდა ორი ბიულეტენი... რეალურად სამხედრო ნაწილში ღია ბიულეტენებით მიდიოდა კენჭისყრა. ბევრი დარღვევა იყო იმ უბნებზე, რომლებიც იორმუღანლოში იყო განთავსებული. გვაქვს ეჭვი, რომ ადგილობრივმა ჯარისკაცებმა, რომლებმაც სპეცუბანზე მისცეს ხმა, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით თავიანთ სოფლებშიც მისცეს ხმა“.

ეს ყველაფერი, ნებსით თუ უნებლიეთ, საქართველოს პროდასავლური კურსის ინტერესებს არ ემსახურება...

თავად „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდებს, გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან გადააყენოს თავდაცვის მინისტრი, რაც გამორიცხავს სამხედრო პირებსა და სხვა მოწმეებზე ზეწოლის შესაძლებლობას. ირმა ინაშვილი ამბობს, რომ მთავრობის კურსი არაფერ შუაშია და რომ საგარეჯოში ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაულს, თუმცა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი, დარწმუნებულია, რომ თავდაცვის მინისტრზე გახშირებული თავდასხმები ერთ მიზანს ემსახურება:

„თოფაძე, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელია, ცრუ ბრალდებებით გამოდის თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ. ხელისუფლებიდან გაგდებული ბრეგაძე უხამსი ბრალდებებით გამოდის თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ. არჩევნებში დამარცხებული ირმა ინაშვილი ასევე დაუსაბუთებელი ბრალდებებით გამოდის და ითხოვს თავდაცვის მინისტრის უფლებამოსილების შეჩერებას. ეს ყველაფერი, ნებსით თუ უნებლიეთ, საქართველოს პროდასავლური კურსის ინტერესებს არ ემსახურება“.

დავით ბერძენიშვილიც იმედოვნებს, რომ პროკურატურა საქმეს სწრაფად შეისწავლის, თუმცა, მისი თქმით, უფრო გონივრული იქნებოდა, რომ პროკურატურას საქმის არაღძვრის გადაწყვეტილება მიეღო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG