Accessibility links

სამხრეთ-ამერიკული ომებით, რევოლუციებით, ეგოისტი და პატივმოყვარე მამაკაცი-მმართველებით დათრგუნულმა გაბრიელ გარსია-მარკესმა რამდენიმე წლის წინ დაუღალავად და ერთგვარი კატეგორიულობით უმეორა ერთ-ერთ თავდაჯერებულ კაც-პრეზიდენტს, რომ უზომოდ ბედნიერი იქნებოდა, თუკი უახლოეს მომავალში მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ქალები დაიკავებდნენ უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებს: რაც მეტი ქალი გახდება პოლიტიკური ლიდერი, მით უფრო რაციონალური, ჰუმანური და ეფექტური გახდება პოლიტიკური მმართველობაო.

პოლიტიკაში წასულ კაცებს რომ რაღაც უცნაური სჭირთ და მათთვის მრავალგვარი პრობლემისა თუ კომპლექსის საკომპენსაციო ადგილია პოლიტიკა, ეს მარკესამდე და ჩვენამდე ოცდახუთი საუკუნით ადრე, არისტოფანემ აღწერა თავის შედევრში “ლისისტრატე”, სადაც კაცების უაზრო ომებით, თვითდამკვიდრების აბსურდული და სასტიკი მეთოდებით გადაღლილი ჭკვიანი ათენელი ქალი ლისისტრატე თავის თანამოქალაქე ქალებს შეკრებს და მათ პირობას ჩამოართმევს, რომ ისინი მანამდე არ გაიყოფენ სარეცელს თავის ქმრებთან, სანამ კაცები ამ უაზრო ომებს არ დაასრულებენ. ქალები უარს ეტყვიან სიყვარულსა და სექსზე თავთავიანთ კაცებს და ლისისტრატეს მითითებით, აკროპოლისის კედლებს შეაფარებენ თავს. ლისისტრატეს ექსპერიმენტი შედეგს გამოიღებს: ათენში ნანატრი მშვიდობა დამყარდება და ბრძენი ქალებიც ლიდერებად იქცევიან.

შემთხვევითი არაა, რომ “ლისისტრატეს” ყველაზე ხშირად სწორედ ტოტალიტალური, მილიტარისტულ-მასკულინური დიქტატორული რეჟიმები კრძალავდნენ, ერთი მხრივ, ამ პიესის პაცეფიზმის, მეორე მხრივ კი ძლიერი და ეფექტური ფემინისტური მუხტის გამო, რადგან, ვთქვათ, იგივე ნაცისტურ (სექსისტურ) გერმანიაში, სადაც ფსევდო-გმირების, ნეო-ზიგფრიდების ქმნადობით იყვნენ დაკავებული, იქიდან აუცილებლად უნდა განედევნათ ჰუმანური, მშვიდი და მტკიცე ლისისტრატე. იქ, სადაც პროპაგანტის მინისტრი გიობელსი ყეფდა ჯანმრთელი და ომებში ქმედითი მანქანა-კაცების თითქმის ქარხნული წესით დამზადების მნიშვნელობაზე, ლისისტრატეებს არც არავინ მოუსმენდა.

თუმცა დროებით. ლისისტრატეების სრული დადუმება შეუძლებელი აღმოჩნდა.

ლისისტრატემ შეიძლება დიდხანს ითმინოს, მაგრამ ერთ დღეს აუცლბლად ამოიღებს ხმას; ის შეიძლება დიდხანს ეცადოს გაარკვოს, რა არის კაცის არაადეკვატურობისა და სისასტიკის მიზეზი, დაუთმოს, აპატიოს, ბევრჯერ აპატიოს, ათასჯერ აპატიოს, ასი ათასჯერ შეუნდოს - ისევე, როგორც ჩვენი დღევანდელობის ტრაგიკულმა გმირმა, უნივერსიტეტის დერეფანში მოკლულმა ლექტორმა უთხრა უარი პოლიციელებს მოძალადე ქმრის დაკავების ორდერის გამოწერაზე, რადგან ბოლო წუთშიც კი შანსი მისცა და დასაჭერად არ გაიმეტა, - მაგრამ ეს უსასრულოდ აღარ გაგრძელდება…

საოჯახო თუ ლოკალური დესპოტები, ისინი, ვინც ხელს სწევენ ქალზე, ისინი, რომლებიც ფიქრობენ, რომ თავიანთი ათი, ოცი თუ ოცდაათკილოიანი უპირატესობით დაჯაბნიან ფიზიკურად მათზე სუსტს, სინამდვილეში, უსუსური და დამფრთხალი ხალხია და ასეთი “სახლის დესპოტების” შეშინება არცთუ ძნელია. მთავარია, ჩაგრული არ დამორჩილდეს (ლისისტრატედ ქცევის გადაწყეტილება მიიღოს) და დესტპოტის მორჯულების, მოთვინიერების და გაყუჩების ხერხიც ხელად გამოჩნდება.

მაგრამ ერთია ქალი, რომელიც მარტო ცდილობს დესპოტთან გამკლავებას და სხვაა საზოგადოება, “ათენი”, ჩვენ, სხვა კაცები და ქალები, ქუჩაში გამვლელები, კარის მეზობლები, შორიდან გულშემატკივრები და ახლოდან ფეხებზე დამკიდებლები, რომელთაც შეიძლება წლობით ესმოდეთ “იმათი ბინიდან” გამოსული ქალის ეკზეკუციაზე მიმანიშნებელი ხმაური, ქალის ტირილისა და მთვრალი კაცის გინების ხმა და ყური წაუყრუონ, თქვან: “რა ჩვენი საქმეა, რატომ უნდა ჩავერიოთ”, ან უარესი: სამარცხვინო მასკულტურული ტრადიციის კვაკდაკვალ, კაცის მძვინვარებას მოუძებნონ გამართლება და ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკოსის მსგავსად, “სახლის დესპოტის” დებოშების ან დანაშაულების მიზეზებს დაუწყონ კვლევა.

აბა, როგორ, კაცს ხომ ამდენი მიზეზი აქვს, რომ მოსაკლავად გაიმეტოს ქალი: 90-იანი წლების დეპრესია და უფუნქციობა, გაღიზიანება მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების გამო, უფულობა, მარცხი გაუთავაბელ ომებში… ჯერ კიდევ წერდა სიმონ დე ბოვუარი თავის საკულტოდ ქცეულ წიგნში, “მეორე სქესი”, რომ თუკი კაცები გამარჯვებულები ბრუნდებოდნენ ომებიდან, გამარჯვებულობის ეიფორიიდან ვერ გამოდიოდნენ და ეს ქალისთვის უნდა ქცეულიყო პრობლემად - კაცებს ახალ-ახალი გამარჯვებები სწყუროდათ და ამაში თურმე მხოლოდ ცოლები უშლიდნენ ხელს, ხოლო თუკი დამარცხებულებს უწევდათ შინ დაბრუნება, ჯავრს ისევ და ისევ ცოლებზე იყრიდნენ, რომელთაც მთელი ცხოვრებით უნდა ეზიდათ თავიანთი კაცების უიღბლობის ტვირთი.

რა უცნაურია, კაცების, ან მეტიც, “სახლის დესპოტების” სისასტიკის მიზეზებზე დაუფიქრებელ ლაყლაყს თითქმის ნორმად მივიჩნევთ - რომ თითქოსდა მთლად უმიზეზოდაც არ კლავენ ამ ქალებს, მაშინ, როდესაც იგივე ქალებს, თუნდაც პოსტ-საბჭოურ 90-იანებში, აყვირებული და სამყაროზე განაწყენებული კაცებისგან განსხვავებით, არასდროს ჰქონიათ იმის დრო, რომ სხვისი ჯანმრთელობისთვის სახიფათო სოციალურ დეპრესიაში ყოფნის უფლება მიეცათ საკუთარი თავისთვის.

მაგრამ ახლა სწორედ ის ეტაპია, როცა არავინ უნდა გაჩუმდეს, როცა ჩაგრული არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს მარტო დესპოტის პირისპირ.

მოძალადეები ერთად უნდა შევაჩეროთ.

ლისისტრატეებს უნდა დავეხმაროთ.

XS
SM
MD
LG