Accessibility links

17 მარტს 56 წელი შესრულდა გალაკტიონ ტაბიძის ტრაგიკული გარდაცვალებიდან. პოეტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 1959 წლის 17 მარტს, როცა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მეოთხე სამმართველოს საავადმყოფოს (ე.წ. „ლეჩკომბინატის“) პირველი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოხტა. წელსაც, ისევე როგორც წინა სამი წლის განმავლობაში, პოეტის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელს არ მიეცა საშუალება მისულიყო გარდაცვალების ადგილზე და სათანადო პატივი მიეგო დიდი შემოქმედის ხსოვნისთვის, რადგანაც 2012 წლიდან სამკურნალო კომბინატის ისტორიული შენობა ფიზიკურად აღარ არსებობს.

ვაკე, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ნომერი ხუთი - აქ, ელიტური სამკურნალო კომბინატის ეზოში, პირველი კორპუსის მეორე სართულზე ასასვლელი კიბისა და ძირითადი კედლის კუთხეში, 1959 წლის 17 მარტს, ჩვიდმეტ საათსა და ორმოცდაათ წუთზე, დაეცა გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც იქვე გარდაიცვალა ისე, რომ წვეთი სისხლი არ დაუღვრია და მიწაზე არავითარი კვალი არ დაუტოვებია. - ესაა ფრაგმენტი პოეტ ვახტანგ ჯავახაძის ჩანაწერების წიგნიდან, კვალი კი, რომლის შესახებაც გალაკტიონის ბიოგრაფიის მკვლევარი წერს, არ ჩანდა შემდგომი 51 წლის განმავლობაშიც, ანუ 2010 წლამდე.

„გალაკტიონი რომ მოკვდა, არ გამოაცხადეს, რომ თავი მოიკლა. ეგ ადგილიც მივიწყებული იყო. საქვაბე ააშენეს. ჟურნალ „ჩვენ მწერლობაში“ გამოვაქვეყნე წერილი და ფოტო იმის საჩვენებლად, თუ როგორ იყო ძველად და როგორ შეიცვალა წლების შემდეგ. მოვითხოვე, ამ საქვაბის გადატანა და დაცემის ადგილზე ობელისკის გახსნა. თბილისის მერიამ მიიღო ჩემი თხოვნა. ჩამოიტანა ყაზბეგის რაიონიდან ორი ძვირფასი დიაბაზის ქვა და 2010 წლის 17 მარტს, გალაკტიონის თვითმკვლელობის დღეს, გავხსენით ოფიციალურად“, უთხრა ვახტანგ ჯავახაძემ რადიო თავისუფლებას.

ვახტანგ ჯავახაძე

ვახტანგ ჯავახაძე

თუმცა ოფიციალურ გახსნამდე იყო ნახევარსაუკუნოვანი დუმილი. როგორც ვახტანგ ჯავახაძე ამბობს, პირველი 30 წლის განმავლობაში გალაკტიონის თვითმკვლელობას ტაბუ ედო, რადგან ეს იყო აშკარა პროტესტი, მაგრამ საბჭოთა იმპერიის დამხობის შემდეგ, უკანასკნელ 20 წელიწადს უყურადღებობა დანაშაულში თანამონაწილეობას ნიშნავდა. „ნუ მივიღებთ მონაწილეობას დანაშაულის კვალის დაფარვაში. ქართველ ერს არ უნდა დავუკარგოთ ეს წმინდა და საბედისწერო ადგილი, როგორც გაფრთხილება, როგორც სამხილი, როგორც ბრალდება!“, წერდა ვახტანგ ჯავახაძე. მერე რა, რომ მთელი სიცოცხლე თვითმკვლელობაზე ფიქრობდა, გალაკტიონ ტაბიძე მოკლა გულცივობამ, უყურადღებობამ და შეურაცხყოფამ. აკი თავად პოეტმაც თვითმკვლელობამდე ბევრად ადრე ჩაწერა დღიურში:

„ჩემს თვალწინ სდგას საშინელი სიღარიბე, ვინაიდან მისპობენ საარსებო წყაროებს.. საშინელებაა, როცა ადამიანი „წელებზე ფეხს იდგამს“. საზიზღრობაა, როცა ადამიანი თავს ვერ აღწევს ბორკილებს, რომელსაც ადებს სიღარიბე. მიწასთან გასწორებაა, როდესაც ადამიანი ერთსა და იმავე ძონძებში დადიხარ წლობით, როცა ნატრობ სუფთა პერანგს - ვინაიდან საშუალება არა გაქვს, დაიქირავო მრეცხავი, როცა ჰკარგავ თავმოყვარეობას, ან როცა ემალები ხალხს, მის მაგიერ რომ თავისუფლად და დამოუკიდებლად იარო ხალხში, და ეს აჩრდილი სიღარიბისა - ეხლა უკვე აჩრდილი კი არა, რეალური სახეა ჩემთვის. მე ბუნებით არა ვარ შურიანი და ბოროტი ადამიანი, მაგრამ სიღარიბეს შეუძლია ასეთად გამხადოს. საზოგადოება ვერ ითმენს ადამიანს, რომელიც მას არა ჰგავს. საზოგადოება ყოველ ძალასა და ღონეს ხარჯავს, რათა ადამიანი ძირს დაანარცხოს მაღალ საფეხურიდან, ან, ყოველ შემთხვევაში, უსახო კაცად გახადოს - ადამიანი - ადამიანური სახის მქონე. ამიტომ საჭიროა ბრძოლა. ბრძოლა არსებობისათვის!“

სისხლის სამართლის საქმე

სისხლის სამართლის საქმე

გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე ერთ თვეში, 1959 წლის 15 აპრილს, დაიხურა, რისი დამადასტურებელი დოკუმენტი, მინაწერით „მოისპოს“, ინახება საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში. არსად, არც ერთ პერიოდულ გამოცემაში არ დაწერილა, რომ პოეტმა თავი მოიკლა. როგორც ვახტანგ ჯავახაძე გალაკტიონზე დაწერილ წიგნში „უცნობი“ იხსენებს, ერთადერთი მინიშნება გაკეთდა დასაფლავების დროს, მთაწმინდის პანთეონში გიორგი ლეონიძის მიერ წარმოთქმულ სიტყვაში: „მშვიდობით სიკვდილისათვის აჩქარებულო, როგორ არ იცოდი, რომ სიკვდილი შენ ვერ მოგერეოდა?!“ და ვერც მოერია: დღეს ყველა აღიარებს პოეტების მეფეს, რომლის სახელს ატარებს ხიდი და ქუჩა დედაქალაქში, დგას ძეგლი, პოეტის ბინაზე კი გახსნილია სახლ-მუზეუმი. მაღალი ტირაჟით იბეჭდება და იყიდება მისი ლექსები, ხოლო ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობს გალაკტიონოლოგიის ცენტრი, რომელმაც უკვე გამოსცა ოთხი ტომი და კიდევ: დიდი პოეტის ხმა, რომელიც აუდიოჩანაწერის სახით ლიტერატურის მუზეუმის მიერ გაკეთებულ გალაკტიონის საიტზეა www.galaktion.ge განთავსებული, დღემდე აღელვებს პოეტის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელს.

ინვესტორისა და მენაშენის ინიციატივით მოხდება არა მხოლოდ ამ ქვის თავის ადგილზე დაბრუნება, არამედ გალაკტიონის სახელთან დაკავშირებული ადგილისათვის მეტი სიღრმისა და მნიშვნელობის მიცემა. ამ ადგილზე გაკეთდება არა მარტო საავადმყოფო, არამედ მოეწყობა კულტურულ-სახელოვნებო სივრცე გალერეის სახით...

ერთ-ერთიჩანაწერი გაკეთებულია 1941 წელს, თვითმკვლელობამდე მთელი თვრამეტი წლით ადრე. საბედისწერო დღეს კი, 1959 წლის 17 მარტს, პოეტმა სამკურნალო კომბინატის პირველი კორპუსის მეოთხე სართულზე მდებარე 52-ე ოთახში, განყოფილების გამგის კაბინეტში მდებარე ფანჯარასთან მიიდგა სკამი, რაფაზე შედგა, ფანჯარა გამოაღო და გადახტა. სული დალია კედლისა და შესასვლელი კიბეების კუთხეში, სადაც ორმოცდაათი წლის განმავლობაში გაიარა მილიონობით ადამიანმა, რომელთაგან ერთეულებმა თუ იცოდნენ ამ ტრაგიკული ფაქტის შესახებ. როგორც უკვე ვთქვით, ვითარება შეიცვალა 2010 წელს, როცა პოეტის გარდაცვალების ადგილზე დაიდო ვეებერთელა ლოდი, წარწერით: „1959 წლის 17 მარტს აქ დაასრულა სიცოცხლე გალაკტიონ ტაბიძემ“.

თუმცა დღეს ჭავჭავაძის ხუთ ნომერში ვეღარც სამკურნალო კომბინატის შენობას ნახავთ და ვერც ყაზბეგის რაიონიდან ჩამოტანილ მემორიალურ ქვას. 2012 წელს ისტორიული შენობა იყიდა კერძო პირმა, რომელმაც ძველი „ლეჩკომბინატი“ დაანგრია და მის ადგილზე ახლის, მრავალპროფილური საავადმყოფო ''ლეჩკომბინატი ნომერი ერთის" აშენება გადაწყვიტა. საავადმყოფოს აპროექტებს „ლაბორატორია ნომერი სამი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი არქიტექტორი დიმიტრი შაფაქიძეა:

"ლეჩკომბინატის" ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობა

"ლეჩკომბინატის" ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობა

„ინვესტორისა და მენაშენის ინიციატივით მოხდება არა მხოლოდ ამ ქვის თავის ადგილზე დაბრუნება, არამედ გალაკტიონის სახელთან დაკავშირებული ადგილისათვის მეტი სიღრმისა და მნიშვნელობის მიცემა. ამ ადგილზე გაკეთდება არა მარტო საავადმყოფო, არამედ მოეწყობა კულტურულ-სახელოვნებო სივრცე გალერეის სახით, რომელსაც, დიდი ალბათობით, გალაკტიონის სახელი მიენიჭება და რომელშიც მოეწყობა გალაკტიონის ცხოვრების ამსახველი მუდმივმოქმედი ექსპოზიცია“.

დიმიტრი შაფაქიძეს მემორიალის - ყაზბეგის რაიონიდან ჩამოტანილი ქვების - შესახებაც ვკითხე:

„ლეჩკომბინატის ეზოში, თუმცა სხვა ადგილას გვაქვს გადატანილი, თუმცა გზის გაკთებისა და კეთილმოწყობის შემდეგ უკან დავაბრუნებთ. ტოპოგრაფიული მონაცემებით ზუსტად გვაქვს დამახსოვრებული ის წერტილი, სადაც ობელისკი იყო. შესაბამისად, ისტორიულ ლოკაციას ცდომილება არ ექნება“.

"ლეჩკომბინატის" ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობა

"ლეჩკომბინატის" ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობა

​იმედიანადაა ვახტანგ ჯავახაძეც, გალაკტიონის დიდი პატრიოტი, რომელიც მშენებლობის დასრულებასა და ქვის უკან დაბრუნებას ელოდება:

„ადგილი მოვუნაცვლეთ იმის გამო, რომ იქ დიდი ორმო უნდა ამოითხაროს... როცა ყველაფერი დამთავრდება, დაუბრუნდება თავის პირვანდელ ადგილს. მაგათთან ხელშეკრულება მაქვს გაფორმებული, გალაკტიონის ცენტრი უნდა მოვაწყოთ“.

თუმცა უნდა ითქვას, რომ ვაკის სამკურნალო კომბინატი მხოლოდ გალაკტიონთან კავშირის გამო არ იყო მნიშვნელოვანი. 1937 წელს არქიტექტორების ნ. ზურაბიანისა და პ. უშენინის მიერ დაპროექტებული ეს შენობა, ისევე როგორც მთლიანად ვაკე, საბჭოთა დროების შვილი იყო და, როგორც ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი ამბობს, ჰარმონიულად ეწერებოდა ქალაქის ამ ნაწილისათვის დამახასიათებელ ურბანულ ქსოვილში:

მშენებარე ობიექტის პროექტი

მშენებარე ობიექტის პროექტი

„ეს იყო საბჭოური პერიოდის არქიტექტურის ნიმუში, თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დააპროექტო და ააშენო ქალაქის ამ ნაწილში (რომელიც, ცხადია,არაა ძველი ქალაქი) ისე, რომ არ დაარღვიო ტრადიციული ურბანული ქსოვილი“.

ცირა ელისაშვილი იმასაც ამბობს, რომ ახალი სამკურნალო კომბინატის აშენება და გალაკტიონის გარდაცვალების ლოკაციის ზუსტი ტოპოგრაფიული დაფიქსირება სრულფასოვნად ვერ ჩაანაცვლებს 56 წლის წინანდელ გარემოს. შესაბამისად, წარსულთან ამგვარი ბმაც უფრო სუროგატული იქნება, ვიდრე ბუნებრივი.

„სამწუხაროდ ჩვენ მივდივართ იქით, რასაც ჰქვია ე.წ. „მონიშვნითი ტურიზმი“. ასეთი ტურიზმის დროს წაგიყვანენ, მაგალითად, მინდორში და გეტყვიან: აქ რაღაც მოცემულ პერიოდში იდგა სახლი, რომელშიც ცხოვრობდა ესა და ეს დიდი მოღვაწე, მაგრამ თქვენ ვერ ნახავთ ვერც სახლს და ვერც ვერანაირ ნიშანწყალს იმ დიდი ადამიანის მოღვაწეობისას... არის, უბრალოდ, ტრიალი მინდორი ან სულ სხვა შენობა დგას. ესაა „მონიშვნითი ტურიზმი“, რაც არაა კარგი, მით უფრო, რომ ჩვენ ხელოვნურად ვკარგავთ მნიშვნელოვან ბმას წარსულთან“, უთხრა ცირა ელისაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ცხადია, წარსულთან ცოცხალი კავშირის გაწვეტის თვალსაჩინო მაგალითია იმ ოთახების მოსპობა, რომლებშიც სიცოცხლის უკანასკნელი საათები გაატარა დიდმა პოეტმა. განადგურდა და გაქრა ორადგილიანი მეშვიდე პალატა, რომელშიც გალაკტიონისთვის მესამე საწოლის შეტანამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. განადგურდა და გაქრა მეოთხე სართულზე მდებარე 52-ე ოთახი, სადაც უკანასკნელი ნაბიჯები გადადგა „ვარდისფერ გზაზე“ აჩქარებულმა პოეტების მეფემ და ვიდრე უკვდავებაში შეაბიჯებდა, ცამეტი ტყვიით ცამეტ თვითმკვლელობაზე მეოცნებემ, ზუსტად 13 მეტრი იფრინა.

XS
SM
MD
LG