Accessibility links

logo-print

„ამერიკის ხმის“ რუბრიკა „გალილეო“ მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის მიერ გენდერული თანასწორობის შესახებ გამოცემულ 2014 წლის ანგარიშზე უფრო დაწვრილებით მოგითხრობთ

დღეს რუბრიკაში „გალილეო“ მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის მიერ ოქტომბრის ბოლოს გამოცემულ 2014 წლის ანგარიშზე ვისაუბრებთ. ორგანიზაცია წელიწადში ერთხელ გენდერულ თანასწორობას რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით ამოწმებს. გაუმჯობესდა თუ არა საქართველოს მონაცემები და როგორია ზოგადი სურათი?

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი გენდერული ბალანსის საკითხებს 2006 წლიდან მოყოლებული გლობალურად იკვლევს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიღწეულ პროგრესს, თუ რეგრესს აფიქსირებს. გენდერული თანასწორობის შესწავლა სხვადასხვა პარამეტრით ხდება. 14 ინდიკატორს შორის დემოგრაფიული, თუ ეკონომიკური მონაცემებიცაა. რეიტინგები 4 სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით დგება და ამასთან ერთად თითოეულ ქვეყანას საერთო რეიტინგში შესაბამისი პოზიციაც ენიჭება. მთავარი კრიტერიუმებია:

  • ეკონომიკური აქტივობა და შესაძლებლობები
  • საგანმანათლებლო მიღწევები
  • ჯანდაცვა და გადარჩენის შანსი
  • პოლიტიკაში ჩართულობა

ეკონომიკური აქტივობა და შესაძლებლობები ზომავს ქალებს და მამაკაცებს შორის შრომით ბაზარზე აქტიურად დასაქმებულთა რაოდენობის პროპორციას. ის არ მოიცავს უცხოეთში დასაქმებულ მოქალაქეებს. ასევე მოწმდება მსგავსი საქმიანობისთვის არსებული ანაზღაურების თანაფარდობა მამაკაცებს და ქალებს შორის. საგანმანათლებლო მიღწევების კატეგორია აფასებს წერა-კითხვის უნარიდან დაწყებული, სასწავლო დაწესებულებებში დასწრებას, თუ უმაღლესი განათლების მქონეთა მონაცემებს. რაც შეეხება ჯანდაცვის და გადარჩენის შანსის კატეგორიას, აქ მოწმდება ყოველ 100 მოქალაქეზე ქალთა და ვაჟთა შობადობაში და ზრდასრულთა შორის სიცოცხლის ხანგრძლივობაში არსებული სხვაობა. პოლიტიკაში ჩართულობის ხარისხსაც რამდენიმე პარამეტრით ანგარიშობენ. მათ შორის - ქალების პროცენტული რაოდენობით პარლამენტში და მინისტრთა კაბინეტში, თუ სახელმწიფოს მეთაურის პოსტებზე ყოფნით.

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში ადგილები შემდეგი პრინციპით ნაწილდება: 142 ქვეყნიდან პირველ ადგილზე გადის ის ქვეყანა, რომელშიც ზოგადი მდგომარეობა გენდერული ბალანსის მხრივ საუკეთესოა. შესაბამისად, 142-ე ადგილზეა ქვეყანა, სადაც ქალებს და მამაკაცებს შორის უთანასწორობის ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

საერთო მაჩვენებლებით საქართველომ მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესა და შარშანდელი 86-ე ადგილიდან 85-ზე გადავიდა. მესამე კატეგორიის მონაცემით, რომელიც ჯანდაცვის და გადარჩენის შანსს აფასებს, საქართველო 2013 წელს 126-ე ადგილზე იყო, წელს კი 11 ადგილით დაწინაურდა და 115-ე ადგილზე გადაინაცვლა. მცირე გაუარესებაა ეკონომიკური აქტივობის და შესაძლებლობების მხრივ, სადაც ქვეყანა 64-ე ადგილიდან 66-ზე გადავიდა. უკეთესი სიტუაციაა პოლიტიკური ჩართულობის კატეგორიაში: საქართველო ორი ადგილით მაღლა, 94-ე პოზიციაზე დაწინაურდა. ასევე გაუმჯობესდა მდგომარეობა საგანმანათლებლო მიღწევების კატეგორიაში, სადაც ქვეყანა 89-ე ადგილიდან 80-ზე გადავიდა.

რეგიონში გენდერული ბალანსის მხრივ არაერთგვაროვანი სიტუაციაა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის მიხედვით, ბევრად უკეთეს სიტუაციაში არიან მაგალითად უკრაინა (56-ე ადგილი) და რუსეთი (75). გაცილებით უარესი მდგომარეობაა სომხეთში (103), თურქეთში (125) და არც ისე სახარბიელო - აზერბაიჯანში (94).

გლობალურად, ბოლო წლების მანძილზე სიის სათავეში, როგორც წესი, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები დომინირებენ. მათ შორის ბოლო 6 წელია, რაც საუკეთესო მონაცემებით ისლანდია გამოირჩევა, სადაც გენდერული ბალანსი დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე უკეთ არის დაცული. პირველ ათეულში ისევ არიან ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი, დანია და ბელგია. სიის ბოლოში კი სირია, ჩადი, პაკისტანი და იემენი მოექცნენ.

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის უახლეს ანგარიშს წინ უძღვის ორგანიზაციის დამაარსებლის და მისი ხელმძღვანელის, კლაუს შვაბის მიმართვა, რომელშიც ის გენდერული ბალანსის გაუმჯობესების აუცილებლობაზე საუბრობს. მრავალი კვლევით დასტურდება, რომ განათლებულ და ჯანმრთელ ქალებს უფრო ჯანმრთელი და განათლებული შვილები ჰყავთ. ქალთა წარმატება აუცილებელია პოზიტიური ბიოლოგიური და სოციალური ციკლის უზრუნველსაყოფად. კვლევები ქალთა პოლიტიკური ჩართულობის დადებით მხარეებსაც ადასტურებენ. როდესაც ისინი გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობენ, საბოლოო შედეგი უმეტესად საზოგადოების უფრო დიდი ნაწილის ინტერესებს ემსახურება.

კლაუს შვაბის თქმით, ქალთა პროფესიული წარმატების აუცილებლობის ყველაზე თვალსაჩინო შედეგს კომპანიები აჩვენებენ. ის ფირმები, სადაც უმაღლეს მმართველობაში მეტი ქალია, ბევრად წარმატებული არიან, ვიდრე ისინი, სადაც გადაწყვეტილებებს უმეტესად მამაკაცები იღებენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ეფექტზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ზოგადად სამართლიანობის დამკვიდრება. ქალები გლობალური მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ და ისინი მამაკაცთან გათანაბრებულ უფლებებს იმსახურებენ. ქალებს ჯანდაცვაზე, განათლებაზე, შემოსავალზე, თუ პოლიტიკურ საქმიანობაზე ხელი ისევე უნდა მიუწვდებოდეთ, როგორც მამაკაცებს.

და ბოლოს: ანგარიშის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ავტორები კარგად აცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ფარდობითია და ნებისმიერი ქვეყნის სრული მდგომარეობის ასახვა პრაქტიკულად არცერთ კატეგორიაში არ არის შესაძლებელი. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მეთოდოლოგიების კრიტიკოსები ხშირად მიუთითებენ იმაზე, რომ მაგალითად, ჯანდაცვის საკითხებში მოწმდება მხოლოდ ორ სქესს შორის შობადობის და სიცოცხლის ხანგრძლივობის შეფარდება და არაფერია ნათქვამი ქალთა რეპროდუქტიულ ჯანმრთელობაზე და უფლებებზე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG