Accessibility links

„ამერიკის ხმის“ რუბრიკა „გალილეო“ ინტერნეტ-ძიების გიგანტში მიმდინარე ცვლილებაზე მოგითხრობთ, რომელსაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

„ღმერთის თამაში მოუნდა?“ „ჭეშმარიტება ღმერთში ეძებეთ და არა „გუგლში“ - ამგვარი ხასიათის სათაურები და ფრაზები მედიაში იშვიათობა არც აქამდე ყოფილა, მაგრამ ახლა ინტერნეტ-ძიების გიგანტის კრიტიკოსები განსაკუთრებით ახმაურდნენ. საქმე იმაშია, რომ მარტში „გუგლმა“ ძიების შედეგთა განლაგების სისტემის შეცვლა გადაწყვიტა. კომპანია ფიქრობს, რომ ბმულები იმის მიხედვით უნდა დალაგდეს, თუ რამდენად სანდოა ესა თუ ის წყარო, რამდენად ფაქტობრივ მასალას შეიცავს ის და ნაკლებად - გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

აქამდე „გუგლი“ ძებნის შედეგებს ინტერნეტში სხვა პრიორიტეტის მიხედვით ალაგებდა. სათავეში ექცეოდნენ იმ ვებგვერდების ბმულები, რომლებიც უფრო პოპულარულები იყვნენ და არა ისინი, რომლებიც მეტი სანდოობით გამოირჩეოდნენ. ჭორიკანა ვებგვერდები კი ძალიან ხშირად მეტი პოპულარობით სარგებლობენ და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებას კიდევ უფრო უწყობენ ხელს. „გუგლის“ მკვლევარების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტებით გამოვლინდა, რომ პოპულარობის სისტემით შერჩეული 85 ვებგვერდიდან სანდო რეპუტაცია საშუალოდ მხოლოდ 20 მათგანს ჰქონდა.

ეს სისტემა მთლიანად შეიცვლება. „გუგლის“ მკვლევარები ამბობენ, რომ ცრუ ინფორმაციის შემცველი ვებგვერდები ძიების სათავეში აღარ მოექცევიან. თვალსაჩინოებისთვის მათ შემდეგი მაგალითი მოჰყავთ: თუკი გვერდი ამერიკის პრეზიდენტის დაბადების ადგილად კენიას ასახელებს და არა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ის ძიების შედეგების პირველი გვერდების ბმულებში ვეღარ მოხვდება.

გადაწყვეტილება თითქოს არც ისე წინააღმდეგობრივი უნდა იყოს, მაგრამ ზოგიერთი კრიტიკოსი „გუგლს“ სიმართლის განსაზღვრაზე ერთპიროვნული პრეტენზიის ქონაში და მისი მონოპოლიზების მცდელობაში ადანაშაულებს. სწორედ ამიტომ აბრალებენ კომპანიას, რომ ის თავს ჭეშმარიტებასთან, ერთგვარად ღმერთთან აიგივებს. ახალ მეთოდს ზოგიერთი მეცნიერიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. „გუგლის“ მიდგომამ შესაძლოა სამეცნიერო პროგრესი შეანელოს, ან „მეცნიერებაში შემდეგი რევოლუციის მოხდენა გაართულოს“, ვინაიდან დღევანდელი მიღწევების უმრავლესობა მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ადამიანმა დამკვიდრებულ აზრს კითხვის ნიშანი დაუსვა - განაცხადა „ფოქს-ნიუსთან“ საუბარში მერილენდის უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა პროფესორმა ჯიმ პურიტომ.

როგორ ფიქრობს „გუგლი“ ამ ცვლილების დანერგვას? ახალი ალგორითმი „პეიჯრენქი“ (PageRank) რომელსაც სახელი კომპანიის ერთ-ერთი დამაარსებლის, ლარი პეიჯის საპატივცემულოდ დაერქვა, ვებგვერდებს სანდოობის რეპუტაციის მიხედვით გაფილტრავს და დაალაგებს. ალგორითმის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია ჟურნალში New Scientist. თავად „გუგლი“ცვლილების გატარებას ჯერ არ ჩქარობს, ვინაიდან აცხადებს, რომ მეთოდი ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია და მეტ დასახვეწას საჭიროებს. მაგალითად, გაურკვეველია ის, თუ როგორ მოახერხებს სისტემა უახლეს ფაქტებთან და მიმდინარე თემებთან გამკლავებას.

XS
SM
MD
LG