Accessibility links

logo-print

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში კოლორადოელმა მამაკაცმა გონებით ხელის ორივე პროტეზის ერთდრულად ამოძრავება შეძლო

„ამერიკის ხმის“ რუბრიკა „გალილეო“ დღეს სამედიცინო ტექნოლოგიების დარგში მიღწეულ ახალ წარმატებას გაგაცნობთ. ყველასთვის უცნობი კოლორადოს შტატის ერთი რიგითი მოქალაქე ლესლი ბო ისტორიაში შევიდა, როგორც ადამიანი, რომელმაც გონებით ხელის ორივე პროტეზის ერთდრულად გაკონტროლება შეძლო.

ლესლი ბომ ორივე ზედა კიდური მკლავის ჩათვლით, მხრებამდე, 40 წლის წინ მომხდარი ელექტროავარიის შედეგად დაკარგა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მომზადებული ექსპერტიმენტისთვის მას საგანგებო ოპერაცია ჯერ კიდევ ივნისში ჩაუტარდა. ოპერაციის მიზანი კუნთების ე.წ. რეინერვაცია იყო. ეს არის ქირურგიული პროცედურა, რომელიც ნერვული უჯრედების საშუალებით ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან ქსოვილების კავშირის აღდგენას ისახავს მიზნად. ინოვატორული ოპერაცია პროტეზის გონებით, ფიქრით მართვის საშუალებას იძლევა.

„ოპერაციაზე რომ შევდიოდი, ვიცოდი, რომ ჩემს გულ-მკერდში ნერვების გადაადგილება მოხდებოდა. პირველი, რაც ოპერაციის შემდეგ მაგონდება, არის ტკივილი, რომელიც მანამდე არასოდეს მქონია“ - ყვება ლესლი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ მომზადებულ ვიდეოსიუჟეტში, რომელიც 16 დეკემბერს სოციალურ ქსელ „იუთუბზეც“ გავრცელდა (სათაურია Amputee Makes History with APL’s Modular Prosthetic Limb).

ოპერაციის შემდეგ ლესლის სპეციალური ტრეინინგები ჩაუტარდა. ექსპერიმენტს მერილენდის შტატის ქალაქ ლორელში მდებარე უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორია კურირებდა. ლესლი ამბობს, რომ როგორც კი ტრეინინგები დასრულდა და მას დამოუკიდებლად ფუნქციონირების საშუალება მიეცა, ის „სრულიად ახალ სამყაროში“ აღმოჩნდა. მან გონებით ორივე ხელის კონტროლი შეძლო და რამდენიმე ფუნქციის ერთდროულად შესრულება დაიწყო. მაგალითად, თაროდან აიღო ცარიელი ჭიქა და გადადო ის მეორე, უფრო მაღალ თაროზე. მეცნიერების თქმით, ამ დავალების შესრულებისთვის მას 8 სხვადასხვა მოძრაობის კოორდინირების კონტროლი დასჭირდა.

მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვილი პროტეზის ერთ-ერთი შემქმნელი კორტნი მორანი ამბობს, რომ ლესლის მიერ დროის მოკლე ინტერვალში ბევრი სხვადასხვა მოძრაობის კონტროლის ათვისების უნარმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. „საოცრებაა და ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა ის, რომ მან ორივე ხელის კონტროლი ერთდროულად მოახერხა. ეს გონებით ორი კიდურის პროტეზების ერთდროულად მართვის პირველი შემთხვევაა“ - ამბობს კორტნი მორანი.

მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და ის, რასაც ლესლიმ მიაღწია, მარტო პირველი 10 დღის ტრეინინგების შედეგია. ისინი დარწმუნებული არიან, რომ მომდევნო 5-10 წლის მანძილზე მეცნიერება ამ მიმართულებით ფენომენალურ პროგრესს მიაღწევს. მომდევნო ეტაპზე პაციენტი ზედა კიდურების ახალი პროტეზებით შინ ბრუნდება და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირებას შეეცდება. თავად ლესლი მოუთმენლად ელის იმ დღეს, როცა ყველაზე მარტივი ფუნქციების ძალდაუტანებლად შესრულებას შეძლებს. იმას, რასაც ადამიანთა უმეტესობა ვერც კი ხვდება, თუ რამხელა ფუფუნებაა.

XS
SM
MD
LG