Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხურჩაში მომხდარი მკვლელობა იყო მთავარი საკითხი გალის შეხვედრაზე


გალის შეხვედრის მონაწილეები
გალის შეხვედრის მონაწილეები

გალის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისში კვლავ შეიკრიბნენ საქართველოს ხელისუფლების, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის, რუსეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და გაეროს წარმომადგენლები.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ბერაიამ ხუთსაათნახევრიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართულმა მხარემ მთავარ თემად ისევ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის გადმოცემის საკითხი დააყენა:

„მოვითხოვეთ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი, რათა ის წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. ასევე ვთქვით, რომ აუცილებელია ამ პირის დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც არის ჩვენი პრინციპული მოთხოვნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს - მათ შორის, საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს - გავუზიარეთ და მივაწოდეთ საგამოძიებო მასალები - დეენემის ანალიზის შედეგები, ბალისტიკური ექსპერტიზისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები. შესაბამისად, ველოდებით მათგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება“.

ველოდებით მათგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება...
ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაიასავე განმარტებით, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლისთვის სასამართლოს მიერ შინაპატიმრობის მისჯის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. ამაზე მეტად დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენელთა პოზიცია ირაკლი ბერაიას არ დაუკონკრეტებია:

„აღნიშნული პირი იმყოფება შინაპატიმრობაში, რომელიც მას შეუფარდა ე. წ. სამხედრო სასამართლომ. ჩვენი რეაქცია, ბუნებრივია, ადეკვატური იყო და ხაზგასმით აღვნიშნეთ დე ფაქტო ხელისუფლებისა და, პირველ რიგში, საოკუპაციო ძალების წინაშე, რომ მსგავსი მიდგომა და მსგავსი რეაქცია მათი მხრიდან არის მიუღებელი. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხის დაყენებას. იცით, რომ ის მკაცრად იყო დაყენებული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო რაუნდზე, სადაც ხაზგასმით იქნა აღნიშნული ბრალდებული პირის დასჯის აუცილებლობა, რასაც მხარი დაუჭირეს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა“.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავებისა და თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვის ფაქტებზე. ირაკლი ბერაიას სიტყვებით, საუბრის თემა იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი ლუკავას საკითხიც.

მოვითხოვეთ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი, რათა ის წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. ასევე ვთქვით, რომ აუცილებელია ამ პირის დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც არის ჩვენი პრინციპული მოთხოვნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი...
ირაკლი ბერაია

გიორგი ლუკავა მიმდინარე წლის 10 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლების მიერ გადმოცემულ 8 ქართველ პატიმართა შორის უნდა ყოფილიყო, თუმცა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ლუკავას გადმოცემაზე, მისთვის გაურკვეველი მიზეზებით, აფხაზურმა მხარემ უარი თქვა.

ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ, დღეს მეორედ შეიკრიბნენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით შექმნილი ჯგუფები. 27 მაისის შეხვედრაზე საუბრის თემა იყო სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან გიგა ოთხოზორიას მკვლელობა. სწორედ ეს გახდა შეწყვეტილი დიალოგის დაჩქარების მიზეზი.

გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია რამდენიმე გასროლით მოკლეს 19 მაისს აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან. გარდაცვლილის ახლობლებისა და ოჯახის წევრთა ინფორმაციით, გასროლა დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრესა და გარდაცვლილს შორის შელაპარაკებას მოჰყვა. ახალგაზრდა მამაკაცი გალში პროდუქტების შეტანას ითხოვდა, რაზეც ვერ შეთანხმდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG