Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის შეხვედრა - გაირკვა საოკუპაციო ხაზთან დაკავებულების ადგილსამყოფელი


გალის შეხვედრა
გალის შეხვედრა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ დაადასტურა დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ 24 აპრილს გამოქვეყნებული ცნობა, რომ 20 დღის წინ აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან დაკავებულ მამა-შვილს სოხუმის სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ეს ინფორმაცია კახაბერ ქემოკლიძემ გალის შერეული შეხვედრის დასრულების შემდეგ ენგურის ხიდთან გააცნო დაკავებული არჩიკო და პაატა როგავების ნათესავებს. მისი სიტყვებით, როგავების საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად იყო განხილული:

„მამა-შვილ როგავებს დე ფაქტო ხელისუფლება ედავება ორი მიმართულებით: ერთი არის ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდება და მეორე, რომ შვილს, პაატა როგავას, ედავება დაკავების პროცესში ძალის გამოყენებას. მათი თქმით, პაატა როგავამ გამოიყენა ძალა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელს. მათი განცხადებით, დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მათივე მტკიცებით, როგავების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ნორმალური და ისინი იმყოფებიან სოხუმში, ე.წ. წინასწარი დაკავების იზოლატორში“.

კახაბერ ქემოკლიძისავე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველაფერს გააკეთებს ამ ადამიანების უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.

კახაბერ ქემოკლიძის მიერ მიწოდებული ინფორმაციის არ სჯერათ დაკავებულთა ოჯახის წევრებს. მათი განცხადებით, თუ ცენტრალური ხელისუფლება არ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს და უახლოეს მომავალში არ გაათავისუფლებენ მამა-შვილს, ენგურის ხიდზე საპროტესტო გამოსვლებს დაიწყებენ. არჩიკო როგავას შვილის, თინათინ როგავას, სიტყვებით, სუსის თანამშრომელმა მასთან პირად საუბარში განაცხადა, რომ პატიმრობიდან გათავისუფლდება მისი მამა, არჩიკო როგავა, ძმა კი ჯერჯერობით - არა.

„გვითხრეს, რომ რუსი ოკუპანტი სასტიკად არის ნაცემი, ყბა აქვსო გატეხილი. ამას გვეუბნებიან, მაგრამ ეს არც ერთი არ მჯერა, იმიტომ რომ ეს შეუძლებელია. რუს ოკუპანტს ჩემი ძმა, ერთი ადამიანი, როგორ დაესხა თავს?“, - განაცხადა თინათინ როგავამ.

პაატა და არჩიკო როგავები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მკვიდრნი არიან. მათი ოჯახის წევრთა სიტყვებით, მამა-შვილი მდინარე ენგურის სანაპიროზე დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრეებმა მაშინ დააკავეს, როცა ისინი ცხენს ეძებდნენ.

მამა-შვილი როგავების პარალელურად, გალის შეხვედრაზე კიდევ ერთი პატიმრის, გიორგი ლუკავას, საკითხი განიხილეს. როგორც კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა დრანდის ციხეში მყოფი უკანონო პატიმრის, გიორგი ლუკავას, ოჯახს მისი მონახულების უფლებას აძლევს.

„მათ დააფიქსირეს, რომ ოჯახის წევრებს აქვთ საშუალება მოინახულონ გიორგი ლუკავა. მათ აღნიშნეს, რომ ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს და მეუღლეს შეუძლია მოინახულოს მისი ოჯახის წევრი ე.წ. ციხეში“, - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

აფხაზური მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ლუკავას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი პარტიზანულ დაჯგუფება „ტყის ძმებთან“ კავშირისა და ადამიანის მკვლელობის ბრალდებით. ამ ინფორმაციას არ ეთანხმება მისი ცოლი. ლალი ბასარიამ ჟურნალისტებთან საუბარში არაერთხელ განაცხადა, რომ გიორგი ლუკავას „ტყის ძმებში“ ერთი დღე არ მიუღია მონაწილეობა და რეალურად ის ირიცხებოდა გარნიზონის სამხედრო კომენდატურაში“.

დე ფაქტო რესპუბლიკის იზოლატორებში მყოფი უკანონო პატიმრების საკითხის პარალელურად, გალში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ შეხვედრაზე დღეს სუსის წარმომადგენლებმა კვლავ დააყენეს 2016 წლის 19 მაისს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულის გადმოცემის საკითხი. კახაბერ ქემოკლიძის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ გაგრძელდება. მისი ცნობით, საუბარი შეეხო ასევე ე.წ. მოსაზღვრე სოფლებში ადგილობრივებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების უსაფრთხოდ დამუშავების საკითხს. კახაბერ ქემოკლიძის სიტყვებით, დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ მიმართულებით არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.

გალში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების“ მორიგი შეხვედრა 31 მაისს ჩაინიშნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG