Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის მორიგ შეხვედრაზე კვლავ განიხილეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი


გალის შეხვედრის მონაწილენი
გალის შეხვედრის მონაწილენი

ოკუპირებულ ქალაქ გალში გაიმართა მორიგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა შეხვედრის მონაწილე, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კახაბერ ქემოკლიძე. მისი თქმით, დღესაც აქტიურად განიხილავდნენ 19 მაისს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მომხდარ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს. ქემოკლიძემ აღნიშნა, რომ ამ თემაზე მიმდინარეობს აქტიური საუბრები, რათა ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას გადმოსცენ, თუმცა ამ კუთხით განსაკუთრებულ ცვლილებებზე სუს-ის წარმომადგენელს დღეს არ უსაუბრია. მისივე თქმით, კვლავ გრძელდება მუშაობა მასალების გაცვლასთან დაკავშირებით.

გალში რიგით მეექვსე შეხვედრა გაიმართა
please wait

No media source currently available

0:00 0:03:53 0:00
გადმოწერა

დღევანდელ შეხვედრაზე გაირკვა, რომ ზაზა წულუკია, რომლის ბედიც 2012 წლიდან გაურკვეველი იყო, გარდაცვლილია. კახაბერ ქემოკლიძის სიტყვებით, შეხვედრაზე მას განუმარტეს, რომ წულუკიამ „წინა წლებში“ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ის დაკრძალულია სოხუმში.

„ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალების გარკვევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. არსებობს მოსაზრება, რომ ის ე. წ. იზოლატორში გარდაიცვალა. ამ საკითხზე მუშაობა გრძელდება, მაგრამ ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანის ცხედრის გადმოსვენება მოხდეს, რათა ოჯახმა შესაბამისი წესით დაკრძალოს. მექანიზმი შემუშავებულია და კონსენსუსი შეხვედრის მონაწილეებს შორის შემდგარია. მათ შორის, დე ფაქტო სოხუმის წარმომადგენლების მიერ არის გაზიარებული და მოწონებული, რომ მოხდეს წითელი ჯვრის დახმარებით“, - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

გალის შეხვედრის მონაწილენი
გალის შეხვედრის მონაწილენი

რადიო თავისუფლების კითხვაზე, განიხილეს თუ არა დრანდის ციხეში მყოფი კიდევ ერთი პატიმრის, გიორგი ლუკავას, საკითხი, მან განმარტა, რომ ამჯერად ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. გიორგი ლუკავას დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლოს მიერ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, პარტიზანულ დაჯგუფება „ტყის ძმებთან“ კავშირისა და ადამიანის მკვლელობის გამო:

„ამ საკითხზე დღევანდელ შეხვედრაზე არ გვისაუბრია, მაგრამ, ამ შეხვედრის გამოკლებით, ბოლო სამი შეხვედრაა, გიორგი ლუკავაზე აქტიური დისკუსია მიმდინარეობს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს ყველა ის მასალა, რომელიც გიორგი ლუკავას საქმეს შეეხება. ჩვენ რამდენჯერმე დავაყენეთ მისი უპირობოდ გათავისუფლების საკითხი. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მნიშვნელოვანია, რომ სანამ ეს ადამიანი გათავისუფლდება, ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით იმყოფებოდეს იმ კონდიციებში, რომ მან ნორმალურად შეძლოს ყოფნა დრანდის ე. წ. იზოლატორში“.

დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, საოკუპაციო ზოლთან არსებულ ვითარებას, მათ შორის - მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვას. კახაბერ ქემოკლიძის თქმით, ცენტრალური ხელისუფლება იმედოვნებს, რომ დე ფაქტო მთავრობა შეასრულებს დაპირებას და მოსწავლეებს არ შეეზღუდებათ გადაადგილების უფლება.

მომდევნო შეხვედრა „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში 24 იანვარს გაიმართება. კითხვის პასუხად, თუ რატომ არ დაიგეგმა შეხვედრა დეკემბრის თვეში, კახაბერ ქემოკლიძემ აღნიშნა, რომ დეკემბერში ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდია ჩანიშნული და ერთადერთი მიზეზი მხოლოდ ეს არის.

ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ გალის შეხვედრების ფორმატი მაისის თვეში აღდგა. მას შემდეგ დღეს რიგით მეექვსე შეხვედრა შედგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG