Accessibility links

logo-print

28 ოქტომბერს, თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და გაერთიანებული პროფკავშირის ინიციატივით გაიმართა გამაფრთხილებელი აქცია, რომლითაც მისი მონაწილეები მთავრობისგან მოითხოვდნენ შრომის პოლიტიკის დაუყოვნებლივ გადახედვას და ეფექტიანი შრომის ინსპექციის შექმნას. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 2011-2015 წლებში საწარმოო ტრავმების შედეგად 212 ადამიანი დაიღუპა და 691 დაშავდა. ბოლო ათ დღეში კი სამუშაო ადგილზე ამავე მიზეზით ოთხი ადამიანი დაიღუპა.

„დღემდე დასაქმების ადგილებზე იღუპებიან ადამიანები, რომლებიც საარსებო მინიმუმის გამომუშავებისათვის, ეკონომიკური სიდუხჭირისგან თავის დასაღწევად თანხმდებიან მძიმე შრომით პირობებს, სადაც შრომითი ექსპლუატაცია, ზეგანაკვეთური სამუშაო, დაბალი ხელფასი და მინიმალური სოციალური გარანტიებია“, – აცხადებენ 28 ოქტომბრის აქციის მონაწილენი, რომლებიც მთავრობისგან შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შეცვლას მოითხოვენ.

ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ არა დასაქმების პოლიტიკაზე, არამედ დასაქმებულების სიცოცხლის უფლებაზე. სწორედ აქამდე მიიყვანა ეს ქვეყნის მიერ არჩეულმა არასწორმა კურსმა, რომელიც სრულად არის ორიენტირებული კერძო კომპანიაზე...

„სამი გარდაცვლილი რკინიგზაში – 2016 წელი“, „დერეგულაციის პოლიტიკა სპობს მშრომელთა სიცოცხლეს“, „დასაქმებული საფრთხეშია“ – ამ შინაარსის პლაკატებით მივიდნენ მთავრობის კანცელარიასთან საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“, აუდიტორია 115-ის, „ახალგაზრდა მწვანეების“, „მწვანე მუშტის“, „ირიბი მოქმედების თეატრის“, „ქალთა მზერის“, „პრაქსისის“, „თბილისის სოლიდარობის ქსელის“, „თვითორგანიზების ქსელისა“ და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრები და კიდევ ერთხელ მოითხოვეს მშრომელთა უფლებების დაცვა.

რეალური ბერკეტების მქონე შრომის ინსპექციის შექმნას დიდი ხანია მოითხოვს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირიც. ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ, გოჩა ალექსანდრიამ, რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ ხელისუფლებამ როგორმე უნდა დაინახოს პრობლემა – ხალხი მშვიდობიანობის დროს სამუშაო ადგილებზე იღუპება.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ, ერთხელ და სამუდამოდ, პარლამენტში შევიდეს კანონი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის შესახებ სამუშაო ადგილზე, მასში ჩადებული იყოს კანონიერად გარანტირებული შრომის ინსპექციის უფლებები, შრომის ინსპექციას მიეცეს სანქციების გაცემის უფლება, ასევე შეეძლოს კერძო თუ სახელწიფო საწარმოში დაგეგმილად თუ დაუგეგმავად შევიდეს და შეამოწმოს შრომის უსაფრთხოებისა და შრომის ბაზისური პირობები – სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური ანაზღაურება, შვებულების უფლებით სარგებლობის საკითხი და ა.შ“.

ლინა ღვინიანიძე

ლინა ღვინიანიძე

მშრომელთა უფლებების აქტიური ქომაგი ორგანიზაციის,„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლის, ლინა ღვინიანიძის განცხადებით, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მთავრობის მიმართ შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შეცვლაა. უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, სამუშაო ადგილებზე ოთხი ადამიანის სიკვდილი, მისი თქმით, უკვე მერამდენედ ადასტურებს ცვლილების საჭიროებას. სახელმწიფოს აღარ აქვს მეტი დრო, – ამბობს ლინა ღვინიანიძე:

„სახელმწიფოც აღიარებს იმას, რომ ეს მექანიზმი არ არის ეფექტური და ქმედითი, თუ სახელმწიფოს წელიწადნახევრის წინ ჰქონდა არგუმენტი, რომ მას პილოტური რეჟიმი ესაჭიროებოდა, რადგან არ ჰქონდა გამოცდილება, ახლა ეს არგუმენტი ვეღარ გამოდგება, მას ეწურება ამ არგუმენტებით საუბრის დრო. გარდა ამისა, ვფიქრობ, საზოგადოებრივი პროტესტიც უფრო ძლიერდება, რაც დრო გავა, კიდევ უფრო გაძლიერდება ევროკავშირის ზეწოლაც სახელმწიფოზე – შექმნას შრომის ინსპექცია“.

ქვეყანაში არსებულ შრომის პოლიტიკაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ – ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი ბექა წიქარიშვილიც.

„ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ არა დასაქმების პოლიტიკაზე, არამედ დასაქმებულების სიცოცხლის უფლებაზე. სწორედ აქამდე მიიყვანა ეს ქვეყნის მიერ არჩეულმა არასწორმა კურსმა, რომელიც სრულად არის ორიენტირებული კერძო კომპანიაზე“.

აქციას 28 ოქტომბერს შეუერთდა „ლაბორატორია 115“-ც. როგორც მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი, ნათია ქარჩილაძე გვეუბნება, სტუდენტებსაც, სტუდენტობის პერიოდში, საკმაოდ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა სწავლის საფასურის გადასახდელად. ამიტომ, ამ აქციაში მონაწილეობა მათი მხრიდან არ არის მხოლოდ სოლიდარობა, ეს, ნათიას თქმით,საერთო ბრძოლაცაა.

ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას უკვე არაერთი წელია მოითხოვს სახალხო დამცველი. ერთ-ერთი პირველი რეკომენდაცია ამ კუთხით საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს 2013 წელს გაეგზავნა, თუმცა მას შემდეგ ყველა ანგარიშში მეორდება იგივე რეკომენდაცია. როგორც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა თათული თოდუამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ჯერჯერობით, კონკრეტული შედეგი არ ჩანს.

სახელმწიფო ყველა ასეთ დისკუსიაში უთითებს, რომ საქართველოში არსებობს შრომის ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამა, თუმცა სახალხო დამცველის აპარატი ამ მექანიზმის მუშაობას არ აფასებს ეფექტიანად და აცხადებს, ამ პროგრამას, მშრომელთა უფლებების გაუმჯობესების თვალსაზრისით, რეალური შედეგები არ მოაქვს. თათული თოდუამ ისიც აღნიშნა, რომ კერძო ბიზნესის ინტერესების დამცველი არგუმენტების მოყვანა მაშინ, როდესაც სასწორის მეორე მხარეს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე დევს, შეუსაბამოა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ახალი პარლამენტის შეკრებისთანავე აქციები კვლავ გაგრძელდება და უფრო ფართომასშტაბიან ხასიათს მიიღებს.გავიხსენოთ ისიც, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტზე, თუ მას მთავრობა დადებითად შეაფასებს, სწორედ ახალი მოწვევის პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. ახალი კანონპროექტის მიხედვით კი, შრომის ინსპექტორების ჯგუფს საწარმოს გაუფრთხილებლად შემოწმების უფლება მიენიჭება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG